საქართველოს რეალური საჭიროება დღეს მსოფლიოსთვის გააზრებულია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ამ ფუნქციის და მდგომარეობის შესაქმნელად ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველომ საკუთარი ინტერესები და სუვერენიტეტი დაიცვა, რაც დღეს დანარჩენი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„საბოლოოდ მსოფლიო ხედავს, რომ საქართველოს და ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა თავის დადებით ნაყოფს იძლევა. კონკრეტულად, მსოფლიო ტურბულენტობაში რასაც დღეს ვერავინ უარყოფს, ომები გნებავთ თუ სხვა სახის პოლიტიკური თუ ეკონომიკური დაძაბულობები, ამ პირობებში საქართველო მშვიდობას და განვითარების სტაბილურ ვექტორს ინარჩუნებს. ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ხდება დასავლეთის და აღმოსავლეთის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ეკონომიკური თუ სხვა სახის კავშირების დამყარებაში. საქართველოს რეალური საჭიროება დღეს მსოფლიოსთვის გააზრებულია. გააზრებულია ისიც, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ამ ფუნქციის და მდგომარეობის შესაქმნელად ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს. ხედავენ იმასაც, რომ შეტევა ბევრი იყო, მათ შორის ბევრი იმ ადამიანების მხრიდანაც წახალისებული, ვინც დღეს შეიძლება ხელს ართმევდეს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ პოლიტიკა ასეა, არასდროს არ არსებობს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები. არსებობს ინტერესები და ნათლად ჩანს, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესები და სუვერენიტეტი დაიცვა და დღეს ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

