ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025

კახა კალაძე – ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში, რომ კორპუსი აუცილებლად აშენდება, ეს არის ძალიან დიდი შანსი და გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა

ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში, რომ კორპუსი აუცილებლად აშენდება, ეს არის ძალიან დიდი შანსი და გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროგრამის ფარგლებში ახალი კორპუსების მშენებლობა ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„უმეტეს შემთხვევაში ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ცხოვრობენ. ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს და არ გვაქვს იმისი უფლებამოსილება, იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ მოსახლეს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, თუმცა, მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ამის უფლება და შესაძლებლობა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებენ. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა. ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა მოხდა მოსახლეობის ვერდაკმაყოფილება. სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც აიღეს ვალდებულება წლების წინ, ვერ შეასრულეს და დააკმაყოფილეს ის შეთანხმება, რომელიც იყო მიღწეული მოსახლეობასთან. უამრავი ასეთი შენობა-ნაგებობა გვქონდა დედაქალაქში, სადაც იყო დაუმთავრებელი მშენებლობები. ძალიან განერვიულებული, დაჩაგრული, გაუბედურებული იყო მოსახლეობა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდა, როდის მიიღებდა საკუთარ საცხოვრებელ ფართს. აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებში საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე, საუბარია, რომ მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ, რომ საცხოვრებელი კორპუსი აუცილებლად იქნება აშენებული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას, რომელიც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, არაფერი ექნება გადასახდელი. ქირით უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. ვიდრე სამშენებლო სამუშაობი დასრულდება, იქნებით უზრუნველყოფილნი. შემდეგ, დაახლოებით წელიწად-ნახევარი, მაქსიმუმ, ორი წელი სჭირდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას და გადმოგეცემათ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმ ფართის ბინები, რომლებშიც ცხოვრობდით. უბრალოდ, იქნება მთლიანად გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი შანსი, შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული მასში. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ოჯახს, ადამიანს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს – გამოიყენეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მხრიდან. ჩვენ ისტორიული უბნებისთვის ასევე გვაქვს წარმოდგენილი პროგრამა, სადაც, ინვესტორების ჩართულობით, იქ მცხოვრებ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მოხდეს ავარიული საცხოვრებელი ფართების მოწესრიგება, განახლება-რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები ჩვენთვის ძვირფასია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების აღდგენა-რეაბილიტაციას „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომელიც უახლოეს მომავალში ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების განახლებას დაიწყებს.

„მოგიწოდებთ, გამოიყენეთ, ისარგებლეთ ჩანაცვლების პროგრამით. ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ. მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურები არიან თქვენ უკან და ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, უსაფრთხო პირობებში გააგრძელოთ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინის უმაღლესმა რადამ იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ყოფილი ვიცე-პრემიერის, იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა.სვირიდენკოს კანდიდატურას 450-წევრიანი პარლამენტის უმრავლესობამ, 262-მა წევრმა მისცა ხმა.ელექტრონული ხმის შედეგებმა აჩვენა, რომ 22 წევრი ეწინააღმდეგებოდა მის დანიშვნას, 26-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.2021 წლის ნოემბერში სვირიდენკომ ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობები დაიკავა. მისი მონაწილეობით, 2025 წლის მაისში ამერიკასთან სასარგებლო წიაღისეულის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტი ყალიბდება პროფესიონალად

ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს ისეთ დარგებს, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებენ თანამედროვე სამყაროში: საინჟინრო ეკონომიკა, მედიატექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები. ეს სფეროები ქმნის პლატფორმას, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ერწყმის ეკონომიკურ ანალიზს და სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამ ცოდნის სინთეზი აყალიბებს სტუდენტს კონკურენტუნარიან პროფესიონალად, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ალექსანდრე სიჭინავამ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024/2025 სასწავლო წელს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უცხოური დაფინანსებით განხორციელდა სამეცნიერო-საგრანტო პროექტები: "Human War Casualties and National Memory.British-Georgian-Polish Perspective"; დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე", ასევე, სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული პროექტები: ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა; გაზსადენის „საგურამო-გორი”, „ლეხურ-სვენეთის” მონაკვეთის არქეოლოგიური გათხრები; ამლევის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები; „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“ - კულტურის ხელშეწყობის/მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, საგამომცემლო საქმიანობის მხარდამჭერი პროექტი; ჰეგელის საიუბილეო 35-ე კონგრესი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი. განხორცილდა საგრანტო პროექტები: ნარიყალა-დედაციხის საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკა საქართველოში - სოციოკულტურული, თეოლოგიური და საბუნებისმეტყველო პერსპეტივების კვეთაზე”.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიის დეკანის მოვალეობის შემსრულებელის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას თქმით, 2024/2025 სასწავლო წელს, სტუდენტები, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივი კონსურსში.„ფაკულტეტი აერთიანებს ტექნიკური აზროვნების, ეკონომიკური ხედვების, თანამედროვე მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების პროგრამებს. ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს ანალიზის უნარსა და პასუხისმგებლობას. ცოდნის მიღება არ სრულდება უნივერსიტეტის კედლებში. განათლება წარმოადგენს დინამიკურ, უწყვეტ განვითარებას, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ადაპტირდეს თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და ეკონომიკური მოდელები სწრაფად იცვლება. მუდმივი განათლება არის პროფესიული სტაბილურობისა და კარიერული ზრდის მთავარი გარანტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტი ყალიბდება პროფესიონალად, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს ანალიტიკური აზროვნება და გაიუმჯობესოს პრობლემების გადაჭრის უნარი. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს კურსდამთავრებულებს”, - განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ.

