სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

ირაკლი კობახიძე – უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა, მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში

სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინაში მალე დამყარდება მშვიდობა.

„ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად. ათ მილიონამდე უკრაინელი იქცა დევნილად, ლტოლვილად. უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი დღეს არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ენერგეტიკა. უკრაინის საგარეო ვალი აღწევს ეკონომიკის თითქმის 100%-ს. 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი და წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი უკვე გადასცდება 100%-ს.

ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 28 თებერვალს დეტალურად გაიხსენებს, რა შეხვედრა შედგა სამი წლის წინ მის კაბინეტში და რა მოთხოვნები იყო უკრაინაში ომთან დაკავშირებით

დადგება ახლა 28 თებერვალი და სამი წლის თავზე აუცილებლად აღვწერ, რა შეხვედრა შედგა ჩემს კაბინეტში და რა მოთხოვნები იყო მაშინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემის წამყვანმა შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მმართველი გუნდი მუდმივად საუბრობდა საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხეზე, საუბარი იყო, რომ ხორცხიელდებოდა ზეწოლა რამდენიმე დიპლომატის მხრიდან, ასევე საერთაშორისო ზეწოლა და დღეს როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ყველა მიმართულებით ღიად საუბრობს, ხომ არ არის დრო, რომ მმართველმა გუნდმაც კონკრეტული სახელებითა და გვარებით ისაუბროს, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ დეტალზე უკვე ისაუბრეს, ხოლო 28 თებერვალს აპირებს, დეტალურად აღწეროს შეხვედრა, რომელიც სამი წლის წინ ამ დღეს შედგა მის კაბინეტში. „აი, 28 თებერვალი რომ დადგება, მაშინ აღვწერ, თუმცა მე ამაზე მისაუბრია კიდევაც, რასთან გვქონდა საქმე. ეს დღეები ისე შორს არ არის, რომ ვერ შევძლოთ გახსენება და გავიხსენოთ. შეგახსენებთ, ომის დაწყებისთანავე რა მოთხოვნები წამოვიდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ გაგვეგზავნა მოხალისეები. სამი წელი გავიდა და რომელიმე ქვეყანას მოსთხოვა ზელენსკის ადმინისტრაციამ, რომ დაეორგანიზებინათ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა? რატომ მაინცდამაინც საქართველოს მოადგა? ჯერ ეს იყო არასაჯაროდ შემოთვლილი, რომ მზად იყვნენ, მიეღოთ მოხალისეები, ამისთვის გამოეყოთ თვითმფრინავი და ა.შ; სჭირდებოდათ საქართველოს მთავრობისგან ამის ორგანიზება, თანხმობა და ა.შ. ამაზე მიიღეს უარი იმ მხრივ, რომ სიტუაციას უნდა მოეკიდონ გაგებით, რა სიტუაციაში იმყოფება საქართველო და ეს არ იყო მეგობრული თხოვნა, რომელიც მაშინ უკრაინის ხელისუფლებისგან მივიღეთ. ეს იყო თავდაპირველად, დიპლომატიური არხებით ასე ვთქვათ, თხოვნა, მოთხოვნა არ იყო, მაგრამ თხოვნა იყო, რომ ეს იქნებ, დაეორგანიზებინა ხელისუფლებას, მოხალისეების გაშვება, ვინაიდან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იყვნენ მსურველები, ომში წასულიყვნენ. ამ შემთხვევაში პასუხი იყო, რომ თუ ხელისუფლება დააორგანიზებს ასეთ რეისებს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდებოდა მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი, ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავდა ომში ჩაბმას პირდაპირ, ეჭვგარეშე და საქართველო გახდებოდა ომის მონაწილე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამაზე მიიღეს თხოვნა, რომ ასეთი თხოვნით აღარ მოემართათ. „ამაზე ჩვენ ვნახეთ საჯარო პოსტი