„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რის შესახებ იქნება მისი დაანონსებული პრესკონფერენცია 4 ივლისს.
„ზუსტად ამ დროს შარშან გამოვაქვეყნეთ გეგმა, რომელიც უკავშირდებოდა 12 პუნქტის შესრულებას და ეს ერთი წელი დასრულდა. ეს დრო გავიდა და ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების წინაშე ანგარიშის წარდგენა. ჩვენ დეტალურ ანგარიშს წარვუდგენთ საზოგადოებას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა თითოეული პუნქტი, როგორია პროგრესი, ასევე გამოვეხმაურებით ევროკავშირის შეფასებას. ეს იქნება დეტალური ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა და ასევე რა არის სამომავლოდ გასაკეთებელი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ბოლომდე მივიდეს ის პროცესები, რომელიც დავიწყეთ 12 პუნქტის ფარგლებში“, – განაცხადა კობახიძემ.
4 ივლისს, 10.00 საათზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავს. ირაკლი კობახიძე წარადგენს ანგარიშს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე, კერძოდ:
? როგორია 12 პუნქტის შესრულების პროგრესი
? რა რეფორმები გაატარა მმართველმა პარტიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად
? როგორ უმკლავდება ქვეყანა გამოწვევებს, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ახლავს
? ყველა კითხვას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, პირდაპირ ეთერში, პრესკონფერენციაზე უპასუხებს
პრესკონფერენციას ტელეკომპანია „იმედი“პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.