ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026

კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს დედის დღე მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარ ქალებს დედის დღე მიულოცა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
კახა კალაძის განცხადებით, თავშესაფრის ბენეფიციარებმა მას რამდენიმე პროექტის განხორციელება სთხოვეს.
“მინდა ყველა დედას მივულოცო. ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. თავშესაფარში მყოფებმა რამდენიმე პროექტის განხორციელება გვთხოვეს. ქალბატონებს სურთ პატარა მაღაზიის მოწყობა, ხოლო მამაკაცებს სპორტული მოედანი და ტრენაჟორები. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. სხვა მხრივ, აქ პირობები ნამდვილად ძალიან კარგია”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის კუთვნილი მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. ამჟამად თავშესაფარში 117 ბენეფიციარი ცხოვრობს. მათ ხუთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ემსახურება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“სწორი რეაბილიტაციის პირობებში ხვიჩას აქვს ყველა შანსი, დაიბრუნოს თავისი ძველი სიჩქარე, დრიბლინგი და კვლავაც იბრწყინოს ტოპ-დონეზე”

ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.”❤გული არ გაიტეხო, ხვიჩა, გამაგრდი, ჩვენო იმედო, იცოდე, უფრო ძლიერი დაგვიბრუნდები❗❗❗ 🔴წინა ჯვარედინი იოგის (ACL) გაწყვეტა უმძიმესი ტრავმაა, თუმცა არაერთი მაგალითი არსებობს, რომ ამ ტრავმის შემდეგ შესაძლებელია არა მხოლოდ დაბრუნება, არამედ მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე დარჩენაც❗ აი, ტოპფეხბურთელები, რომლებმაც „ჯვარედინი იოგების“ გაწყვეტის შემდეგ ფორმა სრულად აღიდგინეს და თამაში უმაღლეს დონეზე გააგრძელეს:🔻რონალდო (ფენომენო) — რკინის ნებისყოფის მაგალითი. ბრაზილიელმა „ინტერში“ თამაშისას ზედიზედ ორჯერ გადაიტანა მუხლის იოგების საშინელი გაწყვეტა (1999 და 2000 წლებში) და ჯამში თითქმის სამი წელი გამოტოვა. ამის შემდეგ იგი ტრიუმფით დაბრუნდა, გახდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და გამარჯვებული, ასევე მოიგო თავისი მეორე „ოქროს ბურთი“.🔻ვირჯილ ვან დეიკი — 2020 წლის ოქტომბერში „ლივერპულის“ დაცვის ლიდერმა „ევერტონის“ მეკარესთან უხეში შეჯახების შემდეგ ACL გაიწყვიტა. 9-თვიანი უქმობის შემდეგ, ჰოლანდიელი მოედანს დაუბრუნდა, კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად იქცა, კლუბთან ერთად ახალი ტიტულები მოიგო და FIFA-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.🔻რობერტო ბაჯო — ლეგენდარულმა იტალიელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები კარიერის დასაწყისშივე, 18 წლის ასაკში გაიწყვიტა (მას 200-ზე მეტი ნაკერი დაადეს). ექიმები ამბობდნენ, რომ ის სიარულსაც ვერ შეძლებდა, თუმცა ბაჯომ ბრწყინვალე კარიერა ჩაატარა, 1993 წელს „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გახდა.🔻ზლატან იბრაჰიმოვიჩი — შვედმა ფორვარდმა „ჯვარედინები“ 2017 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩში, 35 წლის ასაკში გაიწყვიტა, როდესაც ბევრი მას კარიერის დასრულებას უწინასწარმეტყველებდა. ზლატანმა სარეკორდო 7 თვეში აღიდგინა ძალები, აშშ-ში გაემგზავრა, შემდეგ კი ევროპაში დაბრუნდა და 40 წლის ასაკში „მილანს“ იტალიის ნანატრი ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.🔻ალესანდრო დელ პიერო — 1998 წელს, ფორმის პიკში მყოფმა „იუვენტუსის“ სიმბოლომ ACL-ის მძიმე გაწყვეტა მიიღო. აღდგენას თითქმის ერთი წელი დასჭირდა და დაბრუნების შემდეგ მან კლუბის ყველა რეკორდი მოხსნა და 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.🔻ტიბო კურტუა — მადრიდის „რეალის“ მეკარემ იოგები 2023/24 წლების სეზონის დაწყების წინ გაიწყვიტა. ბელგიელი მოედანს 2024 წლის მაისში დაუბრუნდა და მაშინვე უგოლოდ ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ბორუსიას“ წინააღმდეგ, რითაც თავისი ელიტური სტატუსი დაამტკიცა.🔻როი კინი — „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა „ჯვარედინები“ 1997 წლის სექტემბერში, „ლიდსის“ წინააღმდეგ მატჩში გაიწყვიტა და სეზონის დარჩენილი ნაწილი სრულად გამოტოვა. დაბრუნების შემდეგ მან კარიერაში საუკეთესო სეზენი (1998/99) ჩაატარა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ისტორიული ტრებლი (ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა და ასოციაციის თასი) მოუტანა.🔻ჩავი ერნანდესი — 2005 წლის დეკემბერში „ბარსელონას“ საკვანძო ნახევარმცველმა ACL გაიწყვიტა. თავდაუზოგავი შრომის წყალობით მან სულ რაღაც 5 თვეში აღიდგინა ფორმა, მოასწრო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება და ჩემპიონიც გახდა, მომდევნო წლებში კი პეპ გვარდიოლას დიდებული „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების გამარჯვებების მთავარი არქიტექტორი იყო.🔻როდრი — “ოქროს ბურთის” მფლობელი, „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი, რომელმაც ჯვარედინი იოგი 2024 წლის სექტემბერში, „არსენალთან“ მატჩში გაიწყვიტა, 1 წლის შემდეგ დაბრუნდა და 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.🔻ნეიმარი — ბრაზილიელმა ფორვარდმა ბრაზილიის ნაკრებში თამაშისას, 2023 წლის ოქტომბერში, ACL-ისა და მენისკის გაწყვეტა მიიღო, რის გამოც 1 წელი გამოტოვა და მაინც დაბრუნდა.🔻გავი — „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა „ჯვარედინები“ 2023 წლის ნოემბერში, საქართველისთან მატჩში გაიწყვიტა და 2024 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა.🔴თანამედროვე სპორტული მედიცინა და ქირურგია ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს, დაბრუნდნენ სიჩქარისა და სიმკვეთრის დაკარგვის გარეშე, რაც ხვიჩა კვარაცხელიას აძლევს შესანიშნავ შანსს, სრულად აღდგეს და ძველ დონეს დაუბრუნდეს. ამ ტოპფეხბურთელების მაგალითები აჩვენებს, რომ სწორი რეაბილიტაციის პირობებში ხვიჩას აქვს ყველა შანსი, დაიბრუნოს თავისი ძველი სიჩქარე, დრიბლინგი და კვლავაც იბრწყინოს ტოპ-დონეზე❗❗❗”

