ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026

ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხვედრი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა რა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად იგი განსაზღვრავდა მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ორგანიზებას უწევდა მთავრობის საქმიანობას, ასევე ახორციელებდა მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.

ამავე პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი როგორც მინისტრი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.

2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნითა და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი – ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა.

მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.

მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ – გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა – ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება. შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18 484 960 ლარად.

პარალელურად ზემოხსენებული შესყიდვებისა, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% – 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი – 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ სხვა მოხელეებს, საზოგადოებას შევახსენებთ რომ ისინი ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებულები არიან სასამართლოს მიერ და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელი, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიმართავს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობით, რადგან ეს უკანასკნელი სასჯელს უკვე იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე“,- განაცხად აამირან გულუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

21 სექტემბერი ღვთისმშობლობაა – პატრიარქის კურთხევით, ამ ლოცვას ვკითხულობთ…

დღეს, 21 სექტემბერს, მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას ზეიმობს;ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა "მაყვალს შეუწველს", რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.გავიხსენოთ შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი;მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.წმინდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ის თითქმის არავის ეჩვენებოდა. ანას უშვილობა წამოაყვედრა მისმა მხევალმაც: „უფალმა ღმერთმა დაგიხშო საშო და არ მოგმადლა ნაყოფი ისრაელიანთა შორისო“.მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.იოაკიმემ მწყემსები მოიხმო და შესაწირავი მსხვერპლის გამზადება უბრძანა. ანა მას სახლში ელოდებოდა. დაინახა თუ არა მწყემსებთან ერთად მომავალი მეუღლე, წინ მიეგება და სასიხარულო ამბავი ამცნო.მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, რომ ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს აღარ დაადგმევინებდა.როცა მარიამი ერთი წლისა გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა, შინ მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულნი. „ისმინე, ისმინე ისრაელის თორმეტო ტომო, ძუძუს აწოვებს ანა“, - სიხარულით გალობდა წმინდა ანა.როცა მარიამი სამი წლისა გახდა, მშობლებმა, მიცემული აღთქმისაებრ, ტაძარში მიიყვანეს. უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე, მღვდელმთავარმა მარიამი საკურთხეველში შეიყვანა და ასე აკურთხა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა სახელი შენი. უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა შვილნი ისრაელისა“.ცხოვრობდა ტაძარში ქალწული და ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუც ქვრივს, იოსებს არ ჩააბარეს.შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია.როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს. პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 21 სექტემბერს 12 საათზე ყველა ქართველმა უნდა აანთოს სანთელი და სამჯერ წარმოთქვას ეს ლოცვა:"მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ. არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ."ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქვეყანას, ოჯახებს, ამინ.

“მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს”

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის, მაგრამ არსებობს თვითონ მიხეილ სააკაშვილი, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარტია „თავისუფალი ხალხის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციაზე საუბრისას.მისივე თქმით, დანარჩენებს ყველას ეტყობა, რომ გვარამიას ხათრი აქვთ. „ნაცი“ თავის თავში იმას გულისხმობს, რომ გვარამიას ხათრი არ უნდა ჰქონდეს. რაც წაგართვა გვარამიამ, უნდა დაიბრუნო.„გვარამიასთან დაპირისპირების „გაგდებით“, ჩემზე უკეთესი სივი ძალიან ცოტა ადამიანს ექნება. უბრალოდ გვარამიას მისცეს 40 მილიონი, რომ „ნაცებისთვის“ წაერთმია ხმები, გაელანძღა ყველა და ყველაფერი და დამჯდარიყო რადიკალურ ოპოზიციურ ხმებზე, რომელზეც მიშა ზის. დღეს ეს ყველაფერი გაიშიფრა, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ჯერჯერობით არ უნდათ აღიარება და მე კიდევ მინდა, რომ შემდეგ არჩევნებამდე ეს საკითხი არ მივიდეს გაურჩეველი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მედია – ეგზიტპოლის მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49,4%-ს მიიღებს, მეორე ადგილზე კი 14,2% -ით კომუნისტური პარტიაა”

რუსეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, შედეგების შესახებ პირველადი მონაცემები ვრცელდება. რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ეგზიტპოლის მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერილი მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49,4%-ს მიიღებს. როგორც დასავლური მედია წერს, ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩება „ერთიანი რუსეთის“ მიერ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ 49,8%-ს. პროგნოზის თანახმად, მეორე ადგილს რუსეთის ფედერაციის "კომუნისტური პარტია" დაიკავებს ხმების 14,2%-ით. ამავდროულად, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ზე მეტი შეადგინა.

ტარიელ კაკაბაძე – როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს საფრანგეთში

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მიქაძე საფრანგეთში დააკავეს. "როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში", - წერს კაკაბაძე "ფეისბუქზე". როგორც ცნობილია, დავით მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს პროფესიონალიზმისათვის, პასუხისმგებლობისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.მინისტრმა წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამსახურის განვითარებაში.ხუციშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანამედროვე საბაჟოს როლს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში.„თანამედროვე საბაჟო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი. ის მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, კანონშესაბამისი საქმიანობის წახალისებას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს გლობალური როლიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მებაჟე-ოფიცრების მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს ფუნქცია წარმატებით შეასრულოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, საბაჟო სამსახურმა ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწია როგორც ტექნოლოგიური, ისე პროფესიული განვითარების მხრივ. მისი თქმით, უწყების მიზანია მუდმივად ვითარდებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.მან დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული განვითარების კუთხით მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობის მაღალი პროფესიული სტანდარტი მომავალშიც შენარჩუნდება.

ბოლო სიახლეები