ოთხშაბათი, აგვისტო 6, 2025

კალიის გუნდების თავდასხმა სამხრეთ უკრაინაზე, მათი შემოსევა ომის შედეგებს კიდევ უფრო ამძიმებს

უკრაინის ზოგიერთ რაიონში მილიონობით კალიისგან შემდგარი გუნდი გამოჩნდა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები ამბობენ, რომ ეს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ირიბი გამოძახილია: ფრონტის სიახლოვე შეუძლებელს ხდის ჰაერიდან მავნებლებთან ბრძოლის ტრადიციული მეთოდების გამოყენებას, გარდა ამისა, ოკუპანტების მიერ კახოვკას კაშხლის განადგურებამ ადგილობრივი ეკოსისტემა შეცვალა, რამაც კალიების პოპულაციის ზრდისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა.

კალია, რომელსაც უმოკლეს ვადაში მოსავლის უზარმაზარი ფართობების განადგურება შეუძლია, მდინარეების ხეობებში ან დაუმუშავებელ, მივარდნილ ადგილებში სწრაფად მრავლდება. ფრონტის ხაზის მიმდებარე რაიონებში მის წინააღმდეგ ბრძოლა თითქმის შეუძლებელია.

„ჩვენ კალიების დიდი კოლონია ვნახეთ. მეორე დღეს მოფრინდნენ ისინი, ვისაც ქვეითი ჯარი( pěchota) დავარქვი. პატარები ჭამდნენ ყველაფერს, რაც დაბალი სიმაღლის იყო, ყველაფერს ჭამდნენ. დიდები გარშემო დაფრინავდნენ და შემდეგ გაფრინდნენ. პატარები ძირს დაცოცავენ და ისევ აქ არიან, აქეთ-იქით დახტიან. მათ ყველაფერი დაფარეს, გარემოს დიდი საბანივით გადაეფარნენ“, – ასე აღწერს კალიების შემოსევას ზაპოროჟიელი ფერმერი, ოლეგ ტოლმატოვი.

პროგრესის ხაფანგი: კახოვკას კაშხლის განადგურებამ უკრაინას აურაცხელი ზიანი მიაყენა (ჩეხურ ენაზე)

მდგომარეობას ართულებს მიმდინარე წლის ზაფხულის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა. მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის თვითმფრინავების გამოყენება ფრონტის ხაზზე შეუძლებელია, ფრინველები კი, რომლებიც კალიების ბუნებრივი მტრები არიან, საბრძოლო მოქმედების ახლომახლო ზონებს გაურბიან.

„ახლა მხოლოდ ჰაერიდან ქიმიკატების შესხურება იქნებოდა ეფექტური, რომ მინდვრები მთლიანად დაეფარა, როგორც ეს ომამდე ხდებოდა“, – ადასტურებს კუსუხუმის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ვოლოდიმირ სოსუნოვსკი.

კალიები უკრაინის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მძვინვარებენ

კალიის გუნდები დაფიქსირდა ზაპოროჟიეს, ხერსონის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ვინიცის ოლქებში, ასევე უფრო ჩრდილოეთით – ჟიტომირისა და კიევის ოლქებში. ზაპოროჟიეს ოლქში ინსექტიციდები ექვს ათას ჰექტარზე მეტ ფართობ მიწაზე იქნა გამოყენებული.

„მათთან ბრძოლას მაქსიმალურად ვცდილობთ. ქუჩებში ხსნარს ვასხურებთ. ხალხი გვეუბნება, რომელ ადგილებში მომრავლდნენ კალიები, ჩვენ იქ მივდივართ და მავნებლებს ვანადგურებთ“, – ამბობს ფერმერი ტოლმატოვი.

ზაპოროჟიეს ოლქში ინსექტიციდების გამოყენებამ კალიის გუნდების ზრდა შეაჩერა, მაგრამ იქაური ფერმერები ამბობენ, რომ მზესუმზირის მოსავლის მესამედის განადგურება მავნებლებმა მაინც მოასწრეს. ხერსონის ოლქში კალიებმა მზესუმზირის ნათესები 27 კვადრატული კილომეტრ ფართობზე მოსპეს, სანამ მათი განეტრალება მოხერხდებოდა.

უკრაინა მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორია, ომამდე კი ხორბლის ექსპორტით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე იყო.

