ვერ ვიგებ ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, არ შეიძლება უნივერსიტეტი იყოს პოლიტიზებული.
„ილიას უნივერსიტეტს რაც შეეხება, ვერ ვიგებ ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას, რაზეც ყურადღება გავამახვილე, მათ შორის, დებატების დროს. ილიას უნივერსიტეტი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. ზოგადად, არ შეიძლება პოლიტიზებული იყოს უნივერსიტეტი, არც კერძო, არც სახელმწიფო, მაგრამ, მაგალითად, როდესაც გამოდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საუბრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა კონცეფცია, ანუ ზუსტად იმავე ლექსიკას მიჰყვება, რასაც რადიკალური ოპოზიცია, შეიძლება ასეთ რამეს აკეთებდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა? ისინი არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში. მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემაზე, რაც პირადად შევთავაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის რექტორს და ორ დღეში საპროტესტო აქცია გამართეს უშუალოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ლიდერობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. ასეთი დამოკიდებულებით პროცესები სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, ეს კონცეფცია ეფუძნება კონკრეტულ არგუმენტებს. დებატებიდან ალბათ ნახავდით, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ კონცეფციის წინააღმდეგ, რომელიც შევიმუშავეთ. ძალიან მარტივად, რა განსხვავებაა დასკვნასა და არგუმენტს შორის – დასკვნას არსებითად დაესმის კითხვა – „რა?“ „რა“ – გავიგეთ, ფიქრობენ იმას, რომ არ მოსწონთ კონცეფცია. რაც შეეხება არგუმენტებს, არგუმენტს დაესმის კითხვა – „რატომ?“ და ეს რატომ ვეღარ გავიგეთ. არ მოსწონთ გავიგეთ, მაგრამ რატომ არ მოსწონთ, ვერ გავიგეთ. შესაბამისად, ასეთ პირობებში დისკუსიის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ვერც ერთი არგუმენტი როდესაც ვერ მოგაქვს კონცეფციის, კონცეფციის კონკრეტული პუნქტების წინააღმდეგ, ორი საათი გქონდა ამის შესაძლებლობა და ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიტანე, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია დისკუსიის წარმოება. მზად ვართ, ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში, იქნება ეს თსუ, ტექნიკური, ილიას უნივერსიტეტი, სამედიცინო თუ კერძო უნივერსიტეტები, მოვისმინოთ არგუმენტები, შევიდეთ ჯანსაღ დისკუსიაში, თუ ამის მზაობას დავინახავთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

