ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

კახა კალაძე – ყველამ უნდა გაითავისოს, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, რომ საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა

არავის საქმე არ არის, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა არჩეული, რა კანონებს მიიღებს, არც ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის და არც თანამდებობის პირების, – ასე გამოეხმაურა დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

„ყველაფერი გასაგებია, თუ როგორ მოქმედებს ბოროტი ძალა – ზოგიერთი ე.წ. ბიუროკრატი, რა არის მათი მთავარი მიზანი და ამოცანა საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ვერ დაიმონეს, ვერ გამოიყენეს მათი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით მოხდა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ „უკრაინიზაცია“ არ მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები. რა თქმა უნდა, გამწარებულები არიან, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ გამოიყენეს. იმიტომაც კეთდება მსგავსი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და შემოვიდეს მსჯელობაში, თუ რა კანონს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით უნდა შეიცვალოს.

„პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება, რომელიც დღეს არსებობს, შესაცვლელია. ყველამ უნდა იცოდეს და გაითავისოს, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, რომ საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს. ყველამ მიხედოს თავის სახელმწიფოს, თავიანთ ქვეყანას. ჩვენ არსად გადაგვიხვევია, პირველ რიგში ვიცავთ ქვეყანის მომავალს და მის სახელმწიფო ინტერესს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პოლიტიკა. მბრძანებლური ტონით საუბარი საქართველოსთან მიმართებით ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე „მეგობარი აქტის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ აქტს მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს არის პირდაპირი მტრობა საქართველოს წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, ამ აქტს ჰყავს თავისი ლობისტები, რომელთაც თანხას უხდიან და ეს დამალული არ არის. ჩვენ არაერთხელ ოფიციალურად დაგვიფიქსირებია, რომ მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე, ვფიქრობ, აშშ-სთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით სონღულაშვილი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის წარმოების პოტენციალის ათვისებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, კომპანიის „ივრის ფერმები“ ნუშის ბაღები დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მერნეობის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, კომპანია სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია , სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.„კომპანია „ივრის ფერმები“, რომელიც 2022 წელს დაარსდა, ორიენტირებულია კაკლოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე. დღეისათვის კომპანიის ნუშის ბაღები 350 ჰექტარს მოიცავს. დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის, წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.„ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით, ინტენსიურად დაიწყო კაკლოვანი კულტურების ბაღების გაშენება. ქართული თხილის, ნუშის და კაკლის წარმოება სულ უფრო მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქმნება სულ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზრებზეც, რაც ექსპორტის მაჩვენებლებში ისახება; შედეგად, ძლიერდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს. ჩვენი მიზანია, მეტი დოვლათის შექმნას შევუწყოთ ხელი, რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიის საფუძველია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.როგორც სამინისტრო წერს, კომპანია „ივრის ფერმები“ აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.„სამ წელიწადში შევძლებთ ექსპორტზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ბაღები სრულ მსხმოიარობას მიაღწევს, ჩვენი საექსპორტო მოსავლის რაოდენობა უკვე 800-900 ტონამდე გაიზრდება. ჩვენი საქმიანობით ვქმნით სამუშაო ადგილებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ნინო ცხადაიამ.

ალექსანდრე მეგუთნიშვილი: დავით კოდუამ მითხრა, ხომ იცი ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ისაუბრა.ალექსანდრე მეგუთნიშვილის განცხადებით, სოფელ წინანდალში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმრო რედისონის წინ მდებარეობს, 2009 წელს ძმებმა დავით და ერეკლე კოდუებმა დაიბარეს და აიძულებდნენ მის გაყიდვას 15 000 ლარად.„2004 წელს გადატრიალების შემდეგ მე ბიზნეს საქმიანობა დავიწყე ჩემს მეგობართან ელდარ მილდიანთან ერთად. 2009 წლის სექტემბერში ქარხანაში მოვიდა პიროვნება, ვინმე პაატა გოგიაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ კოდუებს დაასახელა ერეკლე და დათო ჩვენთან უნდოდათ გასაუბრება. ჩვენ მათთან არანაირი ბიზნეს გადაკვეთა არ გვქონია, გაგვიკვირდა კოდუებს ჩვენთან რა საქმე უნდა ჰქონოდათ. ერეკლე კოდუა იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე, დავით კოდუა კი ე.წ ბიზნესმენი, თუ რამე აქვთ მოპოვებული ყველაფერი წართმევით. მეორე დღეს ჩვენ უნდა შევხვედროდით მათ ქავთარაძეზე ლეჩკომბინატში. ჩამოვედით, შეგვიყვანეს კოდუას კაბინეტში. შესავალი იყო ასეთი თქვენ ხომ გვიცნობთ ჩვენ ვინ ვართ. დღეს ერეკლე კოდუამ, მეორე ძმამ ვერ შეძლო მოსვლა სამსახურებრივი სიტუაციიდან გამომდინარე და ჩვენ დათო კოდუა გველაპარაკებოდა, რომ ჩვენ გვქონდა წინანდალში საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას 3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი , რომელიც 2007 წელს იქნა აუქციონზე შეძენილი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეს წარმოადგენს სასტუმრო რედისონის წინა ეზოს. ტყესა და რედისონს შორის იყო ჩვენი 3 ჰექტარი ნაკვეთი. დავალება იყო ასეთი, რომ ეს ნაკვეთი უნდა გადაგვეფორმებინა მათთვის. ეს ის ნაკვეთია, სადაც დღეს ვენახია გაშენებული“,- განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.მეგუთნიშვილის თქმით, მას დავით კოდუა დაემუქრა "ხომ იცი ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთო".„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რადგანაც ვალი არავისი არაფერი გაგვაჩნდა. რატომ უნდა დამეთმო ეს ნაკვეთი. ვუთხარით რომ ჩვენ თავად გვქონდა მონახაზი და გვყავდა ბიზნეს პარტნიორიც, რომელსაც ველოდებოდით, ნაკვეთი გავასუფთავეთ თავის დროზე ბარდით და ჯაგით იყო სავსე. მათ თქვეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ და შემოგვთავაზეს 15 000 ლარი. რაზეც ჩემმა პარტნიორმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ფულს არ ავიღებდით. დავით კოდუამ მითხრა, ხომ იცი ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება ყველას კისრებს დავამტვრევთო. ეს ის პერიოდია როდესაც მათ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, რასაც უნდა იმას რომ აკეთებდნენ ის პერიოდია. ჩვენ ვუთხარით, რომ თანხა არ გვინდოდა და სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი მოეცათ. იქვე იყო პატარა ნაკვეთი და შევთავაზეთ იმაში გაეცვალათ. ორი დღის შემდეგ ჩამოგვიყვანეს ისევ ლეჩკომბინატში. გვითხრეს, რომ ის თქვენი დასახელებული ნაკვეთი პრეზიდენტს სჭირდება, სააკაშვილის გვარი ახსენა. თქვენ ხვალ ეს ნაკვეთი უნდა გადმოაფორმოთ ჩვენზე, თუ არა და ცუდადა წავა ეს საქმეებიო. ეს ყველაზე ცუდი პერიოდი იყო 2009 -2010 წლები, მათი გაფურჩქნის წლები. „ომი მოგებულია“, ნაზეიმარი აქვთ რასაც უნდა აკეთებდნენ“,- განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა

პაატა მანჯგალაძე – იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც ეჩქარება რეჟიმის მიერ გიორგი ვაშაძის დაპატიმრება, ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც...

იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც ეჩქარება რეჟიმის მიერ გიორგი ვაშაძის დაპატიმრება, ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, რეჟიმის ამოცანაა დროულად მოახდინოს კონკრეტული ლიდერების იზოლაცია და გათიშვა.„იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც ეჩქარება გიორგი ვაშაძის რეჟიმის მიერ დაპატიმრება, პირველი, გირაო არის წინასწარი აღკვეთის ღონისძიება რომ გაქცევას და დამალვას არ აპირებ. მეორე, ეს არ გათავისუფლებს რეჟიმის მიერ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნისგან. პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი არ მოგიწევთ ლოდინი. მესამე, რეჟიმის ამოცანაა დროულად მოახდინოს კონკრეტული ლიდერების იზოლაცია, გათიშვა პროცესისგან. უბრალოდ დაფიქრდით, თქვენც იგივე მიზნები და ამოცანები როგორ შეიძლება გქონდეთ. მეოთხე, პრინციპულობა ასევე ნიშნავს აკეთო ის, რაც სწორი გგონია და არა გადიხარ-გადმოიხარო ლერწამივით იმის მიხედვით, ვინ რას იტყვის. მეხუთე, ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.ცნობისთვის, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა. ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 15 აპრილს დაიბარეს, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა. გიორგი ვაშაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც გულისხმობს „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ალექსანდრე მეგუთნიშვილი – 18 კვადრატულ მეტრ კამერაში 35 პატიმარი იყო, 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს, შეიძლება ითქვას,...