კახოვკის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დეფიციტია (ჩეხურ ენაზე)

ეკოლოგი: კახოვკის კაშხლის განადგურებამ კალიების შემოსევა გააძლიერა

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას კალიების შემოსევა პირველად არ განუცდია, წელს პრობლემა უფრო მასშტაბურია. ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონი ყოფილი კახოვკის კაშხლის ტერიტორიაა. რუსულმა ძალებმა კაშხალი 2023 წელს, უკრაინული ჯარის წინსვლის შესაჩერებლად ააფეთქეს.

„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებამ გამოიწვია ის, რომ ახლა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების დიდ ნაწილში სასმელი წყლის დეფიციტია. ამავდროულად, ეს ტერიტორიები ნაწილობრივ დატბორილია და ეს იდეალური პირობებია კალიების გამრავლებისთვის“, – განაცხადა სასოფლო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, დენის მარჩუკმა.

ამას კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ზოოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი, იური პროცენკოც ადასტურებს. მისი თქმით, კალიების წლევანდელი მასობრივი შემოსევა შემთხვევითი არ არის, ის რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის შედეგია.

„კაზაკური ატლანტიდა“ წყლიდან ამოვიდა – კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ, დნეპრი წყალქვეშა ისტორიას ასაჯაროებს (ჩეხურ ენაზე)

XIX საუკუნის ბოლომდე, კალიების მსგავსი შემოსევები უკრაინის სტეპებში ჩვეულებრივი ამბავი იყო და რამდენიმე წელიწადში ერთხელ, მწერების ბუნებრივი ციკლების მიხედვით, მეორდებოდა. XX საუკუნის შუა ხანებში, სოფლის მეურნეობისთვის სტეპური მიწების აქტიური გამოყენებისა და კახოვკის წყალსაცავის აშენების შემდეგ, ვითარება გამოსწორდა: მცენარეულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და კალიების მასობრივი გამრავლებისთვის შესაფერისი პირობები გაქრა. მაგრამ ომმა მდგომარეობა ისევ უარესობისკენ შეცვალა.

„ტოტალური (რუსული) შემოჭრის შედეგად კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებამ და სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენების შემცირებამ კალიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობების აღდგენა გამოიწვია. მწერების ბუნებრივ ციკლებთან ერთად, ამან კალიების წლევანდელი მასობრივი გამრავლებაც განაპირობა“, – აღნიშნა პროცენკომ.

„რუსული ეკოციდის შედეგი“

ამჟამად დამშრალი კახოვკის წყალსაცავის გარდა, კალიების პოტენციური გამრავლების სხვა ადგილებს წარმოადგენს ნეიტრალურ ზონა და ბრძოლის ველთან ახლოს არსებული დაუმუშავებელი მიწა. „საბრძოლო მოქმედებები შეუძლებელს ხდის სსასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებას, რაც კალიების პოტენციურ ჰაბიტატს ზრდის“, – აღნიშნავს ვებგვერდი Kyiv Post-ი. ამასობაში, ფრონტის ხაზის სიგრძემ ზაპოროჟიესა და დონეცკის მიმდებარე რეგიონში თითქმის 150 კილომეტრს მიაღწია, საგანე კი უმეტეს ადგილებში ოცდაათიდან ორმოც კილომეტრამდე გაიზარდა.

დნეპრის ქვემო დინების ორივე მხარეს, უპირატესად, ბრტყელსტეპიანი ნიადაგია, რომელიც, ხშირად, შავი მიწის ღრმა ფენებისგან შედგება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულ სასოფლო-სამეურნეო ნიადაგად მიიჩნევა. რეგიონში დიდი რაოდენობით მოჰყავთ ისეთი კულტურები, როგორებიცაა ხორბალი, სიმინდი, სოიო და მზესუმზირა, რომლებიც, ვებ-გვერდის ცნობით, კალიების საყვარელი საკვებია.

რუსებმა კახოვკის კაშხალი დისტანციურად ააფეთქეს, აცხადებს კიევი. მიმდებარე სოფლები წყლის ქვეშ აღმოჩნდა (ჩეხურ ენაზე)

„მოდით, ვიყოთ გულახდილები – მთავარი მიზეზი, დიდწილად, ომია, კერძოდ – ფრონტის ხაზთან ახლოს მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება. კალიების შემოსევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ეკოციდის შედეგია“, – დაასკვნის უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე, ვადიმ ჩაიკოვსკი.

