ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის განცხადება, როცა თეთრზე ამტკიცებენ, რომ შავია, დაფუძნებულია ტყუილზე და თავად ევროკავშირს აზიანებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
კალაძე გამოეხმაურა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების მიერ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს, რომლებშიც მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.
კახა კალაძის შეფასებით, ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციებია.
„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სიბინძურე, რასაც ამ ბიუროკრატებისგან ვხედავთ. მათი განცხადებები დაფუძნებულია ტყუილზე და აზიანებს თავად მათ, ევროკავშირს. როგორ შეიძლება, ადამიანმა მტკიცებით ფორმაში თეთრზე თქვას შავიაო. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს. ყველა ხედავს, რომ ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ჯგუფების შექმნაში წლების განმავლობაში უამრავი თანხა დაიხარჯა. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, როგორც ქვეყნის შიგნით ზოგიერთი დიპლომატის სახით, ასევე გარედან. ყველაფერი ცუდი, რაც ქვეყანაში ხდება – სიძულვილი, ძალადობა, საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა, დაფინანსებულია გარე ძალებისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შანსებს რაც შეეხება, თბილისის მერის თქმით, ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, რის გამოც ქვეყნის პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის.
„ხედავთ, ოპოზიციას რა მხარდაჭერა აქვს და რა მდგომარეობაში არიან. მათ მოსახლეობისგან არანაირი მხარდაჭერა, რესურსი არ აქვთ, რომ გაიმარჯვონ. 4 ოქტომბერს ისინი ყველა საარჩევნო ოლქში აუცილებლად დამარცხდებიან. ქართველი ხალხი კიდევ ერთ განაჩენს გამოუტანს მათ. ისინი აგენტები არიან და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყნის პოლიტიკაში არ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.