ჩვენი შეფასებით, ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს შესრულებული, ვიდრე ის რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ თავის დროზე ჩვენს პარტნიორებს წარუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანდიდატის სტატუსი უკვე მიანიჭა, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა 12 რეკომენდაციის შესრულებაში ოპოზიციის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რიტორიკა შეიცვალა.
„ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველომ აქაც უდიდეს პროგრესს მიაღწია და აქაც უკეთესი შედეგი აქვს, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე არ უნდათ ამ პროცესს მოაკლდნენ. მინდა განვმარტო, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს სამუშაო პროცესში რეალურად მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ოპოზიციური სუბიექტების ხმები, როდესაც ჩვენ ამ კანონებს ვიღებდით. ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყვნენ. რეალური მათი თანამონაწილეობა ამ რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მან ვენეციის კომისიიდან მიღებულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისიამ დასკვნა საქართველოს და მოლდოვის კანონპროექტზე დადო, თუმცა ამ დრომდე არ არის დასკვნა უკრაინაში უკვე მოქმედ კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ევროპის უმაღლესმა პირებმა თავის დროზე შეაქეს.