გია ვოლსკი – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, ჩვენი რომელი ბრალდებაა უსაფუძვლო, რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებს დესტაბილიზაციისთვის მომართული სტრუქტურის საქმიანობასთან შეგუებას

არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფარად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე, ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები საქართველოში, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ამ ჯგუფების მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი.„მთელი ევროპა შეძრულია სისხლისმღვრელი, დაუნდობელი ომით, მისი მასშტაბის გაფართოების რეალური საშიშროებით, ისევე როგორც უკიდურესად სახიფათო პროცესებით, რომლებიც წამყვან ქვეყნებში მიმდინარეობს. შემზარავია საერთო სურათი, რასაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს ტელეეკრენებით თუ სხვა მედიასაშუალებებით.ასეთ ვითარებაში, არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფარად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე, ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები საქართველოში, ეს ფაქტია! ვხედავთ და არც მალავენ. მათ ამ მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი!ასეთივე ხასიათისაა შიდა და გარე აქტორების მხრივ კარგად კოორდინირებული პროპაგანდა საქართველოში „დემოკრატიისაგან უკუსვლის“ შესახებ, როდესაც თავად შექმნეს დამნაშავეები და მათ ქმედებაზე კანონიერი რეაგირება ევროპული სტანდარტებისაგან გადაცდომად შეაფასეს; ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ქვეყნის საზოგადოებას დააზარალებს და, მათი აზრით, რევოლუციურ მუხტს გაზრდის. საქართველოს წინააღმდეგ მომართულ ამ შეთქმულებაში მეთაურებად მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადავეების მქონე პირები, რომლებმაც უკიდურესი სისასტიკით მართეს ქვეყანა, ფიზიკურად გაანადგურეს, აწამეს და უფლებები აჰყარეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს, წინაპირობები შეუქმნეს ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაციას და დღესაც ცდილობენ, გლობალური დაპირისპირების სამსხვერპლოზე მიიტანონ საქართველო საზარბაზნე ხორცად, ეკონომიკურად მოშლილი და უფლებააყრილი. ესაა კონკრეტული ფაქტებით დადასტურებული რეალობა, რის გამოც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს.რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო თავდასხმებიც, საკვირველი ისაა, რომ შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც სულ ახლახან ფინანსურად და პოლიტიკური მხარდაჭერით ახალისებდნენ „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლას საქართველოში, თანაც ახლა მაინც ხომ ნათლად ხედავენ ადრე უხილავ ძაფებს მართულ ქაოსსა და ევროპისათვის მწვავე პრობლემების გაჩენას შორის. გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, თუ რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო, რატომაა საქართველოსათვის სასარგებლო ეკონომიკურ ან, მით უმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა ან რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის მომართული ორგანიზებული სტრუქტურის საქმიანობასთან შეგუებას“, – წერს ვოლსკი.ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გუდრუნ კუგლერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკან გაიწვიოს სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და დემოკრატიის გზას დაუბრუნდეს.

