ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II – „ბედნიერი ოჯახი“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
ბედნიერი ოჯახი
ქრისტიანული ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას, უსიყვარულოდ ეს კავშირი არ იარსებებს, ან დამახინჯებულ სახეს მიიღებს და შეიძლება საერთოდაც დაიშალოს. სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწვალონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ.
რას ნიშნავს ეს?
ოჯახში იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. ზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც.
ლოცვა, რა თქმა უნდა, მეუღლეთა საერთო ვალდებულებაა და ხშირად ქალები უფრო გულმხურვალენიც არიან, მაგრამ, წესით, ქმარმა უნდა დალოცოს მეუღლე და ორივემ, – შვილები. დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად ოჯახის წევრების ერთად ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას. სასურველია, ყველამ ზეპირად იცოდეს დასაწყისი ლოცვები, 50_ე და 90_ე ფსალმუნები, „იესოს ლოცვა“, „მოწყალებისა კარი განგვიღე“ და სხვა.
მეუღლეები უნდა ზრუნავდნენ თავიანთი როგორც სულიერი, ისე ინტელექტუალური განვითარებისათვის. თითოეული თავის თავში და თავის მეუღლეში უნდა ცდილობდეს ახალი გრძნობების, ახალი სიმაღლეების აღმოჩენას. ამის მიღწევა კი, მითუმეტეს სულიერი განვითარების გარეშე, შეუძლებელი იქნება; უამისოდ წყვილი ადვილად ამოწურავს ერთმანეთს და ერთიმეორისადმი ინტერესიც დაეკარგებათ; ურთიერთობა აღმოჩნდება ხანმოკლე, ზედაპირული და ხორციელ კავშირზე აგებული. და თუ ურთიერთობა მხოლოდ მიწიერი ვიწრო ინეტრესებით შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა და გულაცრუების მიზეზიც ადვილად გამოჩნდება; სულიერი ერთობა კი მტკიცეა და ხანიერი.
მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, – პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი. ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი. ასეთ შემთხვევაში იბადება ბედნიერება. ბედნიერი ოჯახი არის ისეთი ერთობა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვ სხვისგან და ამასთან უშურველად გასცემ შენს სიკეთეთ.
ეს ნიშნავს საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას; რა თქმა უნდა, ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოკიდებულება ცალმხრივად არ იქცეს, არამედ ბოლომდე დარჩეს „მე“ და „შენ“ ურთიერთობად, „ჩვენ“ ურთიერთობად და ქორწინების დღის „მეფობა“ და „დედოფლობა“ გარკვეული სახით მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს.
იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას… თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი. ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც, ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი კავშირი იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედია დასაცავი.
ოჯახშიც და ოჯახისგან დამოუკიდებლადაც ცოლსაც და ქმარსაც შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეხვდეს; ყოველთვის ეცადეთ, რთულ სიტაუციებში გაუგოთ ერთმანეთს, იყავი მეუღლის თანამგრძნობი, მაგრამ თუ იგი ცრუობს ან არასწორად იქცევა, ისე წარმართე საუბარი, რომ სიმართლეც უთხრა და თან მისი ღირსება არ შელახო.
არასოდეს დაამცირო იგი შვილების, ან სხვათა წინაშე. რომ თქვენც ერთმანეთთან მიმართებაშიც არ დაგერღვეთ ზღვარი და შვილებსაც თქვენდამი პატივისცემა არ დააკარგვინოთ.
გაითავისეთ და შვილებსაც ასწავლეთ, რომ თუ რაიმე შეგეშალათ, ან მათ შეეშალათ, ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარება დიდი ღირსებაა. ეს ძლიერი პიროვნებების თვისებაა.
