ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისთვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საწარმო რეალურად სახელმწიფოს ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს.
„რაც შეეხება ჭიათურის მანგანეზს, ამაზე თქვენი შუამდგომლობა არ გვჭირდება, სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული ამ საწარმოს ფუნქციონირებაში და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისთვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და ყველა საკითხზე გვაქვს მუდმივი განხილვები და თქვენი შუამავლობის გარეშე მივხედავთ ამ საკითხს.
მაღაროელებისა და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა. აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც რეალურად სახელმწიფო სუბსიდიით ფუნქციონირებს, ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს უამრავი წელია. პრობლემურია თავისი შინაარსით, გლობალურად ფასებია დაცემული მანგანეზზე და არის უამრავი პრობლემა, რის გამოც მოგებაზე ვერ გადის. ვერც მაშინ გადიოდა, როცა თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი და ვერც დღეს გადის. არც მისი ბრალი იყო და არც ჩვენი, რადგან ობიექტური მიზეზები აქვს. ფასები ბოლო წლების განმავლობაში არის ბევრად შემცირებული წიაღისეულზე, რის გამოც, ტექნიკურად შეუძლებელია მისი მოგებაზე გასვლა. ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ და ჩვენი ირიბი, ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი სუბსიდირების ქვეშ არის ეს საწარმო იმისთვის, რომ ეს ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და როგორმე მოხერხდეს მათთვის შესაბამისი სოციალური პირობების შექმნა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ბერდია სიჭინავს.

