,,დღეს საღამოს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დამშვენებული იყო ოფიციალური გზავნილით, რომელიც ეხებოდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის არჩევასა და ქართველი ხალხისადმი მილოცვას, — ხალხისადმი, რომელმაც ჩვიდმეტი საუკუნის განმავლობაში რწმენა, სულიერი ტრადიციები და ეკლესია საკუთარი ისტორიული და კულტურული იდენტობის განუყოფელ ნაწილად შეინარჩუნა.
ქართული ერი მსოფლიოს ისტორიულ მეხსიერებაში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ერი რწმენის, ზნეობის, ტრადიციებისა და სულიერი ღირებულებების მიმართ — ერი, რომელმაც ყველაზე მძიმე ეპოქებშიც კი საკუთარი სარწმუნოება დაიცვა და მის მიმართ ერთგულება შეინარჩუნა.
ჩვენი თვალსაზრისით, ქრისტიანული რწმენისადმი ასეთი ღრმა ერთგულება პატივისცემისა და დაფასების ღირსია. წმინდა ყურანში მრავალჯერაა მოხსენიებული უდიდესი პატივისცემით იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა მარიამი. ეს კი ნათლად მიუთითებს, რომ მუსლიმთა შორის ჭეშმარიტი რწმენა, სულიერება და ღვთიური ზნეობა უაღრესად პატივსაცემია.
ირანელ და ქართველ ხალხებს მხოლოდ მეზობლობა როდი აკავშირებს; მათი კავშირი ურთიერთპატივისცემას ეფუძნება — ისტორიის, კულტურის, სულიერებისა და ადამიანური ღირებულებების მიმართ.
ირანი დიდ პატივს მიაგებს ქართველი ხალხის ღრმა რწმენას და ეკლესიის წმინდა ადგილს ქართულ საზოგადოებაში და მეგობარ ქართველ ხალხს უსურვებს მშვიდობასა და ღვთის კურთხევას”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

