ორშაბათი, თებერვალი 16, 2026

ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი-როცა დოკუმენტები პოლიტიკაზე მეტს ამბობენ

როცა დოკუმენტები პოლიტიკაზე მეტს ამბობენ- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი წერს.

”ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი დროის იმ ხანმოკლე პერიოდში, რაც თბილისში ვასრულებ სამსახურეობრივ მისიას, ირან–საქართველოს ურთიერთობების ისტორიისა და დოკუმენტების შესწავლაა. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას სისტემატურად ვეცნობი ისტორიულ წყაროებს. ახლახან დავასრულე საქართველოს ეროვნული არქივის ერთ-ერთი დოკუმენტის ხელახალი დამუშავება, რომელიც 1705 წლის 26 მარტით თარიღდება და სეფიანთა ეპოქას ეკუთვნის.
დოკუმენტი ეხება თბილისის ერთ-ერთი აბანოსთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავას. აღნიშნული აბანო ადრე ეკუთვნოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და იქიდან მიღებული შემოსავალი მონასტერში ბერების საარსებო სახსარს ხმარდებოდა.  იმდროინდელმა ერთ-ერთმა სახელმწიფო მოხელემ, ისლამური ვაკფის მოტივებით, ეს აბანო საკუთრებაში გადაიფორმა. საქართველოს ეკლესიის პატრიარქმა ეს ამბავი გაასაჩივრა. მისი საჩივრის შემდეგ ირანის სამეფო კარზე საკითხი განიხილეს და სეფიანთა შიიტმა შაჰმა, დაადგინა რა პრეტენზიის უსაფუძვლობა, ისპაჰანიდან გასცა ბრძანება, რომ აბანო დაუყოვნებლივ ჩამოერთმიათ აღნიშნული პირისთვის და დაებრუნებინათ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიისათვის, ხოლო მისი შემოსავალი კვლავ ძველი წესის მიხედვით მოხმარებოდა ეკლესიის საჭიროებებს.
ეს მაგალითი იმიტომ კი არ მოგვიყვანია, რომ წარსული შევაფასოთ, არამედ იმიტომ, რომ ყურადღება გავამახვილოთ ისტორიის დოკუმენტური და მრავალმხრივი გააზრების აუცილებლობაზე. სეფიანთა მმართველობის შეფასება საქართველოში სერიოზულ კვლევას საჭიროებს, რომელიც უნდა დაეფუძნოს ავთენტურ წყაროებს, ასევე ირანელ და ქართველ მკვლევართა ერთობლივ თანამშრომლობას. მხოლოდ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი ერთიანი, სამეცნიერო და სანდო ნარატივის ჩამოყალიბება და სტერეოტიპების, ბრალდებებისა და იდეოლოგიური ინტერპრეტაციების თავიდან აცილება.
ისტორია არ არის პოლიტიკური განაჩენების სივრცე; იგი ადამიანის გამოცდილების გააზრების სფეროა დროის კონტექსტში, გამოცდილებისა, სადაც გეოგრაფიული და კლიმატური ფაქტორები, ასევე ძალაუფლების სტრუქტურები ერთდროულად მოქმედებს. ისტორიკოსს მხოლოდ ამ სირთულეების გათვალისწინებით შეუძლია სწორად აღიქვას წარსული.
როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში და როგორც ირანისა და მისი მეზობელი ქვეყნების ისტორიის სფეროში მრავალწლიანი კვლევითი გამოცდილების მქონეს, მჯერა, რომ დადგა დრო ორ ქვეყანას შორის ღრმა აკადემიური დიალოგის დასაწყებად. ერთობლივი კვლევითი მექანიზმების, განსაკუთრებით ისტორიული კვლევების კომიტეტების შექმნა, ხელს შეუწყობს არქივების სისტემურ შესწავლას და საერთო ისტორიული ნარატივის მეცნიერულად გამყარებას.
წარსულის დოკუმენტური და ყოვლისმომცველი გააზრება არა ტრავმების გამეორებისთვის, არამედ მომავალი თაობების ცნობიერების ასამაღლებლად და თანაცხოვრების, სოციალური გამძლეობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად არის აუცილებელი. ირანისა და მისი მეზობლების მომავალი ურთიერთობები ვერ აშენდება კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაზე ან წარსულის ემოციურ ინტერპრეტაციებზე; ისინი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ სიღრმისეული აღქმის, აკადემიური დიალოგისა და საერთო ადამიანური გამოცდილების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების საფუძველზე.
თუკი არქივებს მივცემთ საუბრის შესაძლებლობას, პოლიტიკა იძულებული გახდება ნაჩქარევი მსჯავრის გამოტანაზე ხელი აიღოს და ისტორიულ აღქმას დაემორჩილოს, ხოლო ეს, ალბათ, პირველი ნაბიჯი იქნება ჩვენს რეგიონში უფრო რაციონალური, ჰუმანური და მდგრადი მომავლის შესაქმნელად”-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი წერს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო – გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ

გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში, - ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.მან მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული“.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დღესასწაულს და ასევე - საშინელი სამსჯავროს ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, კურთხევას.როგორც იცით დღევანდელი დღესასწაულის ისტორია, მართალ სვიმეონს სულიწმინდისგან ეუწყა, რომ არ გარდაიცვლებოდა, სანამ არ იხილავდა თავისი თვალებით ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს. და აი, უფალ იესო ქრისტეს შობიდან მეორმოცე დღეს, როდესაც ყოვლადწმინდა ქალწულმა ღვთისმშობელმა რჯულში დადგენილი წესისამებრ ტაძარში მიიყვანა თავისი ახალშობილი ძე, იქ იმყოფებოდა მართალი სვიმეონიც. მან იცნო ჩვილ იესოში სოფლის მაცხოვარი, ხელში აიყვანა, მიიხუტა და წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები, რომლებსაც დღესაც ვიმეორებთ: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“ (ლკ. 2, 29-30). ე. ი. რაკი ჩემი თვალით ვიხილე სოფლის მაცხოვარი, ახლა შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილს.ტაძარში იყო ასევე წინასწარმეტყველი ანა, რომელიც უფალს ადიდებდა და ყველას, ვინც მოელოდა გამოხსნას იერუსალიმში, ვინც ტაძარში მოდიოდა, ელაპარაკებოდა მაცხოვრის შესახებ.ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული: მართალი სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღთქმის - ახალ აღთქმასთან, ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული.და აი, ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე, რაც არის ღმერთთან შეხვედრა. ის ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ის შეიძლება მოხდეს ლოცვაში, ის ხდება დიდ განსაცდელში, სნეულებაში, ღმერთთან შეხვედრა ხდება შეჭირვებული ადამიანის გვერდით, ღმერთთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიდი სიხარულის დროს, რომელსაც უფალი გვაძლევს, განსაკუთრებით ღმერთთან შეხვედრა ხდება წმინდა ზიარების საიდუმლოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ უფალს, ვერ ვცნობთ მას და გვერდს ვუვლით. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც არის ადამიანის გულის არაწმინდება, რომელიც აბნელებს ჩვენს სულიერ ხედვას და ხელს გვიშლის, დავინახოთ უფალი, დავინახოთ ის, რაც სინამდვილეში თვალნათლივ დასანახი უნდა იყოს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მთ. 5,8).მაშასადამე, გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში. ამიტომაც ხშირად ვლოცულობთ ფსალმუნთა სიტყვებით: „გული წმიდა დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“ (ფს. 50, 10).ქრისტესთან შეხვედრა მრავალჯერ ხდება ცხოვრებაში, მრავალია ამის შესაძლებლობა. ეს გვეძლევა, როგორც დიდი ნუგეში და წყალობა. ამას ადასტურებს ქრისტიანული ცხოვრების, დიდი სულიერი ადამიანების სწავლება და გამოცდილება. უფალთან ეს შეხვედრები გვეძლევა ასევე, როგორც საწინდარი, ძვირფასო ძმებო და დებო, იმ გადამწყვეტი და უკანასკნელი შეხვედრისა, რომელიც ყველას მოგველის გარდაცვალების შემდეგ.დღეს არის ხსენება საშინელი სამსჯავროსი და ამ შეხვედრის გამო, უფალი გვამზადებს; ამ შეხვედრის გამო, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, ღვთის სიტყვა გვმოძღვრავს და ეს შეხვედრა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მისთვის უნდა ვემზადებოდეთ. ეს შეხვედრა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შეგნებულად თუ შეუგნებლად უგულებელვყოფდეთ ღმერთთან შეხვედრებს, მაგრამ ეს უკანასკნელი და გადამწყვეტი შეხვედრა უფალთან გარდაუვალია. როგორც გითხარით, არ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ გვსურს თუ არა, მზად ვართ თუ არა მისთვის.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, მირქმის დღესასწაულს; შეგვეწიოს უფალი, რომ ღირსეულად განვვლოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრება და მშვიდობით წარმოვთქვათ ჩვენი „აწ განუტევე“, ხოლო როდესაც წარვდგებით ღვთის წინაშე, მოვისმინოთ არა მისი მკაცრი სიტყვები: „წადით ჩემგან, წყეულნო, არ გიცნობთ თქვენ“ (მთ. 25, 41), არამედ მისი მოწყალე სიტყვები: „მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული დასაბამითგან სოფლისა“ (მთ. 25, 34). ამინ“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