გლდანის ციხეში რომ გადმოგვიყვანეს მე და ჩემი ბიძაშვილი, ლექსო მეგუთნიშვილი, სამი პოლიციელი ჩამომყვა. ვისაც ჩააბარეს ჩვენი დოკუმენტაცია, თელავის პოლიციელებმა უთხრეს, რომ მაგ განჩინებაში რაც წერია, ეგრე არ არის, გაითვალისწინეთო. მე შემიყვანეს პირველ კამერაში, კარანტინში, ჩემი ბიძაშვილი – მესამეში. კარი რომ გაიღო, ვიღაც ბიჭი იჯდა ჩაცუცქული, ეტყობა, კარის ღრიჭოსთან ჰაერს სუნთქავდა. კარი რომ გაიღო, წამოდგა და მითხრა, 35-ე ხარო, რაც ნიშნავდა, რომ 18 კვადრატულ მეტრ კამერაში 35 პატიმარი იყო. 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.ალექსანდრე მეგუთნიშვილმა დეტალურად გაიხსენა გლდანის ციხეში გატარებული პერიოდი და უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა.მეგუთნიშვილის განცხადებით, 16 დღე-ღამის განმავლობაში არ ეძინა და პატიმრების სიმრავლის გამო, მხოლოდ კედელზე მიყრდნობილი თუ ჩაიძინებდა.„ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი. ზოგან 40 კაცი იყო, ზოგან იმაზე მეტი. კარანტინში სულ შვიდი კამერაა, მაგრამ მხოლოდ სამი იყო დატვირთული, რომ სპეციალურად ვყოფილიყავით ასეთ სიტუაციებში, დანარჩენი ოთხი თავისუფალი იყო, თვითონ იმათი ნათქვამია. 16 დღის შემდეგ, ხელს რომ ვერ დაიბან, პირს რომ ვერ დაიბან, შეიძლებოდა, პურის ყუა მოგეტეხა, რაღაცები შემოდიოდა, მაგრამ არავინ არაფერს ჭამდა, ისეთი ანტისანიტარია იყო. რომელ კბილის ჯაგრისზე, რომელ დაბანაზეა ლაპარაკი? ეს ხომ გამორიცხულია. მარიამობას, 28 აგვისტოს ციხეში შევხვდი, შემოსული იყო გამომძიებელი, ვინმე ბერძენაშვილი და ერთი ადვოკატი იყო, რაღაცაზე მომაწერინეს ხელი. შემთხვევით ჩემი ნაცნობი შემხვდა, უკვე ექვსი თვე იქ იჯდა და რომ მნახა, გაუკვირდა. ვუთხარი, შენ თუ რამე შეგიძლია, იქნებ მაღლა კარანტინზე „ამომწიონ“, უკვე გაუსაძლისია, ფეხები მეკეცება-თქო. მე ყველა კარანტინის დაშლაზე გავყავდი, მცემდნენ და შემდეგ შემოვყავდი უკან. ასე იყო ცნობილი, რომ მეგუთნიშვილი დაბლა უნდა ყოფილიყო. 16 დღე-ღამე არ მეძინა, შეიძლება, ერთადერთი კედელზე ხელი მიმედო და ისე მივყუდებულიყავი, იქ ვერ დაიძინებდი, შუქი სულ ენთო, ან სად უნდა დაგვეძინა, საწოლებზე მორიგეობით წვებოდნენ და საწოლი ერქვა რკინის დაწნულ ბადეს. ამ დროის განმავლობაში 32 კილო დავიკელი. 16-17 დღის გასვლის შემდეგ, ამომიყვანეს კამერაში. E კორპუსი იყო, კამერა N 72. იქ ხუთი პატიმარი დამხვდა, მომეხმარნენ ბიჭები, გამომაცვლევინეს, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი. დილა გათენდა, ჯერ იმ ბიჭებთან დალაპარაკებულიც არ ვიყავი, კარი გაიღო და ოთხი შავ ფორმებში ჩაცმული, ნიღბიანი კაცი შემოვიდა, მეგუთნიშვილი რომელიაო და რატომღაც ჩავთვალე, ალბათ მიშვებენ-მეთქი და მე ვარ-თქო. შენ გვერდზე კამერაზე რა გადაძახილი გქონდაო, ჩამიყვანეს „ფუქსებში“ და დაიწყო იქ ჩემი წამება. შემდეგ კუდ-ში რომ მოვხვდი, ციხიდან როცა გამოვედი, იმ ფაშისტებში რომ მოვხვდი, ჩვენ ვაკონტროლებდით ყველაფერსო. ორ კვირაზე მეტი ისევ კარანტინში ვიყავი, „ფუქსებში“ ვიყავი სამი დღე, სადაც დაბმულიც ვიყავი – დაბლა სულ ბეტონია და პატივი იყო, თუ იქ „ფლოსტებზე“ დაგსვამდნენ, ხელებს უკან გაგაშვერინებდნენ და ბორკილებით გაბამდნენ. „შლემიც“ მეფარა, რომ თვითდაზიანება აღარ მიმეყენებინა, ვეღარ ვუძლებდი ფიზიკურად. ერთხელ ისე მცემეს, გონება დავკარგე, როგორც შემდეგ მითხრეს, ექიმი შემოვიდა და შარვლის ტოტები ამიწია, კუნთებზე ნემსები მიკეთა, არ ვიცი, რას ამოწმებდა, ალბათ, მკვდარი ვიყავი, თუ ვსიმულიანტობიდი. მთელი ფეხები გაშავებული მქონდა“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

ლიეტუვამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო.ამის შესახებ გამოცემა Delfi წერს.ლიეტუვის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის საბჭოს მიერ იანვარში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.უვიზო რეჟიმის შეჩერება ეხება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული და იაფი პროცედურით გრძელვადიანი ვიზების მისაღებად.შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა ესტონეთის მთავრობამ 8 მაისს შემოიღო.ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მარტსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 83 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ბოლო სიახლეები