ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026

კახა კალაძე – 2008 წლის ომის დროს ბერლუსკონისთან მოვითხოვე შეხვედრა, მას ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პუტინთან, დამპირდა, რომ მაქსიმუმს გააკეთებდა, უბრალოდ, მოვყევი ფაქტი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განმარტება გააკეთა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გარდაცვლილ სილვიო ბერლუსკონისთან 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის დროს კომუნიკაციის შესახებ, რაზეც საუბარია იტალიური La Gazzetta dello Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კალაძის თქმით, ეს არის სიმართლე და ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო იმ ტრაგედიასთან, რაც 2008 წელს საქართველოში  ხდებოდა.

„სააკაშვილის დროინდელმა თანამდებობის პირებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ქილიკი დაიწყეს, თითქოს მე გამიჩერებია ომი, თანაც ქილიკობს ის, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რაც ომთან იყო დაკავშირებული, მათ მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვეს. იმ პოლიტიკით, რასაც კონკრეტული პარტია და კონკრეტული პოლიტიკოსები აკეთებდნენ საქართველოს ძალიან დიდი უბედურება მოუტანეს. ჯერ საქილიკო რა არის? არსებობს ვიდეოები ომის დღეებში, რა დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორ იცინოდნენ მთავრობის სხდომებზე და აქ გვაზეიმეს რუსთაველზე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ცხედრები არ გვყავდა გამოსვენებული. ვფიქრობ, ამ ადამიანებს საქილიკო არაფერი აქვთ, ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრაზე საუბრისას, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მის სახლში შედგა და მან სთხოვა პრემიერ-მინისტრს, თუ რაიმე რესურსი გააჩნდა, ჩართულიყო, რათა ომი შეჩერებულიყო.

„რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ეს არის სიმართლე. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, „მილანში“ ვთამაშობდი, რა თქმა უნდა, უმძიმესი იყო ჩემთვის იმ კადრების ყურება, რაც დაკავშირებული იყო ომთან, გარდაცვლილ ადამიანებთან, ჩემს ქვეყანასთან, დაღუპულ ჯარისკაცებთან.

მე, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ მოვიწვიე პრესკონფერენცია და ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, მოვუწოდებდი, შეჩერებულიყო ის უბედურება და ტკივილი, რაც ხდებოდა. მეორე, მაშინ ბერლუსკონი გახლდათ იტალიის პრემიერ-მინისტრი და მარტივი არ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ყოველდღიური შეხვედრა, ამიტომ ვითხოვე მასთან შეხვედრა. ეს შეხვედრა მის სახლში მოხდა, მივედი და ვთხოვე, რომ თუკი რაიმე რესურსი გააჩნდა, ჩართულიყო ომის შესაჩერებლად. მას ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ის დამპირდა, რომ აუცილებლად მაქსიმუმს გააკეთებდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, მართლაც, მოხდა აღნიშნული შეთანხმება და ეს ფაქტი გავიხსენე, როდესაც ვსაუბრობდი მის ადამიანობაზე. ის დიდი ადამიანი იყო, არა მხოლოდ როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ პირველ რიგში, იყო ადამიანი და კაცი. ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ. მე არ ვახსენე, როგორ დამიდგა გვერდით, როდესაც ჩემი პირადული, ოჯახური ტრაგედია მოხდა, უბრალოდ, მოვყევი ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემს სამშობლოსთან და იმ ტრაგედიასთან, რომელიც 2008 წელს ხდებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პეტერ მადიარი – ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას

ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა და ქვეყნის მომავალმა პრემიერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.პეტერ მადიარმა მის წინამორბედს თანამდებობის დატოვებამდე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდა.„ვიქტორ ორბანმა სესხი დეკემბერში დაამტკიცა, საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ნავთობი ვიდრე არ იქნება, ფულიც არ იქნება“, – აღნიშნა მადიარმა.მისივე თქმით, ნავთობის მიწოდების აღდგენა უნგრეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.პეტერ მადიარმა ასევე უახლოეს მომავალში რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების სახით იმოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, „დრუჟბა“ მუშაობას თუ განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს მოხსნის“, – განაცხადა მადიარმა.ცნობისთვის, ფინანსურ სქემაზე ევროკავშირის 27 ლიდერი დეკემბერში შეთანხმდა, თუმცა პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თებერვლის შუა რიცხვებში სამართლებრივი პროცედურის დასაბლოკად ვეტო გამოიყენა. ამის მიზეზი კიევთან არსებული დავა გახდა, რომელიც „დრუჟბას“ ეხება. სწორედ ამ ნავთობსადენის მეშვეობით მიეწოდება უნგრეთს რუსეთიდან დაბალ ფასად ნავთობი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ონლაინ პლატფორმებისთვის ასაკის დადასტურების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე ხელმისაწვდომი იქნება