„გახარია საქართველოსთვის“ – ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია – სადებატო არაფერია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში.ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და არა დებატების საგანი.„ევროინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანი, რასაც საქართველოს მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს.შესაბამისად, სადებატო არაფერია!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინდოეთში “ნიპას” ვირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში, "ნიპას" მომაკვდინებელი ვირუსის ბოლო აფეთქების შედეგად, გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლების ცნობით, დასავლეთ ბენგალიაში, 25 წლის ექთანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, ქალს, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, გართულებები განუვითარდა, მათ შორის, ფილტვების მეორადი ინფექცია, რის შემდეგაც გული გაუჩერდა. გარდაცვლილი პაციენტი აღმოსავლეთ შტატში დადასტურებული ორი შემთხვევიდან ერთ-ერთი იყო.მეორე პაციენტი, იმავე საავადმყოფოს 27 წლის ექთანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "ნიპას" ვირუსის დადასტურებული შემთხვევის შემდეგ კონტაქტების მასშტაბური მოძიება განხორციელდა, რის შედეგადაც 200 ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. შტატის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ყველა იდენტიფიცირებული კონტაქტის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და "ნიპას" ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„სიბიეს ნიუსი“ – წყაროების ცნობით, ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, აშშ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დარტყმებს...

ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, აშშ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ისრაელის დარტყმებს მხარს დაუჭერს, – „სიბიეს ნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გასული წლის დეკემბერში მარ-ა-ლაგოში შეხვედრისას განუცხადა.„სიბიეს ნიუსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო მაღალჩინოსნებს შორის შიდა დისკუსიებში ირანზე ისრაელის ახალი დარტყმების მხარდაჭერის შესაძლებლობის განხილვა დაიწყო.გავრცელებული ცნობით, დისკუსიებში აშშ ნაკლებად იყო ორიენტირებული იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა ისრაელს მოქმედება, ვიდრე იმაზე, როგორ შეუძლია ვაშინგტონს ირანზე თავდასხმებში ისრაელის დახმარება.ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ ვარიანტებს შორისაა ისრაელის თვითმფრინავების საწვავით უზრუნველყოფა და პოტენციური მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებიდან ფრენის ნებართვის მიღების დელიკატური საკითხი.„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, გაურკვეველია, რომელი ქვეყნები მისცემენ შეერთებულ შტატებს პოტენციური დარტყმისთვის ისრაელის თვითმფრინავების საწვავით შევსების ნებართვას. მათივე ცნობით, იორდანიამ, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ირანზე ან ირანის მიერ სხვა ქვეყანაზე დარტყმებისთვის მათი საჰაერო სივრცის გამოყენებას არ დაუშვებენ.ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, მეორე ამერიკული ავიამზიდი, „ჯერალდ რ. ფორდი“ და მისი სამხედრო ხომალდების ფლოტილია კარიბის ზღვის აუზიდან გადაინაცვლებდა და ახლო აღმოსავლეთში განლაგდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება. აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სამშაბათს, ჟენევაში გაიმართება. თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან დაკავშირებით დიპლომატიისადმი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი და ამბობს, რომ თეირანთან ნებისმიერი შეთანხმება ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვებს უნდა მოიცავდეს.

ამ წმინდანს ევედრებიან ჩვილების მფარველობასა და სულიერ სიმშვიდეს… – ლოცვა, რომელიც მრევლმა 16 თებერვალს უნდა წაიკითხოს

16 თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელისა და წმინდა ანა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. მათ ევედრებიან ჩვილების მფარველობასა და სულიერ სიმშვიდეს, ლოცვა მართალ სვიმეონ ღვთისმიმრქმელისადმი:"უფალო, დაამშვიდე გული ჩემი სიმშვიდითა და სიყვარულითა, ვითარცა მართალმან სვიმეონმან მიგიღო მკლავთა შინა თვისთა, მეცა მომეც ძალა, რათა დაუცხრომელად ვადიდებდე სახელსა შენსა. შეგვეწიოს ლოცვა მისი და ნეტარისა ანასი, ამინ." მართალი სვიმეონის ტროპარი (მოკლე):"გიხაროდენ, ღვთისმიმრქმელო მოხუცო სვიმეონ, რომელმან მკლავთა შინა თვისთა მიიქუ უფალი დიდებისა, შეგვეწიე და გვიხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთაგან."დღის მნიშვნელობა:სვიმეონ ღვთისმიმრქმელი: იყო ერთ-ერთი იმ 70 მთარგმნელთაგანი, რომელმაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს შობა და სიცოცხლეშივე იხილა მაცხოვარი.ანა წინასწარმეტყველი: ღვთისმსახური, რომელმაც ჩვილი იესოს შეხვედრისას ხალხს ქრისტეს შესახებ აუწყა.

ბოლო სიახლეები