პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024

კახა კალაძე – ქვეყანა შენდება, წინ მიდის, ვისაც დანახვა უნდა, ხედავს ამ რეალობას

„ქართული ოცნების“ არჩევნების შემდგომი გეგმები უპირატესად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ამისთვის, და ზოგადად, ეკონომიკური განვითარებისთვის კი მთავარია მშვიდობის შენარჩუნება.

„პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამაზე. მე მაინც ეკონომიკურ ნაწილს შევეხები, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა გვაქვს მთავარ ამოცანად. ეს არის სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა უნდა დავიჭიროთ გრძელვადიან პერსპექტივაში. მშვიდობის გარეშე ესეც შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად გავაფართოოთ ურთიერთობები. ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება, ჩინეთი არის პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთბრუნვისთვის. ჩინეთის ასეთ პროექტებში ყოფნა არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური განვითარებისთვის. ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგის მომტანი იქნება. ყველა ის პროექტი, ეს იქნება გზები, საუკუნის პროექტად წოდებული ავტობანი, ძალიან მალე მთლიანად დამთავრებული იქნება.

ქვეყანა შენდება, წინ მიდის, ვისაც დანახვა უნდა, ხედავს ამ რეალობას. ცხადია, არის პრობლემები, გამოწვევები. არ იფიქროთ, რომ კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. იმას არ ვამბობთ, რომ ყველაფერი ძალიან მაგრადაა. ცხადია, არის გამოწვევები, მაგრამ მშვიდობის გარეშე ამ გამოწვევებსაც ვერ უპასუხებ, ვერ გადალახავ იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს არის. ამიტომ ყველაზე მთავარი არის მშვიდობა და შემდეგ ყველაფერი განვითარდება და წინ წავა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“მამუკა ხაზარაძეს მინდა მოვუხადო ბოდიში – ბოდიში ძმაო, უშნოდ გამომივიდა

ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად, – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა შემაჯამებელ საარჩევნო ღონისძიებაზე მამუკა ხაზარაძეს. ელისაშვილის თქმით, „ძლიერ საქართველოში“არის იმიტომ, რომ ემსახურება საქართველოს. „ჩემი ნატვრა იყო, რომ გავმხდარიყავი ოფიცერი. ჩემს ოჯახს უჭირდა, ისევე როგორც ყველა ოჯახს და მაშინ პირველი პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღე, რომ უნდა დამეწყო მუშაობა მეორე კურსიდან, რათა ოჯახს შევხიდებოდი, ვალები ერთად გაგვესტუმრებინა. ამიტომ ვერ გავხდი სამხედრო, მაგრამ გულის სიღრმეშიც და ტვინშიც ვარ ამ ქვეყნის ჯარისკაცი. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც მეშლება, ბევრი რამ შემეშალა, აგერ პირველად ვეუბნები მამუკას ბოდიშს. მისთვის ბოდიში არ მომიხდია. ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა ძალიან. მაგრად მშხამავს ის ეთერი, იმის ნახვა არ მინდა. „ქოცებმა“, იცოცხლე, ატრიალეს და ატრიალეს. ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად იმ ეთერისთვის. აქ, „ძლიერ საქართველოში“ ვდგავარ, რადგან ვემსახურები საქართველოს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ერთ მუშტად შეკრული“, – განაცხადა ელისაშვილმა. თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილს მიმართა მამუკა ხაზარაძემაც: „ალეკო, დიდი მადლობა და ჩემგანაც მიიღე ბოდიში. მეგობრებო, ბოდიში ყოველთვის ორმხრივია“.

