მხოლოდ ჩვენს ახლო მეგობრებთან და პარტნიორებთან – მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვასა და საბოლოოდ კი მდგრადი, დემოკრატიული, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო უფრო ძლიერი და სტაბილური ქვეყანაა და დღეს, ისე, როგორც არასდროს, უკეთ არის აღჭურვილი საშინაო და საგარეო გამოწვევებთან გასამკლავებლად. თუმცა, მისივე თქმით, საქართველო ცხელ რეგიონში მდებარეობს და არსებული გამოწვევები საკმარისად რთულია იმისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი ქვეყანა გაუმკლავდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ ახლო მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დგომით შეიძლება.
„საქართველო დღეს უფრო ძლიერი და უფრო სტაბილურია. დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკეთესად არის აღჭურვილი იმისათვის, რომ გაუმკლავდეს გარე და შიდა გამოწვევებს. ჩვენი ეკონომიკა მზარდია, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერდება, ჩვენი საზოგადოება ნაკლებად პოლარიზებულია, ხოლო საქართველოს მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებისა და პროდასავლური პოლიტიკისადმი განსაკუთრებით მაღალია. მოგეხსენებათ, საქართველო ცხელ რეგიონში მდებარეობს, სადაც გარე გამოწვევები საკმარისად რთულია იმისათვის, რომ მას ერთი ქვეყანა გაუმკლავდეს. მაშასადამე, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კავშირები ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, და პირველ რიგში კი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ცნობიერების ამაღლება იმის თაობაზე, რომ ვერცერთი ქვეყანა, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს იგი, ვერ შეძლებს მარტო გაუმკლავდეს საერთაშორისო – ტრადიციულ თუ ახალ გამოწვევებს. მხოლოდ ჩვენს ახლო მეგობრებთან და პარტნიორებთან – მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვასა და საბოლოოდ კი მდგრადი, დემოკრატიული, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.