ორშაბათი, ივნისი 16, 2025

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

ირანი აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს მათი სამხედრო ბაზებისა და გემების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს ირანის მიერ საპასუხო იერიშის ფარგლებში გაშვებული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ვრცელდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 ივნისს, ირანზე ისრაელის იერიშების პირველი ტალღის შემდეგ Fox News-თან საუბრისას თქვა, რომ “საჭიროების შემთხვევაში” აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. პარალელურად, მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ამერიკული ძალები ისრაელს ირანის მიერ საპასუხოდ გაგზავნილი დრონების ჩამოგდებაში ეხმარებოდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 ივნისს ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელს ირანის თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარებოდა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 13 ივნისს განაცხადა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს ისრაელისთვის რაიმე სახის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა დეესკალაციის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

ამასთან, The Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელის თავდაპირველი იერიშების გეგმის შესახებ წინასწარ არ იცოდა.

ცნობისთვის, ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით “აღმავალი ლომი” წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.

იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებულია ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაც. ირანელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, თეირანის გარშემო დაბომბილია, სულ მცირე, 6 სამხედრო ბაზა.

“აღმავალი ლომის” სამიზნეები გახდნენ ირანის სამხედრო გენერლები, მეთაურები თუ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსნები. ოპერაციის შედეგად განეიტრალებულთა შორის არიან IRGC-ს მეთაური ჰოსეინ სალამი და საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი ამირ ალი ჰაჯიზადე. მოკლულია რამდენიმე მეცნიერიც, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.

ირანმა საპასუხო იერიშის ფარგლებში ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულია 1481 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა სამოქალაქო პირია.მანამდე ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ იერიშების შედეგად, სულ მცირე, 406 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო, სულ მცირე, 654 დაშავებული.შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ირანზე მასიური საჰაერო იერიში 13 ივნისს მიიტანა. მას შემდეგ კი რამდენიმე ღამეა, რაც ქვეყნებს შორის საჰაერო იერიშები გრძელდება.

ირანში ადასტურებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი

ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი. ინფორმაციას ადასტურებენ ირანშიც.ირანის სახელმწიფო მედიაში აცხადებენ, რომ 15 ივნისს ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად კაზემი, მისი მოადგილე ჰასან მოჰაკეკი და გენერალი მოჰსენ ბაღერი დაიღუპნენ.ასევე, ვრცელდება ცნობები ირანის პოლიციის უფროსის, აჰმადრეზა რადანის ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.

თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა

ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს.როგორც საიდ ხათიბზადი აღნიშნავს, ისრაელმა შენობაზე იერიში განზრახ მიიტანა.„თავდასხმის დროს რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს მინისტრის მოადგილე.ის ასევე აცხადებს, რომ შენობა პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის პირდაპირ მდებარეობს. თავდასხმის შედეგად, ასევე დაზიანდა კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.„ეს კიდევ ერთი აშკარა ომის დანაშაულია, რომელიც ისრაელის რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე და სისტემატური აგრესიის კამპანიის ნაწილია“, – წერს ხათიბზადი.

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად, 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელის, კაია კალასის მოთხოვნით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა.„ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოიწვია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოშეხვედრა სამშაბათს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.შეხვედრაზე განხილული იქნება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება და შემდგომი ნაბიჯები.

„გაფრთხილებთ და გეუბნებით მოსალოდნელი მოვლენების შესახებ“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეზოტერიკოსი გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

ბოლო სიახლეები