ევროკავშირში აშშ-ის სანქციები არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კახა კალაძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი ევროკომისრისა და კიდევ რამდენიმე პირისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვას და ევროკომისიის, ასევე ევროკავშირის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც აშშ-ის გადაწყვეტილებას გმობენ.
„არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება. სხვა ქვეყნებს თვითონ როცა უწესებენ სანქციებს და მოწოდებებს აკეთებდნენ, მაშინ როგორ იყო საქმე? გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს და ვის რა ინტერესი აქვს.
„თუნდაც საქართველოსთან მიმართებით გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს და კონკრეტულ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესა. მაშინ რა გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს – ის, რაც, ზოგად კონტექსტში ვამბობ, მათთვის მისაღებია, ჩვენთვის არ შეიძლება. ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს, ვის რა ინტერესი აქვს, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ – მოყვარე და კეთილის მსურველი. ძალიან მარტივი გასარჩევია დღეს, მით უმეტეს იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ზოგადად მსოფლიოში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