მისი თქმით, 2022 წლიდან კონფლიქტის ზონებში კალიების პოპულაციის ზრდა შეინიშნება. 2023 წელს ამ პრობლემის წინაშე დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოსახლეობა აღმოჩნდა, ხოლო გასულ წელს კალიების დიდი კოლონიები ხარკოვის ოლქის ორ რაიონში დაფიქსირდა. თუმცა, ჩაიკოვსკის შეფასებით, წინა შემოსევები, წლევანდელთან შედარებით, მცირე მასშტაბის იყო.

როგორც The Kyiv Post-ი იტყობინება, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინის ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს, ასევე აწუხებს კალიების შემოსევის პრობლემა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სალომე ზურაბიშვილი – „ოცნება“ ცდილობს, კონკურენტები დაარწმუნოს, რომ არჩევნებში მოგების შანსი აქვთ, რეალურად რეჟიმს მონაწილეობის იმიტაცია სჭირდება, რომ შესაძლო მესამე ძალის ფორმირებას გადაუკეტოს გზა

„ოცნება“ ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება სჭირდება, არწმუნებს სამიზნე კონკურენტს მათ სწორ გადაწყვეტილებაში და იმაშიც, რომ აქვთ სერიოზული შანსი „მერიის მოგების“, ეს რწმენა აუცილებელია, რათა მონაწილეობას აზრი არ დაეკარგოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, რეალურად რეჟიმს პარტიების მონაწილეობის კი არა, მხოლოდ საზოგადოების ეშინია, მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია, რომ შესაძლო მესამე ძალის სამომავლო ფორმირებას გზა გადაუკეტოს, პოლიტიკური ნიადაგი გაასუფთავოს, სადაც „ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ გარდა სხვა ძალა გაქრება.„ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში ვკითხულობთ : “საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უკავშირდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირს.” ეს განცხადება გაკეთდა მამუკა ხაზარაძეს მონიტორინგის დაწყებასთან მიმართებაში.კი მაგრამ „თითოეულ მოქალაქეს“ უფლება რატომ არ გააჩნია, რომ იცოდეს მაღალჩინოსნების ასობით მილიონობის კორუფციულ სქემების შესახებ, მათი დაჭერის თუ გაშვების საფუძვლების შესახებ და რაც ყველაზე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს – კერძოდ მათ მიერ „მიტანილი“ თანხები ბიუჯეტის მაგივრად (სადაც ვერ აისახება) სად მიდის. მაშინ დავიჯერებთ, ამ ბიუროს და ბატონი რაჟდენის მიუკერძოებლობას. მანამდე კი ნათელზე ნათელია, რომ ეს მონიტორინგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.ეს ანგარიშსწორება არ ნიშნავს, რომ რეჟიმი ებრძვის ხაზარაძეს (ან თუნდაც სხვა ბრალდებებით გახარიას) იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობენ. პირიქით არის: ეს დევნა იმისთვის სჭირდება მმართველ პარტიას, დაგვარწმუნოს იმაში, რომ ძალიან აწუხებს და ეშინია რეჟიმს ამ ორი პარტიის კონკურენციის. გაჩაღებული რეპრესიები მათ წინააღმდეგ, ლიდერების თვალში მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სისწორეს და უჩენს რწმენას რომ გამარჯვების სხვა გზა არ არსებობს და მათ გარდა გამარჯვებას ვერავინ ვერ მოიპოვებს. ეს რწმენა მყარდება რეჟიმის მიერ მოწყობილი ყოველი მორიგი შემოტევის შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურება – რუსეთის პროკურატურის დახმარებით – ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე… ვითომცდა სხვა ძლიერი ქართველი მეომარი არ ყოფილიყოს უკრაინის ფრონტზე, რომელიც რუსეთის ამგვარ ყურადღებას დაიმსახურებდა.სინამდვილეში „ოცნება“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება მას სჭირდება. ამითი არწმუნებს სამიზნე კონკურენტს მის სწორ გადაწყვეტილებაში და იმაშიც, რომ მას აქვს სერიოზული შანსი „მერიის მოგების“. ეს რწმენა აუცილებელია, რათა მონაწილეობას აზრი არ დაეკარგოს. რეალურად რეჟიმს პარტიების მონაწილეობის კი არა, მხოლოდ საზოგადოების ეშინია. მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია არა რამე ლეგიტიმაციისთვის (რასაც ვერაფერი მას ვერ დაუბრუნებს აწი) არამედ იმისთვის, რომ შესაძლო მესამე ძალის სამომავლო ფორმირებას გზა გადაუკეტოს. მისი საბოლოო დელეგიტიმაცია, ამ პარტიების საბოლოო დისკრედიტაციით დააბალანსოს. პოლიტიკური ნიადაგი გაასუფთავოს, სადაც „ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ გარდა სხვა ძალა გაქრება. დროა ამ ხაფანგიდან გამოსვლის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