გონიოში, კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა – რა დეტალებია ცნობილი

გონიოში მშენებარე კორპუსის რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა.როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ლევან ხაბეიშვილი – 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ივანიშვილის რეჟიმი, მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად უზრუნველვყოთ მშვიდობიანი დამხობა

მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა.„ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არათუ პარტიებს აკრძალავს, ყველაფერს იზამს, არაფერი გაგიკვირდეთ. განსხვავებული აზრიც, ფაქტობრივად, აკრძალულია ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეშია, პოლიტიკოსები ციხეში არიან. ერთადერთი ხსნა გვაქვს ახლა – ერთმანეთს რომ დაერივნენ შიგნით და ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, სუს-ის ყოფილი უფროსებიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც, მნიშვნელოვანია, ეს თემა გამოიყენოს ხალხმა. შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, გონზე კიდევ კარგახანს ვერ მოვლენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი „ჰანიველ ცემენტის“ მიერ ორგანიზებული სტუდენტ არქიტექტორთა კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო კოპალეიშვილმა კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ (Hunnewell Cement) მიერ ორგანიზებულ სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსში, სტუ-ის ასოცირებულ პროფესორ ბესარიონ ტატიშვილის მენტორობით წარდგენილი პროექტისთვის - „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში” - I ადგილი მოიპოვა და შედეგად, კონკურსის უპირობო გამარჯვებული გახდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსზე, რომელიც „ჰანიველ ცემენტის“ ინიციატივით, ხარისხის რიგით მე-8 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში პირველად გაიმართა, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ მომავალი არქიტექტორები სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან: ანა ჭელიძე (მენტორი: ასოცირებული პროფ, ვასილ ქობულია), ალექსანდრე დგებუაძე (მენტორი: პროფესორი გია ნადირაძე), თათია ჩერქეზიშვილი (მენტორი: ასოცირებული პროფესორი ბესარიონ ტატიშვილი) და ანრი ფერცელაძე (მენტორები: პროფესორი ნინო იმნაძე და ვასილ ქობულია).ფაკულტეტის პროფესორის, ნინო იმნაძის თქმით, გამოფენა-კონკურსზე, სადაც წარმოდგენილი იყო სტუდენტთა არქიტექტურული პროექტები, ექსპერტებს, დარგის სპეციალისტებსა და დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდათ, ყველაზე შთამბეჭდავი პროექტებისთვის ხმა მიეცათ. როგორც ნინო იმნაძე აღნიშნავს, გამარჯვებული სტუდენტური პროექტების დაჯილდოების ცერემონია „წინანდლის მამულში“ გაიმართა, ჟიურის გადაწყვეტილება კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისთვის სასიხარულო აღმოჩნდა, რადგან გამოფენა-კონკურსში პირველი ადგილი ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო კოპალეიშვილმა მოიპოვა.სტუდენტსა და მის მინტორს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი. პროფესორ ნუგზარ ხვედელიანის თქმით, ნებისმიერი მსგავსი აღიარება ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტებს, რომლითაც, სწავლების პროცესის ორგანიზებისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ხელმძღვანელობს. „ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, ნინო კოპალეიშვილს - მან სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავ და მის მენტორს, ჩვენი ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ბესარიონ ტატიშვილს. სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტები აქტიურად ერთვებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში. ასეთი მონაწილეობები უაღრესად მნიშვნელოვანია მათი პროფესიული და კარიერული ზრდისთვის - სტუდენტები იღებენ რეალურ გამოცდილებას, თავიანთ ნამუშევრებს აცნობენ ფართო საზოგადოებას, დარგის სპეციალისტებს და ამყარებენ ასე აუცილებელ ფართო კავშირებს პროფესიულ წრეებთან. სტუდენტის პირად წარმატებასთან ერთად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის სკოლისთვის. ნებისმიერი მსგავსი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტებს, რომლითაც ფაკულტეტი სწავლების პროცესის ორგანიზებისას ხელმძღვანელობს. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული აკადემიური პროგრამები მთლიანად არის მორგებული თანამედროვე მოთხოვნებზე. ყოველი ასეთი წარმატება მიუთითებს პროფესორ-მასწავლებელთა მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე, სტუდენთა ნიჭიერებასა და დიდ მოტივაციაზე. დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ არქიტექტორებს წინ მრავალი პროფესიული გამარჯვება ელით. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „ჰანიველ ცემენტს“ გამოფენა-კონკურსის ორგანიზებისა და ახალგაზრდა არქიტექტორთა მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა პროექტებით ახალგაზრდების წახალისებას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის პარტნიორობას და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს ახალი თაობის არქიტექტორთა პროფესიულ და კარიერულ განვითარებას“, - აღნიშნავს დეკანი.

ბოლო სიახლეები