სოციალურ ქსელში უკრაინის პრემიერ-მინისტრ შმიგალის, რომელიც დღესაც პრემიერ-მინისტრია. ის ქართველ ხალხს მოუწოდებდა, მიდით და მოსთხოვეთ თქვენს ხელისუფლებას, რომ დააწესოს სანქციები და გამოაგზავნოს მოხალისეებიო. ამის პასუხი იყო შემდეგ ზელენსკის მიმართვა მისი მხარდამჭერი ქართული რადიკალური ოპოზიციის მიმართ, არის მომენტები, როდესაც ხალხი უკეთესია, ვიდრე ხელისუფლებაო და ამის გამო მან პირველ მარტს საქართველოდან ელჩი გაიწვია მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინას შეუტია ბელარუსის მხრიდან და ბელარუსიდან არ გაიწვია ელჩი. ეს რა იყო, თუ არა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და ამაში, უნისონში, მათთან ერთად მოქმედებდა რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. ის ხალხი, რომელიც დღეს თქვენს ტელევიზიასთან, პარლამენტთან მართავს აქციებს და ზუსტად დღეს, ომის წლისთავზე, უკრაინის დროშებში გახვეული დადიან თბილისის ქუჩებში. ზუსტად ეს ხალხი, ზუსტად სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში იდგა საქართველოს პარლამენტის წინ და საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ანუ საქართველოს ჩართვას ომში, სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, ანუ საქართველოს ჩართვას ომში და საქართველოს ეკონომიკურ დანგრევას. ამას ითხოვდა ზუსტად ის ხალხი, ვინც დღეს თქვენს ტელევიზიასთან დგას და პრეტენზიებს გიყენებთ თქვენ, ვინც დღეს საქართველოს პარლამენტთან დგას და პრეტენზიებს გვიყენებს. აი, ეს რადიკალური ოპოზიცია, აი, ეს „ენჯეოები“ და აი ეს ადამიანები, იგივე სახეები, იგივე სახელები და იგივე გვარები იდგნენ სამი წლის წინ. საქართველოს ხელისუფლებას რომ დაეჯერებინა ამ ხალხისთვის, საქართველო გადაეშვებოდა კიდევ ერთ ომში და დღეს ისინი ან დატირებული იქნებოდნენ, ან დამტირებლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ ახლა, როცა მათ შორის, რაღაც კვანძებიც იხსნება, მეტი ინფორმაცია გამოდის და მეტ რაღაცაზე საუბრობენ თავად ისინი, ვინც თავად იყვნენ ამ ომში უშუალოდ ჩართული, ამ ადამიანებმა ახლა მაინც გამოიტანონ დასკვნები, რომ არაფერი არ არსებობს საკუთარი ქვეყნისა და ერის ინტერესებზე მაღლა. „მაშინ, ამ ხალხმა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა სხვისი ინტერესები და გარკვეულწილად, თავისი თავი გამოაყენებინა სხვებს იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ წასულიყვნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა, მეტი თქვას იმაზე, რაზეც 28 თებერვალს უნდა ისაუბროს, ანუ იყო თუ არა მოთხოვნა, საქართველო ჩართულიყო უშუალოდ ომში, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია და ამიტომ, მასთან საუბრები სხვა არის და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საუბრები სხვა იყო. „ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერი ითქმება, თუმცა მოწოდებები მათგან, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, საჯაროდ უარყოფნენ, თითქოს ამას არ ითხოვდნენ ჩვენგან, ეს დახურულ კარს მიღმა ხდებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

VIDEO: „დღევანდელ ოპოზიციას, ვეღარ ვეძახი ოპოზიციას, ვერც რადიკალურს, ეს უფრო ჰგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ…“ – გიორგი ვოლსკი

„დღევანდელ ოპოზიციას, ვეღარ ვეძახი ოპოზიციას, ვერც რადიკალურს, ეს უფრო ჰგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ...“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

დონალდ ტრამპი მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვაზე – ვფიქრობ, 9 მაისი ძალიან ახლოა, მაგრამ შესაფერის დროს მე ჩავალ მოსკოვში

ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, დაახასიათებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, როგორც „დიქტატორს“. „ამ სიტყვებს ასე ჰაერზე არ ვისვრი, ვნახოთ, როგორ გამოვა ყველაფერი“, – განაცხადა ტრამპმა. მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა უპასუხა, რომ 9 მაისს და უახლოეს მომავალში არ გეგმავს ვიზიტს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაფერის დროს მოსკოვში ჩავიდეს და ასევე იმას, რომ პუტინიც ჩავიდეს აშშ-ში. „ვფიქრობ, 9 მაისი ძალიან ახლოა, მაგრამ შესაფერის დროს მე ჩავალ მოსკოვში“, – განაცხადა ტრამპმა.

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ იმიტომაც შეგვიძლია, ახლა თვალი გავუსწოროთ მოსახლეობას, რომ ამოვდიოდით მთავარი საკითხიდან, რა არის ეროვნული ინტერესი, ამით იზომება ჩვენი ყველა გადაწყვეტილება

ჩვენ იმიტომაც შეგვიძლია, ახლა თვალი გავუსწოროთ მოსახლეობას, რომ ამოვდიოდით მთავარი საკითხიდან, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესი არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა, ამით იზომება ჩვენი ყველა გადაწყვეტილება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სხვადასხვა უცხოელი აქტორისგან შეიძლება ბევრი დაპირება იყოს, მაგრამ პირველ რიგში ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს. „დაპირებები ბევრი გვსმენია წარსულშიც და აწმყოშიც, მაგრამ მთავარია, რომ ყველა ქვეყანამ თავად იზრუნოს, საკუთარი ინტერესები გაატაროს. ახლა როგორც გვესმის განცხადებები უკრაინის NATO-ში წევრობაზე, თურმე არც არავინ აპირებდა ამ ღია კარის პირობებში უკრაინის მიღებას NATO-ში, ღიად ამბობენ, რომ ეს არარეალისტურია. მათ შორის ახლახან ევროპარლამენტში სიტყვით გამოდიოდა ჯეფრი საქსი, რომელმაც გაიხსენა 2021 წლის 15 დეკემბრის საუბარი ჯეიკ სალივანთან, ომამდე ორი თვით ადრე. საქსი საუბრობდა იმაზე, რომ სალივანს უთხრა, თუ NATO არის ის საკითხი, რომლის გამოც დგება დიდი შეჯახების პირისპირ, თქვით, რომ NATO-ში არ იღებთ უკრაინას, ამაზე უპასუხია სალივანს, რომ არც არავინ აპირებს უკრაინის მიღებას NATO-ში. ამაზე პასუხი ჯეფრი საქსისგან კი ყოფილა, რომ მაშინ ეთქვათ ეს ღიად, თუმცა პასუხი იყო, ამას ღიად ვერ ვიტყვითო და ომიც დაიწყო. ამიტომ, ასეთი დაპირებები ბევრს სმენია, მაგრამ ქვეყანა თუ არა ამოვა თავისი ეროვნული ინტერესებიდან, ეს დაპირებები ვის გაახსენდება და ვის დაავიწყდება, მეორე საკითხია. ცალკე ისტორია იქნება, რა მოხდება 2030 წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

VIDEO: ზელენსკის ადგილას ასეთ რიტორიკაზე არ წავიდოდი, გამოდის, რომ რაღაც თითქოს მის თანამდებობაზე და პერსონაზეა დამოკიდებული NATO-ში შესვლა – არ შესვლა უკრაინის… – ამირან...

„მე, ზელენსკის ადგილას ასეთ რიტორიკაზე არ წავიდოდი, გამოდის, რომ რაღაც თითქოს მის თანამდებობაზე და პერსონაზეა დამოკიდებული NATO-ში შესვლა - არ შესვლა უკრაინის, საკითხის ასე სასწორზე დაყენება არ შეიძლება, არასწორია ჩემი აზრით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ბოლო სიახლეები