ევროკავშირის ონლაინ პლატფორმებისთვის ასაკის დადასტურების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.ევროკავშირი შექმნის ევროპულ კოორდინაციის მექანიზმს, რათა ასაკის დადასტურება უზრუნველყოფილი იყოს შესაბამის ეროვნულ სქემებში.„პირველ რიგში, ის მომხმარებლისთვის მოსახერხებელია. თქვენ ატვირთავთ აპლიკაციას, აყენებთ მას თქვენი პასპორტით ან პირადობის მოწმობით. შემდეგ თქვენ ადასტურებთ თქვენს ასაკს ონლაინ სერვისებზე წვდომისას. მეორეც, ის პატივს სცემს მსოფლიოში უმაღლეს კონფიდენციალურობის სტანდარტებს. მომხმარებლები დაამტკიცებენ თავიანთ ასაკს სხვა პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ის სრულიად ანონიმურია. მომხმარებლების თვალყურის დევნება შეუძლებელია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს აპლიკაცია მშობლებს, მასწავლებლებსა და მზრუნველებს ბავშვების დასაცავად ძლიერ ინსტრუმენტს აძლევს.„ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობა გვექნება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც არ სცემენ პატივს ჩვენი შვილების უფლებებს. ევროპის კავშირში ბავშვთა უფლებები კომერციულ ინტერესებზე მაღლა დგას და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ასე იყოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შალვა პაპუაშვილი – წლებია, ეკლესიის მიმართ „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებას ვაკვირდებით, ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით კამპანიას პატრიარქის, მოსაყდრის, ეკლესიის წინააღმდეგ

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, ამას, წლებია, ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით, გაშავების რა კამპანია ჰქონდათ პირდაპირ, პერსონალურად პატრიარქის, მოსაყდრის, ცალკეული მეუფეების, ეკლესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს ჟურნალისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.„ვიცით, როგორი არის მათი დამოკიდებულება და მტრული პოლიტიკა. ამის ყველაზე დიდი დასტურია ის, რაც ხდებოდა გვარამიას ტელევიზიაში, რაც ხდება დღეს მათ სხვადასხვა ტელევიზიაში. ამიტომ ასეთი საუბარი მხოლოდ ერთ მეთოდს გვახსენებს, ეს არის ჩახუტებით დახრჩობა – ვითომ სიახლოვე გამოიჩინონ და სინამდვილეში უმტრონ ქართულ ეკლესიას. ამას თუ აპირებენ, არ ვიცი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს. არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

გიორგი ვაშაძე – მსოფლიოში ყველა მაგალითი უნდა გავიზიაროთ, მაგრამ უკეთესი გავაკეთოთ, საქართველოში იქნება ქართული მიდგომები, რომელსაც მე ვეძახი იუსტიციის სახლის მიდგომას

ყველასთვის მაქვს შეთავაზება, რასაც ვეძახი იუსტიციის სახლის მიდგომას, ანუ მთელ მსოფლიოში საუკეთესო მაგალითებს ვნახულობთ და ვაკეთებთ იმაზე უკეთესს, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში იქნება ქართული მიდგომები, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებას მოუტანს.„ჩვენ გვექნება კიდევ უფრო უკეთესი მიდგომები, ვიდრე სხვა ქვეყნებს ჰქონიათ. ეს იქნება ქართული მიდგომები, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებას მოუტანს. მოვა დრო, ამ რეჟიმს ისევე ჩავაბარებთ წარსულს, როგორც ორბანი ჩაბარდა წარსულს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა მაგალითი უნდა გავიზიაროთ, მაგრამ უკეთესი გავაკეთოთ, რადგან განსხვავებული გარემო გვაქვს და ამას ე.წ. იუსტიციის სახლის მიდგომით აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიგა ბოკერია – არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება

უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებითი განსხვავებებია, მაგრამ ნებისმიერი წარმატებული კამპანია, ისეთი, როგორიც უნგრეთში ოპოზიციას ჰქონდა და გამარჯვება, რა თქმა უნდა, მაგალითია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.გიგა ბოკერია აცხადებს, რომ იზიარებს იმ გზას, რაზეც თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობდა.„ალიანსის ხედვაში, რომელიც წარმოვადგინეთ, არის მიქალაქეების იმ ხარისხის უმრავლესობის პოზიციის ჩამოყალიბება, ცვლილებების აქტიური მხარდაჭერის, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი, არა თუ ისეთი, რომელიც რომელიმე ევროპულ ქვეყანაში შეიძლება ყოფილიყო, არამედ აშკარა დიქტატორული კონტურების მქონე ივანიშვილის რეჟიმიც ვერ გაუძლებდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.კითხვაზე, როგორც მოხერხდება არჩევნებამდე ხელისუფლების შეცვლა, როგორც ამას თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება.„ყველაზე რელევანტური მაგალითი ჩვენივე ისტორიიდან არის საბჭოთა კომუნისტიური რეჟიმის დამარცხება, რომელიც არჩევნებით გაფორმდა, რომელშიც ეროვნულმა მოძრაობამ „მრგვალი მაგიდის“ ლიდერობით გაიმარჯვა, მაგრამ გარდატეხა მოხდა იქამდე და იმ ხარისხის გარდატეხა იყო, როცა საბჭოთა კომუნისტურ რეჟიმს ვითარების კონტროლი აღარ შეეძლო. ამას უნდა მივაღწიოთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „პეტერ მადიარმა უნგრეთში არჩევნები რითაც მოიგო, ჩვენ უკვე გავწერეთ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზეც ცხრა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით. არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი არჩევნებზე ვერ გააყალბებს“.

ბოლო სიახლეები