კვირა, თებერვალი 23, 2025

ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია.

სან-პაულოში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ტურნირი მიმდინარეობს. ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან იაპონელ ანრი საკურაისთან ანგარიშით 14:15 დათმო.

სან-პაულოს ტურნირზე ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს, გვანცა ზადიშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

დღეს რაპირით ორთაბრძოლებში ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ჩაერთვებიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე- „ტვ პირველის“ სიუჟეტი იყო მიკერძოებული, არაკრიტიკული შინაარსის და წარმოადგენდა არაკომპეტენტურ მცდელობას, რომ კრედიტის თხოვნა წარმოჩენილიყო ბრალდებულის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ „სიუჟეტი იყო მიკერძოებული, არაკრიტიკული შინაარსის და წარმოადგენდა არაკომპეტენტურ მცდელობას, რომ კრედიტის თხოვნა წარმოჩენილიყო ბრალდებულის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების დასტურად, ხოლო მთავარ არგუმენტად მოყვანილ იქნა ე.წ გერმანული საექსპერტო დასკვნა“. მისივე თქმით, ,,ექსკლუზიური“ აუდიოჩანაწერის დანაწევრებული სახით გაშვება უტყუარად ადასტურებს მის უვარგისობას ბრალდებულისათვის სასარგებლო დასკვნების გამოტანის თვალსაზრისით. „მსურს საზოგადოებისთვის განმარტება გავაკეთო ტელეკომპანია TV პირველის ეთერში 2025 წლის 22 თებერვალს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ბრალდებული ბაჩიაშვილის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილ არაავთენტურ/დამონტაჟებულ აუდიოჩანაწერს და რომელიც, ბრალდებულის განმარტებით, მან შექმნა 2015 წელს, მაშინ როცა დაზარალებულ ბიძინა ივანიშვილთან მივიდა კრედიტის სათხოვნელად. სიუჟეტი იყო მიკერძოებული, არაკრიტიკული (ემსახურებოდა მხოლოდ ბრალდებულის ე.წ არგუმენტების უპირობო ჭეშმარიტებად წარმოჩენას) შინაარსის და წარმოადგენდა არაკომპეტენტურ მცდელობას, რომ კრედიტის თხოვნა წარმოჩენილიყო ბრალდებულის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების დასტურად, ხოლო მთავარ არგუმენტად მოყვანილ იქნა ე.წ გერმანული საექსპერტო დასკვნა. საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინფორმაციის მიწოდება მოხდა იმგვარად, რომ სიუჟეტის ავტორებმა ექსკლუზიურად მოიპოვეს აუდიოჩანაწერი (რაც სასაცილოა, ჩანაწერების განმახორციელებელ პირს წესით აღარ უნდა ერიდებოდეს იმის პირდაპირ აღიარება, რომ ტელევიზიასაც გაუზიარა მისი შემოქმედების ნაყოფი) და მასში ასახული შინაარსი თითქოსდა შეიცავდა აქამდე უცნობ და სენსაციურ ფაქტებს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ დამონტაჟებული ჩანაწერიც კი, სიუჟეტში არასრულად, ავტორების აზრით (რადგან გაშვებული მონაკვეთებიც კი მიუთითებს დაცვის მხარის უსუსურ პოზიციაზე) ბრალდებულისათვის მისაღებ კონტექსტში გაშუქდა. ვფიქრობ, ,,ექსკლუზიური“ (სინამდვილეში, აღნიშნული ჩანაწერი დიდი ხანია უკვე, რაც ერთვის საქმეს და მხარეებისთვის ცნობილია) აუდიოჩანაწერის დანაწევრებული სახით გაშვება უტყუარად ადასტურებს მის უვარგისობას ბრალდებულისათვის სასარგებლო დასკვნების გამოტანის თვალსაზრისით“,-წერს ადვოკატი წიქვაძე.