აგვისტო, შესაძლოა, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვეც კი იყოს-პორტუგალიის მატერიკული ნაწილის ჩრდილოეთ რეგიონებში სიცხის წითელი საფრთხის დონეა გამოცხადებული

პორტუგალიის მატერიკული ნაწილის ჩრდილოეთ რეგიონებში სიცხის წითელი საფრთხის დონეა გამოცხადებული, ტემპერატურამ შესაძლოა 41 გრადუსამდე მოიმატოს. დასავლური მედიის თანახმად, აგვისტო, შესაძლოა, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვეც კი იყოს.წითელი საფრთხის დონე მატერიკული პორტუგალიის ჩრდილოეთ რეგიონებში – ვიანა დო კასტელოში, ბრაგაში, პორტოში, ვილა რეალში და ბრაგანსაში გამოცხადდა.პორტუგალიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ცნობით, სამქულიანი შკალით ყველაზე მაღალი, წითელი განგაშის დონე გამოწვეულია უკიდურესად მაღალი მაქსიმალური ტემპერატურის შენარჩუნებით, სანაპირო ზოლის გარდა.

გააზიარეთ ჩვენ მარიამს ძალიან ვჭირდებით -გივიკო დიდია

,,გავზიარეთ ჩვენ მარიამს ძალიან ვჭირდებით . ანგარიშის ნომრებს და დედის საკონტაქტოს კომენტარის ველში დავდებ GE46BG0000000035191000GEL საქართველოGE93TB7657845064300105 თიბისი39001039112 მიმღები:ლანა ხარებავა.საკონტაქტო ნომერი: 575757687 ''-წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.

თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ხოლო განაცხადებების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, მოქალაქემ მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.„მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომლის დაწყებაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს, რაც ძვირად ღირებული მედიკამენტის, „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად, პროგრამის მოსარგებლეები ქმედუნარიანები ხდებიან და  მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.„ბევრჯერ მითქვამს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება, დავუდგებით გვერდით. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვნახავთ, რამდენი დახმარებაა გაცემული ჩვენი შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მიერ – სხვადასხვა სოციალური პროგრამები გვაქვს, ოპერაციებს ვაფინანსებთ და ა.შ.თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა კი ექნებათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად, განცხადებას უნდა ერთვოდეს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი; ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე; ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ; კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე; კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან; სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშები დააყადაღა

„ლელო – ძლიერი საქართველოში“ აცხადებენ, რომ პარტიის ანგარიშები აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადა.როგორც  „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში შესაბამისი შინაარსის წერილი დღეს მიიღეს.„ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თავს გვესხმის აღსრულების ეროვნული ბიურო, დღეს მოგვივიდა წერილი, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო გვატყობინებს, რომ კოლიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.მისი თქმით, ხუთი დღის განმავლობაში „არალეგიტიმური ხელისუფლება, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი და სხვები ახორციელებენ სასაცილო, იუმორისტულ შეტევას კოალიცია „ძლიერ საქრათველოზე“.„ჩვენთვის სრულიად არასერიოზული იქნებოდა მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომ არა ის რეალური ხელშეშლა ჩვენს საქმიანობაში, რომელსაც აწარმოებენ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ამ გაუგებრობაში, სისულელეში და იუმორისტული ჟანრის კლოუნადაში ე.წ. პრემიერმა კობახიძემ, მათ შორის გახვია გერმანიის ელჩი. გერმანიის ელჩი, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე აქტიურად ებრძვის „ქართული ოცნება“, რომელზეც 2025 წლის პირველ ივლისს გააკეთეს განცხადება, რომ გერმანიის ელჩი ქვეყნიდან უნდა გააძევონ. ეს გამოგონილი სიგიჟე, სიშლეგე, რომელიც შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პროპაგანდას და გაუგებარ სტრატეგიებს, წარმოადგენს ორ მიზანს – თავდასხმას გერმანიის ელჩზე და თავდასხმას იმ პროდასავლურ კოალიციაზე, რომელიც აქტიურად იბრძვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ეს არის კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ბოლო სიახლეები