ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას მოუწევს იმაზე ფიქრი, რომ ავტოპარკი განაახლოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გამონაბოლქვის თვალსაზრისით პრობლემას მუნიციპალური ყვითელი ავტობუსებიც ქმნიან.
„არამხოლოდ ეს კომპანია, არამედ ჩვენს, მერიის საკუთრებაში არსებული ყვითელი ავტობუსები გამონაბოლქვის თვალსაზრისით ქმნიან სერიოზულ პრობლემას. ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას აუცილებლად მოუწევს იმაზე ფიქრი, რომ პარკი განაახლოს. მაღალი კონკურენცია და მოთხოვნები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, თუ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას სამომავლოდ პრობლემები შეექნება, რადგან კონკურენციას ვერ გაუწევენ ახალ ევროპულ ავტობუსებს, რომელსაც მერია შემოიყვანს.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, სამარშრუტო მიკროავტობუსების ნახევარზე მეტმა ტექდათვალერება ვერ გაიარა. მაგალითად, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე 159 ყვითელი სამარშრუტო ტაქსიდან 90-ს დარღვევები აღმოაჩნდა.