სამშაბათი, ივლისი 1, 2025

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო – „მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახა კალაძის ყველა ოცნება რეალობად აქცია“

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო.

დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს.

„სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა, მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახა კალაძის ყველა ოცნება რეალობად აქცია. იტალია იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეორე სახლად, რომლის კარსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით, უამრავი ბედნიერი დღის მოგონებით, გამარჯვების განცდით, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის სიხარულით ვაღებ. დარწმუნებული ვარ, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა კიდევ უფრო ფართოდ გახსნის შესაძლებლობას, განმტკიცდეს და გაღრმავდეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები, გაიზარდოს თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა სფეროში და, რასაკვირველია, გაამარტივებს მილანში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებას. 30 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, თუმცა ვფიქრობ, გვაქვს შესაძლებლობა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. თბილისი მზადაა, გაიზიაროს ის საუკეთესო მაგალითები, რომლებიც პროექტების სახით ამ ულამაზეს ქალაქში განხორციელდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მილანში საქართველოს გენერალურ კონსულს, ნატალია კორძაიას აღნიშნულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„სულ რამდენიმე დღის წინ, 2 ივნისს იტალიის ეროვნული დღესასწაული – რესპუბლიკის დღე აღინიშნა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეს დღე კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო იტალიას იმ მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის, რასაც საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად აკეთებს. საქართველო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის პატრიოტი საკუთარი ქვეყნის მიმართ და ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, გათვალისწინებული და დაცული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებას მილანის მერი ჯუზეპე სალა, ასევე იტალიისა და საქართველოს მთავრობების წევრები ესწრებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ამას რაღა გააჩერებს” – მეწყერი ხარაგაულის სოფლებში

ხარაგაულის ორ სოფელში - ხემაღალსა და ღვერკში დაახლოებით ორი კვირის წინ მიწას ნაპრალები გაუჩნდა და გზები დაიბზარა.ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ნაპრალების ზომაც და რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. ოჯახების ნაწილი გაასახლეს, დარჩენილები ამბობენ, რომ ღამით შიშით იძინებენ.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ დახეთქილი მიწა ზოგიერთ სახლთან სულ რამდენიმე მეტრშია. ზოგან მიწა ჩავარდნილია. ზოგ ადგილას ნაპრალმა ყანა შუაზე გაყო.მარადი გელაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სტიქიის გააქტიურების მიზეზი ისიც იყოს, რომ 2020-2021 წლებში, რკინიგზის მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთების შესამცირებლად, სოფელ ხემაღლის მთის ფერდობი ჩამოჭრეს. კლდოვანი ქანები ტრაქტორებს აზიანებდა აფეთქებაც დასჭირდათ - შეიძლება წონასწორობა ამანაც დაარღვიაო.“აფეთქების შედეგად გამოტანილი ქვა-ღორღის მასაც იქვე ახლოს ხეობაში გაშალეს. შემდგომ წლებში ეს ყველაფერი აისახა რკინიგზასთან სიახლოვეს რამდენიმე სახლზე. შემდეგ ალაგ-ალაგ ორივე სოფლის ტერიტორიაზეც გაჩნდა მცირე ზომის დაზიანებები, თუმცა აქედან საგანგაშო არცერთი არ ყოფილა.წლევანდელი დიდთოვლობის და შემდგომში გაზაფხულზე მოსული ინტენსიური წვიმების შემდეგ, პირველ ივნისს სოფლის გზაზე შევამჩნიეთ ჩავარდნილი მონაკვეთები. 7-8 ივნისს რამდენიმე სახლზე გაჩნდა ბზარები, რომლებიც მალევე გაიზარდა”, - წერს მარადი გელაშვილი.“ამ პროცესს რაღა შეაჩერებს” - წერს სოფელ ღვერკის გვერდითა სოფელში - სარგვეში მცხოვრები ქეთევან ცისკაძეც, რომელიც ზესტაფონამდე ღვერკის გზის გავლით მიდიოდა ხოლმე.“მეწყრული ზონა ჩემი სახლიდან სამ კილომეტრშია”. - გვეუბნება ის.ამ გზაზე გადაღებულ ფოტოებშიც კარგად ჩანს მიწის დაბზარული მონაკვეთები.

სულაკაურის გამომცემლობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს.„ქართულ მთარგმნელობით სკოლას ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გამოაკლდა. სწორედ მან თარგმნა მარსელ პრუსტის საეტაპო ნაწარმოების „დაკარგული დროის ძიებაში“ _ პირველი წიგნი „სვანის მხარეს“ და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია პრუსტის პოპულარიზაციას ქართველ მკითხველში. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ სოფიოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ვინ არის თქვენი ფავორიტი? – დღეს „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული გამოვლინდება

დღეს, 22:00 საათზე „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი მუსიკალურ მეგა შოუს „საქართველოს ხმის“ ფინალს იხილავს.შოუს სამი ფინალისტი ჰყავს, რომლებიც კომპოზიტორების დაწერილ ორ-ორ სიმღერას შეასრულებენ. ყველაფერი დამოკიდებულია მაყურებლის აქტიურობაზე, ტელეფონის საშუალებით ხმის მიცემა სასურველი კანდიდატისთვის უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს და ის საკონკურსო ნომრების დასრულების შემდეგ შეწყდება.0903 300 315 - აჩი ჯაიანი0903 300 308 - ერეკლე თურქაძე0903 300 314 - გიორგი ჭიალაშვილიზარის ღირებულებაა 1 ლარი.

დონალდ ტრამპი – მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი არის ურჩხული, რომელიც შეიძლება, უკან დაბრუნდეს და ილონ მასკი შეჭამოს

მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი არის ურჩხული, რომელიც შეიძლება, უკან დაბრუნდეს და ილონ მასკი შეჭამოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, ილონ მასკის წინააღმდეგ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი გამოიყენოს.ტრამპი და მასკი ბოლო 24 საათის განმავლობაში სიტყვიერ ომში ჩაერთნენ, რის შედეგადაც მასკმა გამოთქვა თავისი პროტესტი პრეზიდენტის ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით.მასკი ნატურალიზებული აშშ-ის მოქალაქეა. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ ადვოკატებს დაავალა, პრიორიტეტი მიანიჭონ მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ შემთხვევებში, როდესაც ნატურალიზებული მოქალაქეები დანაშაულს ჩადიან, ტრამპმა არ მიანიშნა, რომ მასკმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა.

ირაკლი კობახიძე – ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია

ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოისვლისას განაცხადა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.„დღეს ჩვენ მეზღვაურის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღის აღნიშვნით ჩვენ პატივს მივაგებთ მეზღვაურთა თავდაუზოგავ შრომას და მათ უნიკალურ წვლილს საერთაშორისო ნაოსნობაში, მსოფლიო ეკონომიკასა და საზოგადოების განვითარებაში. დღეს ასევე ვიხსენებთ ყველა იმ მეზღვაურს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე საზღვაო საქმეს მიუძღვნეს. მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის საზღვაო ისტორიის საამაყო ნაწილია. თითოეული ქართველი მეზღვაური ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირისა და მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ. ეს არის ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და სანდოობის აღიარება საერთაშორისო დონეზე. ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ წუთებშიც ათასობით ქართველი მეზღვაური საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. ამის დასტურია საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციასთან მიერთება, რომელიც თებერვლიდან შევიდა ძალაში და მეზღვაურთა უფლებების მთავარ გარანტიას წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები