ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ჩინეთში განუცხადა.
მისივე თქმით, თავისი შინაარსით ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური ძალები მუდმივად ცდილობენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას თავი, რის მექანიზმსაც კონსტიტუცია ადგენს.
„ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე. ხედავთ, ჩვენი ქვეყანა და მისი პოლიტიკური სისტემა ტრიალებს ერთ ჩაკეტილ წრეში. არის კრიმინალური დაჯგუფება, უცხოური აგენტურა, რომელიც ქვეყანას არ აძლევს მოსვენების საშუალებას. თავისი შინაარსით ანტიდემოკრატიული, არაკონსტიტუციური ძალები არიან, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას საკუთარი თავი და ამის მექანიზმს ადგენს საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, კონსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც ბოლომდე გამოვიყენებთ, ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში და, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა. ამაზე არ წავიდოდით, რომ არ ყოფილიყო აუცილებელი დემოკრატიული სისტემისთვის, მაგრამ ეს არის აუცილებელი პირობა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

