სამხედრო კუთხით, ინსტიტუციებს შორის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძლიერია. ამ სფეროში უკუსვლა არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე და ხელისუფლებასთან მიმართებით ნატო-ში ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება საქართველოზე არა იმდენად უშუალოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან მიმართებით, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
კერძოდ, კევინ ჰამილტონმა უპასუხა კითხვას: „თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული შეფერხებები იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. რა იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ის ნაბიჯი, რასაც ნატო აღიქვამდა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯად?“
„ნება მიბოძეთ, ცოტა შორიდან მოვუარო თქვენი შეკითხვის პასუხს. ალიანსისთვის რაც არის პირველი პრინციპი – სამხედრო კუთხით თანამშრომლობა, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა, ნატო-სა და საქართველოს შორის ძლიერია, გრძელდება და ამ სფეროში უკუსვლა ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ პოლიტიკურ დონეზე და ხელისუფლებასთან მიმართებით ნატო-ში ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება, რაც ხდება აქ შიდა პოლიტიკაში, ბოლო რამდენიმე წელია და რაც გვსმენია არა იმდენად უშუალოდ ნატო-სთან მიმართებით, არამედ დასავლეთთან, ევროკავშირთან დაკავშირებით. ეს ორი ინსტიტუტი განუყოფელია, მიუხედავად იმისა, რომ ორი სხვადასხვა ორგანიზაციაა, სხვადასხვა ინტერესის სფეროთი. ევროკავშირის 23 წევრი ასევე ნატო-ს მოკავშირეა. ასე რომ, ჩვენი იმედი, მოლოდინია, საქართველოს მთავრობა მზად იყოს უფრო ყოვლისმომცველ დიალოგში ჩასართავად ისე, რომ ურთიერთობები ძველ ნიშნულზე დავაბრუნოთ“, – განაცხადა კევინ ჰამილტონმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, – „თქვენს ამ შეშფოთებებსა და მოლოდინებთან დაკავშირებით მიიღეთ თუ არა პასუხი, მაგალითად, გუშინდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრისგან? – კევინ ჰამილტონმა განაცხადა:
„ნამდვილად მოვისმინე ღიაობა ამ წინადადებებზე, გამამხნევებელი იყო, რაც მოვისმინე“.

