სამშაბათი, მაისი 27, 2025

იტალია და ევროკავშირის კიდევ 8 ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გადახედვას ითხოვს

იტალიამ და ევროკავშირის კიდევ რვა სხვა სახელმწიფომ, მათ შორის დანიამ და პოლონეთმა, ხუთშაბათს ღია წერილი გამოაქვეყნეს. ევროპელი ლიდერები გამოდიან მოწოდებით, გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირების საკითხი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც მიგრაციას ეხება. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, მათ „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირებაზე ახალი და საღი გონებით საუბრის დაწყება სურთ“. „ჩვენ უნდა აღვადგინოთ სწორი ბალანსი“, – აცხადებენ წერილის ხელმომწერები. კონვენცია, რომელიც ძალაში 1953 წელს შევიდა, შეეხება: სიცოცხლის უფლებას; მონობის, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას; გამოხატვის თავისუფლებას; დისკრიმინაციის აკრძალვას და ოჯახური ცხოვრების უფლებას.

მისი დებულებები კონვენციის ხელმომწერმა 46-ვე ქვეყანამ უნდა დაიცვას, მათ შორის ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება კი ყველასთვის სავალდებულოა. მიგრაციის საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შეცვლამ ხელი შეუწყო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებში მემარჯვენე რადიკალური ძალების გამარჯვებას, რამაც ამ ქვეყნების მთავრობებზე ზეწოლა გაზარდა. წერილი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირების საკითხის გადახედვის მოთხოვნას შეიცავს, გამოქვეყნდა რომში მელონისა და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის შეხვედრის შემდეგ, რომლებსაც მიგრაციის საკითხზე მკაცრი პოზიცია უკავიათ. მათ მიმართვას ავსტრიის, ბელგიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ლიდერებიც შეუერთდნენ.

ევროკავშირის საგარეო საზღვრების დაცვის საქმეთა სააგენტო „ფრონტექსის“ მონაცემებით, 2023 წლის თითქმის 10-წლიანი პიკის შემდეგ, გასულ წელს ევროკავშირში საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მაჩვენებელი 38 პროცენტით შემცირდა და 239 000 შემთხვევამდე დავიდა. მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელმა, იტალიისა და დანიის „ქორების“ ლიდერობით, ოქტომბერში ახალი კანონმდებლობის სასწრაფოდ მიღება მოითხოვა, რათა მიგრანტების დეპორტაციის ტემპები დაჩქარდეს, ხოლო ევროკომისიამ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის „ინოვაციური“ მეთოდები შეიმუშავოს.

„ძალიან შორს“

წერილზე ხელმომწერი ცხრა ქვეყანა აცხადებს, რომ დროა, დაიწყოს „დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება საერთაშორისო კონვენციები იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ“. მათ ასევე მოუწოდეს „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, გააკეთოს განმარტებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირებზე“. ასეთი მოწოდების საფუძველი გახდა ის, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში მიგრანტების მიმართ სავარაუდო უკანონო მოპყრობის საქმეების განხილვისას, ადგილობრივი მთავრობები კონვენციის დებულებების დარღვევაში დაადანაშაულა, ხოლო დანიას მოუწოდა, რომ მიგრანტთა ოჯახების წევრთა გაერთიანების (მათი შეერთების – რედ.) წესები შეეცვალა. სასამართლომ ასევე გამოიტანა მრავალი გადაწყვეტილება იტალიის წინააღმდეგ, მიგრანტების მიმართ მოპყრობის გამო.

აღნიშნულის გამო, სახელმწიფოებს აინტერესებთ, „სასამართლო, ზოგიერთ შემთხვევაში, ხომ არ გასცდა კონვენციის ჩარჩოებს, ზედმეტად ხომ არ გააფართოვა თავისი უფლებამოსილების არეალი და ამით ხომ არ შეცვალა შეცვალა ბალანსი იმ ინტერესებს შორის, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული“. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ინტერპრეტაციამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეზღუდა ჩვენი შესაძლებლობა, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჩვენს დემოკრატიებში“, – ნათქვამია წერილში. სხვა ევროპელი ლიდერების მსგავსად, მელონიმ არალეგალური მიგრაციის შემცირებას პირობა დადო, მაგრამ მისმა ნაბიჯმა იტალიაში უკანონოდ შესული მიგრანტების ალბანეთში გახსნილ მიგრანტთა ცენტრებში გადაგზავნის შესახებ მთელი რიგი იურიდიული სირთულეები და შეფერხებები გამოიწვია. იტალიელმა მოსამართლეებმა არაერთხელ თქვეს უარი იტალიის ხელისუფლების მიერ ზღვაზე დაკავებული მიგრანტების ალბანეთში გადაგზავნის გადაწყვეტილებისთვის მოეწერათ ხელი და ასეთი საქმეები მათ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაუგზავნეს, რომელსაც თავისი აზრი ჯერ არ გამოუთქვამს.

მიუხედავად იმისა, რომ წერილზე დიდი ბრიტანეთის ხელმოწერა არ არის, მისმა საკუთარმა სქემამ – მიგრანტების „ძალიან შორს“, რუანდაში დეპორტაციამ – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან კონფლიქტი მაინც გამოიწვია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება

ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, ასევე არიან დაშავებულები. ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.კერძოდ, შანდუნის პროვინციაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 19, ექვსი კი დაკარგულად ითვლება.შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიგზავნა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცის თანახმად, ქარხანა პესტიციდებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებს აწარმოებს.მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აფეთქებამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ამ დროისთვის აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

“წიგნის ფუნქცია დაიკარგა. ამას ხელს სკოლაც უწყობს. შეიძლება, ბავშვი უმაღლეს სასწავლებელში ისე ჩაირიცხოს, წაკითხული არ ჰქონდეს ილია, აკაკი, ვაჟა, “ვეფხისტყაოსანი”? – ენათმეცნიერი განათლების სისტემაში...