რას იხსენებს ლანჩხუთის ,,გურიის” ყოფილი მწვრთნელი თემურ ჩხაიძე გიორგი ნემსაძეზე

,,გავიხსენებ ისტორიას გიორგი ნემსაძესთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ლანჩხუთის ,,გურიას" გუნდის უფროსი ვიყავი. თბილისში ჩამოვედი ფეხბურთელების დასამატებლად. რადგან რეზო ძოძუაშვილი ახლობელი იყო, მასთან მივედი. ,,გურიას" გასაძლიერებლად ორი ფეხბურთელი გვჭირდება მეთქი. ბატ. რეზომ მითხრა გიო ნემსაძეს და კახი გოგიჩაიშვილს დაელაპარაკეო. ეს დაუჯერებლად ჩავთვალე, მაგრამ მაინც ვცადე. ორივეს ლანჩხუთიდან აქვს ფესვები.( გიორგის დღესაც აქვს სახლი) შევთანხმდით, მაგრამ ლანჩხუთში ეს დაუჯერებლად ჩათვალეს. ( იმ პერიოდისთვის ეს ნიშნავდა, დღეს პედრის და იამალს რომ ეთქვა, საქართველოს მოქალაქეობას მივიღებ და თქვენთან ვითამაშებო) გიომ ,,გურიაში" ერთი სეზონი ითამაშა.,,დინამოს" 2:1 მოვუგეთ. გოლი ნემსომ გაიტანა. წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, გიორგის ასე ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვალება. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს''-ამის შესახებ ლანჩხუთის გურიის ყოფილი მწვრთნელ თემურ ჩხაიძე წერს.

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან ზედაპირული განცხადებები უსაფუძვლო იყო, დღემდე ვალად აქვთ ბოდიში მრავალი საქმის გამო

შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით. ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს. ამასთან, ასეთი განცხადები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის და მუქარის მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა. იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარებს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ. ყველას შევახსენებ, არაერთხელ დადასტურებულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული და მიკერძოებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ამ უცხოელ ოფიციალურ პირებს დღემდე ვალად აქვთ საქართველოსა და ქართული სასამართლოს წინაშე ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2“-ის და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო. ამიტომ ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს“, – წერს პაპუაშვილი.  

ხატია დეკანოიძე – გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა ის საფრთხეები, რომლებიც ჩადებულია ამ ე.წ. სარჩელში – პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს

მძიმე პროცესია და ამ პროცესის არსებობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის დემოკრატიისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. მილიონზე მეტი ადამიანი რჩება პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე - პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში საფრთხეები იკვეთება, ერთ-ერთი კი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია.„გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა ის საფრთხეები, რომლებიც ჩადებულია ამ ე.წ. სარჩელში და ის მცდელობები, რომლებიც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდება. არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ამიტომ რთულია და ზედმეტიც კია, რომ რაიმე სამართლებრივ ჭრილზე ვისაუბროთ, რადგან არსობრივად არ მსჯელობს სასამართლო არცერთ შუამდგომლობაზე.დავაყენეთ შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მოწმედ გამოძახებას, რადგან სარჩელი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ეხება. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და სასამართლოსთვის იმ კითხვებზე პასუხის გაცემა იქნებოდა მნიშვნელოვანი და გაუგებარია, თუ სარჩელი მას ეხება, რატომ არ არის წარმოდგენილი ის. ეს შიშია, რომლის გაგებაც არ უნდა სასამართლოს.ასევე, დავაყენეთ შუამდგომლობა მოწმეებად იმ მაღალჩინოსნების გამოძახებაზე, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ჩვენი ხელისუფლების პირობებში და როგორც ხედავთ, დღესაც „ქართულ ოცნებაში“ არიან. გაუგებარია, თუ სისტემაზეა საუბარი, მათი გამოძახება მოწმეებად რატომ არ უნდა მომხდარიყო, რადგან მაშინ თუ არ ჰქონდათ პრეტენზიები, დღეს რა პრეტენზიები აქვთ, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს? შუამდგომლობები ეხებოდა მოსამართლეების აცილებასაც, მაგრამ სამართლებრივი მხარე აქ, როგორც დომინანტი მხარე, არ შეიძლება ჩაითვალოს.მძიმე პროცესია და ამ პროცესის არსებობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის დემოკრატიისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. მილიონზე მეტი ადამიანი რჩება პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე. პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს.საფრთხეები თავად სარჩელში დიდია და მთავარი საფრთხე არის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ამას დაემთხვა კობახიძის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებში. ეს ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ნიშნავს. არავითარი სტატუს-კვოს შეცვლის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ვთვლით, რომ რუსეთის საფრთხეა ყველაზე მთავარი, რაც სარჩელში იკვეთება, ასევე ის, რომ ჰააგასა და სტრასბურგში მოგებული სარჩელები, ბათუმში წაშალოს.სწორედ წულუკიანის კომისიას, რომელიც ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყო, ეყრდნობა სარჩელი. სწორედ იმისთვის იყო შექმნილი ეს კომისია, რომ გაგრძელებულიყო და დაგვირგვინებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელში, საქართველო პროვოკატორ-აგრესორად არის მოხსენიებული, ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და ღალატია, რომელიც მძიმე შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ბოლო სიახლეები