არ შეუშინდეთ პრობლემებს, პირიქი, იგი თქვენი დაახლოებისა და სულიერ კიბეზე ამაღლების საშუალებად აქციეთ ად ღმერთიც აუცილებლად შეგეწევათ.
არ იჩხუბოთ, მით უმეტეს, ბავშვების თანდასწრებით, ეს მათზე მეტად მტკივნეულად მომქდებს. თუ უსიამოვნება მაინც მოგივათ, ეცადეთ, დაძინებამდე შერიგდეთ. წმინდა მამები გვარიგებენ, რომ მზე ისე არ უნდა ჩავიდეს, რომ შენს მიერ განაწყენებულ ახლობელთან ურთიერთობა არ აღადგინოო. მით უმეტეს, – მეუღლესთან.
ძალიან დიდი მნშივნელობა აქვს იმას, თუ როგორ ექცევით თქვენ თქვენს მშობლებს და თქვენი მეუღლის მშობლებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: – „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ-გეყოს შენ და დღეგრძელ-იყო ქვეყანასა ზედა,“ – ეს არის პირველი და აუცილებელი პირობა ბედნიერების მოპოვებისა.
შვილებზე ზრუნვა ორივეს მოვალეობაა. ორივე ვალდებულია, მათ თავისი დრო დაუთმონ. ბავშვებმა, პირველ რიგში, მშობლების დიდი სიყვარული უნდა იგრძნონ, მაგრამ, თუ ეს სიყვარული ეგოისტურია და მიზნად ისახავს მიკერძოებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, იგი ოჯახის დამახინჯებას შეუწყობს ხელს და მის არასწორ განვითარებას განაპირობებს.
მშობლისგან ბავშვის სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას. პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა. თქვენ ყოველთვის სიყვარულით უნდა მიუთითოთ შეცდომაზე და თან აუხსნათ შვილს, რატომ არის ესა თუ ის ქმედება მიუღებელი. თქვენი სიყვარული მათდამი უნდა გამოხატოს იმაშიც, რომ ბავშები ცხოვრებისათვის მომაზადოთ. ამიტომაც ნუ მოგერიდებათ მათი დასაქმება, შეასწავლეთ საქმე, რითაც თქვენც შეგეწევიან და მომავალში მისი ცოდნა თვითონაც გამოადგებათ.
შესაძლებლობებისამებრ ბავშვები ატრეთ ისეთ წრეებზე, რაც მათ სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს; ასწავლეთ საქართველოს ისტორია, ქართული სიმღერა-გალობა, ცეკვა, ატარეთ სპორტზე, – აღმოაჩინეთ მათში ესა თუ ის ნიჭი და მიდრეკილება და წაახალისეთ; ჩაუნერგეთ, რომ ისინი არინ ნიჭიერნი, რათა ბავშვებმა მონდომებითა და სიყვარულით გააკეთონ ყველაფერი. სასურველ გარემოში ყოფნა კი მათ შესძენს გულითად მეგობრებს და გარკვეულწილად დაცულნიც იქნებიან მავნე ზეგავლენებისგან.
მოუწონეთ სხვისი დახმარება, გასნაკუთრებით განსაცდელში მყოფის თანადგომა, ასწავლეთ ღვთის სიყვარული, ასწავლეთ წესრიგი, მადლიერების გამოხატვა, სისუფთავის სიყვარული, დროის სწორი გამოყენება… და მომავალში ისინი თქვენი დიდი მოსიყვარულენი და დამფასებელნი იქნებიან.
შვილების სწორად აღზრდის თემა მეუღლეთა შორის მუდმივი განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს, რათა შეჯერებული პოზიციით დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები.
შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველას მოსდის. ამიტომაც არის, რომ არც ბოლომდე იდეალური ოჯახი არსებობს და არც მუდმივად იდეალური ურთიერთობები.
ქრისტიანობა სიყვარულისა და მიტევების რელიგიაა. თუ შენს თავს მაცხოვრის მიმდევრად მიიჩნევ, იცოდე, რომ შენდობის უნარიც უნდა გქონდეს (სასურველია, შემცოდესაც გულწრფელი და ღრმა სინანული გააჩნდეს).
ვისწავლოთ პირველ რიგში ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ უშურველი სიყვარული, ვისწავლოთ ჯვრის მტვირთველობა, ვისწავლოთ ცხოვრება.
უფალი ბრძანებს: „ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“.
მაშ, ეძიეთ უფალში თქვენი ბედნიერება და მიაგნებთ მას.
ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი და მშვიდობითა და სიხარულით აღგავსოთ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქრისტეშობა-შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება...

დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:- მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.„ქალწული შობს დღეს მაცხოვარს“ - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს:- როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!

დღეში ერთი ჭიქა სასმელიც კი კიბოს რისკს ზრდის – ახალი კვლევა

მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, დღეში ერთი ჭიქა სასმელიც კი პირის ღრუს კიბოს რისკს 50%-ით ზრდის.პირის ღრუს კიბო გლობალურად მე-11 ადგილზეა გავრცელებით და განსაკუთრებით ხშირია სამხრეთ აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთში.ახლახან მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება თამბაქოსთან ერთად, რაც სამხრეთ აზიაში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით მძიმე კომბინირებული ეფექტია.კვლევამ, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში BMJ Global Health, დაადგინა, რომ ეს კომბინაცია შესაძლოა ინდოეთში პირის ღრუს კიბოს შემთხვევის თითქმის ორი მესამედის მიზეზი იყოს.

ანტონიუ გუტერეში – ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ იყო დაცული 3 იანვარს ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ვენესუელაში აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო და განაცხადა, რომ „საერთაშორისო სამართლის წესები არ იყო დაცული“. ამის შესახებ ნათქვამია გუტერეშის წერილში, რომელიც მისმა მოადგილემ, როსმარი დიკარლომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წაიკითხა.სხდომაზე ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.„მე ღრმად ვარ შეშფოთებული ვენესუელაში არასტაბილურობის სავარაუდო ინტენსიფიკაციის გამო, ასევე რეგიონზე პოტენციური ეფექტით და იმ პრეცედენტით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ვენესუელაში ვითარება, უკვე მრავალი წელია, არის როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო შეშფოთების საგანი. ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება გაიზარდა ვენესუელაში 2024 წელს ჩატარებული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საარჩევნო ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც მე დავნიშნე ვენესუელის მთავრობის მოთხოვნით, ხაზი გაუსვა სერიოზულ პრობლემებს. ჩვენ მუდმივად ვითხოვდით სრულ გამჭვირვალობას და არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას“, – ნათქვამია გუტერეშის წერილში.ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო სამართალი.„მე მუდმივად ხაზს ვუსვამდი ყველა მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის დაცვის იმპერატიულობის მნიშვნელობას, მათ შორის გაერო-ს ქარტიისა, რომელიც ქმნის საფუძველს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ იყო დაცული 3 იანვარს ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ვენესუელის საკითხში ჩართულ ყველა მხარეს, ჩაერთონ ინკლუზიურ და დემოკრატიულ დიალოგში, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ყველა სექტორს შეეძლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

გოგა მანია ვიდეომიმართვას ავრცელებს

ვრცელდება გოგა მანიას ახალი ვიდეომიმართვა:„თქვენს გარეშე სამყარო არაფერი იქნებოდა, რასაც ჩემს თავს ვუსურვებ იგივეს გისურვებთ. დაე გაბრწყინებულ საქართველოში გვეცხოვროს, ყველას გილოცავთ 2026 წელს“- ამბობს გოგა. 

ტემპერატურა -11° გრადუსამდე დაეცემა! – განახლებული ამინდის პროგნოზი

6  იანვარი - სამშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით  -8, -3°, დღისით +2, +7°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, ზოგან -6°-მდე, დღისით +8, +13°;  მთაში ღამით -10, -5°,  დღისით +3, +8°, მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით +1, +6°.7  იანვარი - ოთხშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +3, +8°, ზოგან -1°-მდე;  დღისით +13, +18°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით  +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, ზოგან -8°-მდე, დღისით +5, +10°, ზოგან  +14°-მდე;  მთაში ღამით -9, -4°, დღისით +3, +8°,ზოგან +11°-მდე; მაღალმთაში ღამით -12, -7°, დღისით -1, +4°, ზოგან  +8°-მდე.8  იანვარი - ხუთშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი  10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +3, +8°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით  +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, ზოგან -6°-მდე, დღისით +9, +14°, მთაში ღამით -9, -4°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -12, -7°,  დღისით -1, +4°, ზოგან +8°-მდე.

ბოლო სიახლეები