ენათმეცნიერი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი გადაცემაში "შემდეგი გაჩერება" განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბევრ სტუდენტს ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო პროგრამიდან ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვს:- უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის პირველ კურსზე, ქართულ ენას ვასწავლი. ზოგჯერ, კლასიკური ნაწარმოებიდან წინადადება მიმაქვს, სტუდენტს დავაწერინებ და ვთხოვ, რომ სიტყვა, არსებითი სახელი გაარჩიოს: "ვინ" ჯგუფის არის თუ "რა" ჯგუფის? სულიერია თუ უსულო? საკუთარია თუ საზოგადო? ეს რომ თქვას, ბავშვმა იმ სიტყვის შინაარსი უნდა იცოდეს. ელემენტარული ქართული სიტყვა არ იცის. სერი, ჩირგვი, ბუჩქი რა არის - ასეთი რაღაცები უჭირთ. საოცრებაა... ძალიან მძიმე დღეში ვართ. წიგნის ფუნქცია დაიკარგა. მაგრამ, ამას ხელს სკოლაც უწყობს. შეიძლება, ბავშვმა სკოლა ისე დაამთავროს და უმაღლეს სასწავლებელში ისე ჩაირიცხოს, რომ მას წაკითხული არ ჰქონდეს ილია, აკაკი, ვაჟა, "ვეფხისტყაოსანი" და უმაღლესი შეფასება მიიღოს? ეროვნულ გამოცდაზე ორ თემას - ერთს პროგრამულს, მეორეს კი არაპროგრამულს სთავაზობენ და ეუბნებიან, რომ იმის მიხედვით თემა დაწეროს. არასაპროგრამოდან ტექსტია მოცემული და კითხვების მიხედვით იქვე წაიკითხავს და დაწერს. ეს ძალიან მარტივია. ბავშვს "ვეფხისტყაოსნიდან" ვეკითხები, სადაურია როსტევანი. შეიძლება, სკოლადამთავრებულმა სტუდენტმა თქვას, რომ არ იცის, როსტევანი რომელი ქვეყნის წარმომადგენელია?! "იყო არაბეთს როსტევან" - პირველივე ფრაზაა. კითხვაზე, რომელ საუკუნეში დაწერა ილია ჭავჭავაძემ "აჩრდილი", მე-5, მე-6, მე-9... ყველა საუკუნეს ასახელებენ. ეს უბედურება გვჭირს. თუ სასკოლო განათლებას ხელი სერიოზულად არ მოვკიდეთ, არაფერი გვეშველება. ბავშვებს ვეუბნები, რომ დაასრულონ ფრაზა: "ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო..." ნახევარზე მეტს გაგონილი არ აქვს. საოცრება...თინეიჯერებისათვის ერთი წიგნი გამოვეცი. დავაწერე: ნინველთათვის და ყრმათათვის. "ნინველი" საოცრად ლამაზი სიტყვაა და სულხან-საბა ორბელიანს პირდაპირ აქვს განმარტებული, რომ ასე 11-დან 20 წლამდე ადამიანებს ჰქვია. ყრმა კი - 20-დან 30 წლამდე ადამიანებს. ძალიან მწყდება გული, რატომ დამჭირდა, რომ სიტყვა "თინეიჯერი" გამომეყენებინა? "მეოხებით" შესანიშნავი სიტყვაა, რატომ უნდა დამჭირდეს სიტყვა "სპონსორი"? ქართული სახელები, თვეების, დღეების სახელები დაიკარგა. ეს ყველაფერი ჩვენი დაუდევრობით ხდება.

წნორში, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი, გიორგი ბენაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მერაბ კოსტავას ეროვნულ  მოღვაწეობაზე ისაუბრეს.ბიუსტის ავტორია,  მოქანდაკე ვალერიან ჯიქია.ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე წნორის მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში,  ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო გოგონას მშობლები გახდნენ

ბევრისთვის საყვარელი მოცეკვავე წყვილი - რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო - პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ ქალიშვილი შეეძინათ და მილოცვებს უკვე ღებულობენ სოციალურ ქსელში.დეკემბერში ამცნეს მათ სიახლე საზოგადოებას და სქესის გაგების ცერემონიიდან ვიდეოც გამოაქვეყნეს, თუმცა ისე, რომ სქესი არ გაუმხელიათ. ორსული კარინა მეუღლესთან ერთად "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალშიც გამოჩნდა და ემოციურად იცეკვა. მათ ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.უკრაინელი კარინა რატიმ 6 წელზე მეტი ხნის წინ გაიცნო. თავიდან მათ მხოლოდ საქმე აკავშირებდათ - კარინა რატის მეწყვილე იყო. თუმცა საქმიანი ურთიერთობა რომანში მალევე გადაიზარდა და 2021 წელს წყვილმა იქორწინა კიდეც. "კარინა ჩემი ნომერი პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა…" - ამბობს რატი.რატი გაჩეჩილაძე მოცეკვავეების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. მისი მშობლები "თელას" დამფუძნებლები იყვნენ. ახლა ამ ცნობილ საცეკვაო სტუდიას თავად უძღვება ძმასთან - ასევე მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან ერთად. რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დისქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოში ამჯობინა ცხოვრება და საქმიანობა.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.ადგილზე აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პატიმრების მხარდამჭერი პლაკატები წარწერით: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”.დემონსტრანტების განცხადებით, პერიოდულად აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავენ, რადგან მათი მიზანია, “ქართული ოცნებისთვის” მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა.ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც იმყოფება, „ქართული ოცნების" ოფისის წინ პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.

ბოლო სიახლეები