კახა კალაძე: ოპოზიცია შინაგანად ვერ ეგუება მშვიდობას, წინსვლას – ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ამ მოღალატეებს უნდა მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი

უბრალო გამარჯვებაზე არ არის საუბარი, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ კონსტიტუციური უმრავლესობა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვხსნიდით თუ რატომ არის კონსტიტუციური უმრავლესობა საჭირო, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE" „საფრთხეები არსებობს, ვიდრე არ დასრულდება ომი რუსეთ - უკრაინას შორის, ძალიან დიდის საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ის გამოწვევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, ეს საფრთხეები არსად არ წასულა, ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენი და ყველა ღირსეული ქართველისთვის, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც სამშობლო მნიშვნელოვანია, ყველას ოცნება არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით და ოპოზიცია რა დღეში ჩავარდა, რა განცხადებას აკეთებდნენ და რა სიცრუის პროპაგანდა დაატრიალეს. ეს ადამიანები შინაგანად ვერ ეგუებიან მშვიდობას, წინსვლას, ქვეყნის განვითარებას და ამიტომაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანაირად მომზადებული. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ამ მოღალატეებს, ამ აგენტურას უნდა მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე: დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა – ეს არის ევროპა?!

დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა, - განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „სხვადასხვა ქვეყნის ელჩები გამოდიან და რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს არის დიპლომატია?! ეს არის დემოკრატია?! ამისკენ მივდივართ?! ეს არის ევროპა?!.. ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს თავზე დააჯდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, თუ კი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება აქვს, ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. „2012 წლის შემდგომ პერიოდში მივაღწიეთ ყველაფერს: ასოცირების ხელშეკრულებას, კონსტიტუციაში ჩავწერეთ ევროპული მომავალი, ნატოში გაწევრიანება, უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები და სტატუსი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ოლაფ შოლცი: ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე უთანხმოება არ არსებობს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ZDF-თან ინტერვიუში გააკეთა. შოლცმა უარყო უკრაინის ნატო-ში მიწვევის შესაძლებლობა, რომელიც „გამარჯვების გეგმის“ პირველ პუნქტს წარმოადგენს და განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნატო-მ უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებზე გადაწყვეტილება ვილნიუსისა და ვაშინგტონის სამიტებზე მიიღო და მისი აზრით, „ამის მიღმა ახალი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს“. „ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ყველამ იცის ეს. ამაზე არანაირი უთანხმოება არ არსებობს. ნატო-ში მიწვევის შემდეგ კი, ჩვეულებრივ, საკმაოდ სწრაფად ხდება წევრობა“, – აღნიშნა შოლცმა. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მოითხოვს გაწონასწორებულ მოქმედებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კიევის მხარდაჭერას, ხოლო მეორეს მხრივ, გარანტიას იძლევა, რომ ეს არ გადაიზრდება მოსკოვსა და ნატო-ს შორის ომში. „ეს არის ის, სადაც მე ძალიან მკაფიოდ გამოვხატავ ჩემს პოზიციას და არ შევცვლი მას“, – აღნიშნა შოლცმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ქარტია არ იყო საჯარო დისკუსიებით შემდგარი დოკუმენტი, სრულიად უვარგისი ტექსტი შედგა

ქარტიის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს არ იყო საჯარო დისკუსიების შედეგად შემდგარი დოკუმენტი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ განაცხადა. „ვერ ვეტყოდი ჩემს ამომრჩეველს, იცით რა, ეს რაღაც დოკუმენტია, რომელიც არავის პატივს არ სცემს. უბრალოდ, ხელი მოვაწერეთ, რადგან მოდაში შემოვიდა რაღაც მომენტში და მაინც არავინ შეასრულებს. ჩვენ ხელს თუ მოვაწერდით, შევასრულებდით, უვარგისი დოკუმენტის შესრულება კი არ შეიძლება. დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, მოგეხსენებათ, როგორც წესი, თავის სიტყვებს დიდ პატივს არ სცემს და იცის, რომ მარტივად გადააგდებს მეორე მხარეს, თუ ეს დასჭირდა. ამიტომ ჩვენ იმ ხალხთან საერთოდ იშვიათად გვაქვს ხოლმე რაღაც საერთო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ბოლო სიახლეები