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაში

„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიურ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ხორციელის კვირას, საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს იქადაგა სამების ტაძარში. შიო მუჯირის თქმით, მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. გვიახლოვდება დიდი მარხვა და ამიტომ წმინდა ეკლესია, რომელიც გვამზადებს მარხვისთვის და მოგვიწოდებს ღვთივსათნო ცხოვრებისკენ, დღეს გვიკითხავს იგავს სახარებიდან საშინელი სამსჯავროს შესახებ. ეს სამსჯავრო იქნება საშინელი, ვინაიდან მსაჯული არის ყოვლისმცოდნე ღმერთი, რომელიც აღწევს ადამიანის სულის სიღრმემდე და მისგან არ დაიფარება ჩვენ მიერ ჩადენილი არცერთი საქმე, არცერთი წარმოთქმული სიტყვა, საიდუმლო აზრი თუ გრძნობა. ეს ყველაფერი გამოაშკარავდება საშინელ სამსჯავროზე, ცხადი გახდება ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე. წარმოიდგინეთ, როგორი სირცხვილი დაგვეუფლება, რა შიში და ძრწოლა შეგვიპყრობს უკანასკნელი განაჩენის მოლოდინში! მაშინ ეტყვის უფალი მის მარჯვნივ მყოფებს: „მოდით, კურთხეულნო ჩემი მამისა, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ (მთ. 25,34). ასევე ეტყვის მათ, ვინც მისგან მარცხნივ არის: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის“ (მთ. 25,41). და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართლები - მარადიულ სიცოცხლეში, მარადიულ ნეტარებაში. აი, ასე დასრულდება კაცობრიობის ისტორია სახარების მიხედვით. როგორც ხედავთ, ამ იგავში თითქოს დავიწყებულია ადამიანთა სხვა საქმეები და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყალებას. მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიურ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ. ეს ბუნებრივი და სამართლიანია, რადგან მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისა. მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას. ამიტომ არცერთი სათნოება ისე არ ფასობს, როგორც მოწყალება. უფალი ხარობს, როდესაც გული შეგვტკივა გლახაკთა და ღარიბთა გასაჭირის გამო, როდესაც ვიჩენთ თანაგრძნობას, თანალმობას სხვათა უბედურების ჟამს და მწუხარების დროს. „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“ (მთ. 9,13), - ეუბნება უფალი ამპარტავან ფარისევლებს. „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ ისინი შეწყალებულნი იქნებიან“ (მთ. 5,7), - ამბობს უფალი მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში. ამ იგავიდან ზოგიერთი არასწორ დასკვნას აკეთებს, ვინაიდან აქ მარტო მოწყალებაზეა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული, ასე ფიქრობენ, რომ ქველმოქმედება და ამ იგავში ჩამოთვლილი საქმეები საკმარისია იმისთვის, რომ გავმართლდეთ საშინელ სამსჯავროზე და იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორ სწამს, რამდენად სწორად აღიარებს დოგმატებს, ეკლესიის სწავლებას და ა.შ. ამას შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა იოანე ოქროპირი. ის ამბობს, რომ როგორც რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე, ასევე საქმეებიც მკვდარია რწმენის გარეშე. თუ შენ მართებულად აღიარებ დოგმატებს, მაგრამ არ ზრუნავ კეთილ საქმეებსა და შენს ცხოვრებაზე, ეს დოგმატები სარგებელს არ მოგიტანს; და პირიქით, თუ ზრუნავ კეთილი საქმეების კეთებაზე, მოწყალებაზე, მაგრამ მოიკოჭლებ დოგმატებში და უგულებელყოფ მათ, ესეც არავითარ სარგებელს არ მოგიტანს. ამიტომ აუცილებელია, ჩვენი სულიერი სახლი ორივე მხრივ იყოს მყარი. უფალი ამბობს: „ვინც მოისმენს ჩემს სიტყვებს და შეასრულებს, იმას ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც თავისი სახლი ააშენა კლდეზე. ეკვეთნენ მას ქარები მაგრამ, ვერაფერი უქნეს“ (მთ. 7, 24-25). ხედავთ, როგორ უნდა უფალს, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება ყოველმხრივ გამართული იყოს?! სიტყვაც ვისმინოთ, შევითვისოთ და საქმეებიც აღვასრულოთ, ხოლო ვინც მხოლოდ ერთ მხარეს აქცევს ყურადღებას და მეორეს უგულებელყოფს, იმაზე რას ამბობს უფალი? „ვამსგავსო კაცსა უგუნურსა, რომელმაც თავისი სახლი ააშენა ქვიშაზე. ეკვეთა მას ქარიშხალი და მაშინვე წაიქცა“ (მთ. 7,26-27). აი, რა მნიშვნელობა აქვს ორივე მხრივ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ღვთის სიტყვას და ეკლესიის სწავლებას, რომელიც ეფუძნება ღვთის სიტყვას. უფალი ამბობს: “ვინც... არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს” (ინ. 12, 47-48). ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მოვემზადოთ და ვიფხიზლოთ. ვეცადოთ, რომ ღვთის სიტყვაც შევიმეცნოთ და შევითვისოთ და საქმითაც აღვასრულოთ ის. თუ ასე მოვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ ამ მიწიურ ცხოვრებასაც გავივლით უსაფრთხოდ და მარადიული ცხოვრებისთვისაც მოვიმზადებთ დიდ კადნიერებას, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - ნათქვამია შიო მუჯირის ქადაგებაში.

ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი, გიო ხუციშვილი დღეს 63 წლის გახდებოდა

ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი გიო ხუციშვილი დღეს 63 წლის გახდებოდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მისი მეუღლე მაია ჯორჯაძე სოციალურ ქსელში გიოს ვიდეოს გვიზიარებს. „გიო 63“, – წერს მაია ჯორჯაძე.  

კახა კალაძე – პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას

პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. „ქართველი იუნკრების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას. მარადიული ხსოვნა იყოს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკრების!“,- აღნიშნავს კახა კალაძე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ერთად პარლამენტში იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიება.

ჩვენ რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვეუბნებოდნენ, ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ტყვია გაისვრიდა, არავის ეცოდინებოდა – შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციას ჩვენ არ ვყოფნით და ახლა ამერიკის ხელისუფლების კრიტიკაზე გადავიდა, გასაგებია. ჩვენს მაგალითზე ვიცით, რისკენ მოგვიწოდებდნენ ისინი ზუსტად სამი წლის წინ, ესკალაციისკენ, სანქციებისკენ, ცის ჩაკეტვისკენ, საზღვრების დაკეტვისკენ,. ამის ბოლოში რომ იყო გარანტირებულად ეკონომიკური კოლაფსი და უმაღლესი ალბათობით იყო სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან, ამას არ უნდა დიდი გეოპოლიტიკის ცოდნა, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, მმართველი პარტია რომ მოქცეულიყო ისე, როგორც ამას ოპონენტების ნაწილი მოუწოდებდა, ახლა ქვეყანაში რთული მდგომარეობა იქნებოდა. „გავიხსენოთ, ვინ როგორ იქცეოდა, რას აკეთებდა ოპოზიცია. ნახევარი იდგა აეროპორტში და უკრაინიდან გამოგზავნილ თვითმფრინავებს ელოდებოდა, მოხალისეები უნდა გავაგზავნოთ აქედან სახელმწიფოს სახელითო. მეორე ნახევარი იდგა რუსთაველზე, მათთან ერთად იდგნენ „ენჯეოს“ წარმომადგენლები და ზუსტად ამ დღეებში ამბობდნენ, რომ ბომბების ცეცხლი გვირჩევნია იმ სირცხვილის წვასო. ამას გვეუბნებოდნენ „ენჯეოები“ და ოპოზიცია. ჩვენ რომ მაშინ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ოპოზიცია, „ენჯეოები“ და ოპოზიციის ამომრჩეველი მიგვიწოდებდა, საქართველო ეკონომიკურად ჩამოიშლებოდა და ახლა ვიქნებოდით ომგამოვლილი ქვეყანა. რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ტყვია გაისვრიდა ამ ქვეყანაში, არავის ეცოდინებოდა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ იმ აჟიოტაჟს, რომელსაც ყოველ ჯერზე ტეხდნენ, არ ავყევით, შევძელით დღეს ვიყოთ ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები