ხუთშაბათი, დეკემბერი 25, 2025

ირაკლი კობახიძე – რკინიგზის მოდერნიზაცია აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შუა დერეფანი საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო და უსაფრთხო კორიდორად რეგიონში

მსოფლიო დღეს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესშია. იცვლება მიწოდების ჯაჭვები, იზრდება უსაფრთხო, პროგნოზირებადი და სანდო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში საქართველოს როლი გააზრებული და სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გამყარებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ამ პოლიტიკის გამოხატულებაა საქართველოს მთავრობის ინიციატივები, ანაკლიის ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო ინფრასტრუქტურა.

„ჩვენი მომავალი სწორედ ინტერმოდალური ტრანზიტული ფუნქციაა, რომელიც ყველა სახის ტრანსპორტს ერთიან ეკოსისტემაში მოაქცევს. ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური პროცესების გაციფრულება, რაც აქტიურად მიმდინარეობს.

შუა დერეფანი წარმოადგენს არა უბრალოდ ალტერნატიულ გზას, არამედ ახალ სტანდარტს ევროპასა და აზიას შორის კავშირისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს ამ დერეფნის საკვანძო, სანდო და შეუცვლელ რგოლად – ქვეყნად, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, უსაფრთხო და უწყვეტ გადაადგილებას.

რკინიგზის მოდერნიზაცია სწორედ ამ ხედვის ნაწილია. ის აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და ქმნის მყარ საფუძველს იმ მზარდი სავაჭრო ნაკადების მისაღებად, რომლებიც მომავალ წლებში ევროპასა და აზიას შორის კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შუა დერეფანი საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან კორიდორად რეგიონში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რას ჰყვება შვილიშვილის მიერ მძევლად აყვანილი ბებია

შვილიშვილის მიერ მძევლად აყვანილი ბებია „კურიერთან“ იმ 3 საათს იხსენებს, რა დროსაც მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.ნელი კაღაშვილი ჰყვება, რომ შვილიშვილმა ის ღუმელთან დასვა, ყელზე დანა მიადო და უთხრა, რომ არ განძრეულიყო. შეშინებული ქალი შვილიშვილის მოთხოვნებს დაემორჩილა.3 საათის განმავლობაში, ბებიამ არ იცოდა, რატომ უკრძალავდა შვილიშვილი გადაადგილებას და რატომ ემუქრებოდა დანით. მძევლად აყვანის მიზეზი 76 წლის ქალმა სამართალდამცველების მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო. ირკვევა, რომ გიორგი კაღაშვილს ერთადერთი ულტიმატუმი ჰქონდა - ითხოვდა მისი ყოფილი მეუღლის უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიას მოკლავდა.„ხელი ისე ჰქონდა მოჭერილი, რომ გასაქანი არ მქონდა... გული ცუდად გამიხდა, ვუთხარი, შვილო, მაგიდაზე წამალია და მომაწოდე-თქო. მერე წამალი მომაწოდა, მარცხენა ხელი ამიშვა. 112-ში თავად დარეკა. პოლიცია მალევე მოვიდა. პოლიციას ეუბნებოდა, ჩემი მეუღლე  ჩამომიყვანეთ იტალიიდანო...“, - იხსენებს ბებია.76 წლის ქალის უკანონოდ აღკვეთილი თავისუფლება მაშინ დასრულდა, როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. რამდენიმეწუთიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პოლიციამ 32 წლის მამაკაცი გაანეიტრალა და დააკავა.დანაშაული სიღნაღის რაიონის, სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. ირკვევა, რომ გიორგი კაღაშვილი პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. ოჯახის ინფორმაციით, მან ყოფილ მეუღლეზე იძალადა.გიორგი კაღაშვილი, რომელიც სამართალდამცველებმა მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს, დანაშაულს არ აღიარებს.დაკავებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლევან იოსელიანი – 4 ოქტომბერს ყველაზე მეტად გაბრაზებული ვიყავი ლიდერების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, დავურეკე პაატა მანჯგალაძეს, დაეთანხმა ჩემს პოზიციას და მითხრა, რომ ეს პროცესი იყო...

4 ოქტომბერს ყველაზე მეტად მე გაბრაზებული ვიყავი ოპოზიციური პარტიების ლიდერების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, როდესაც მოუწოდებდნენ ადამიანებს, შესულიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში და დაეკავებინათ ეს შენობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.იოსელიანის თქმით, 4 ოქტომბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი იყო.„ეს ყველაფერი როდესაც ვნახე, ჩემთვის უკვე ნათელი იყო, ამას რა ტიპის რეაგირება მოჰყვებოდა სამართალდამცავი უწყების მხრიდან. დავინახე ადამიანები, რომლებიც შევიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში. ყველაზე მეტად მე გაბრაზებული ვიყავი ოპოზიციური პარტიების ლიდერების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, როდესაც მოუწოდებდნენ ამ ქმედებისკენ ადამიანებს. დღეს თუ არ ვცდები, 60 ადამიანი იხდის სასჯელს, რადგან რამდენიმე ადამიანმა მოუწოდა მათ, შესულიყვნენ. ხშირ შემთხვევაში, იმ მოქალაქეებს არ ჰქონდათ გააზრებული, რა ტიპის დანაშაულს სჩადიოდნენ.იცით, რომ დაკავებულია პაატა მანჯგალაძე. ამ ყველაფერს როდესაც ვუყურებდი პირდაპირ ეთერში, დავურეკე პაატა მანჯგალაძეს, რომელიც დასახელებული იყო მაშინ როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი ორგანიზატორი. გამოვთქვი ჩემი აღშფოთება და ვუთხარი, რომ ასეთი რამის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლებოდა, ვინ აგებდა ამაზე პასუხს? რაზეც მან მითხრა, რომ ის არ იზიარებდა იქ მიმდინარე პროცესს. დამეთანხმა ჩემს შეფასებებში და თქვა, რომ ეს პროცესი ნამდვილად იყო შესაჩერებელი და ეს ადამიანები იქიდან გამოსაყვანი იყვნენ. არ ვიცი, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას პაატა მანჯგალაძის ბრალთან დაკავშირებით, მაგრამ, მე განვაცხადე და დღესაც ვამბობ, მასთან ჩემი ზარი და მისი პასუხი ჩემს აღშფოთებაზე, თუ სასამართლოზე საინტერესოა მოსამართლისთვის ამის მოსმენა და როგორც მოწმეს, გამომიძახებენ, მზად ვარ, ჩვენება მივცე. რა თქმა უნდა, თუ დაეხმარება ეს პაატა მანჯგალაძეს თავის საქმეში, რადგან მგონია, რომ ამ ადამიანის დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ იყო განსხვავებული, სხვა პირებისგან განსხვავებით, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ, შესულიყვნენ და დაეკავებინათ ეს შენობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მიხეილ ყაველაშვილი: დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით...

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ინფორმირებული გვყავდეს ჩვენი საზოგადოება.  არ ვმალავთ ჩვენს ქმედებებს, ჩვენს შეხედულებებს და საზოგადოების წინაშე  ყველაფერზე ღიად ვსაუბრობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი შანტაჟის საკითხია და ამ დამოკიდებულებამ საქართველოს მოსახლეობისთვის ფასი დაკარგა.„ფასი დაკარგა ამ დამოკიდებულებამ, მთავრობის წევრები და ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს უკვე დასანქცირებულია, ამ პასპორტებით ვერ სარგებლობენ. ყველა ის საკითხი, რომელიც ევრობიუროკრატიის მხრიდან განხორციელებული იყო საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ყველა იყო შანტაჟის საკითხი. გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსი და დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არ არსებობს დღემდე ამაზე პასუხები. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა, რის გამოც ჩვენ დაგვჩაგრეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ფრანგული გამოცემა – „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის შემდეგ გიორგი წიტაიშვილით „ლიონი“, „ლილი“, „ლაციო“ და „ვილიარეალი“ დაინტერესდნენ

„პარი სენ-ჟერმენთან“ კარგი თამაშის შემდეგ გიორგი წიტაიშვილით ევროპის გამორჩეული კლუბები დაინტერესდნენ, – „მეცის“ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ფრანგული გამოცემა Foot Mercato წერს.„„მეცის“ ქართველი გარემარბი, რომელიც კიევის „დინამოდან“ ფრანგულ გუნდში იჯარის წესით თამაშობს, მომავალი წლის ივნისში თავისუფალი აგენტი გახდება. სწორედ ამ ფაქტორმა და პარიზელთა წინააღმდეგ ნაჩვენებმა მაღალი დონის თამაშმა კლუბების ყურადღება მიიქცია.13 დეკემბერს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში წიტაიშვილი ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა. ლიგა 1-თან ადაპტაციის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი „მეცის“ ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად იქცა და გულშემატკივართა სიმპათიაც დაიმსახურა.მიუხედავად იმისა, რომ წიტაიშვილს კონტრაქტი კვლავ აკავშირებს კიევის „დინამოსთან“, ზაფხულში მისი უფასოდ დამატების პერსპექტივა ბევრ კლუბს იზიდავს – საფრანგეთში მას „ლიონი“ და „ლილი“ აკვირდებიან, ინტერესს იჩენენ რომის „ლაციო“ და ესპანური „ვილიარეალი“, – წერს გამოცემა.ფრანგული „მეცის“ რიგებში მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა 16 შეხვედრა ჩაატარა.

ლევან იოსელიანი – ჩემი ყოველწლიური ანგარიში იხსნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია არის ნომერ პირველი პრობლემა ყველა მოქალაქისთვის

ყოველ წელს, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.ლევან იოსელიანს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, რა იყო 2025 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კუთხით ყველაზე მთავარი პრობლემა და გამოწვევა, რაზეც იოსელიანმა აღნიშნა:„განსაკუთრებით ეს თემაა, რომლითაც იწყება ჩემი ყოველწლიური ანგარიში და რომელზეც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ: ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მათი მდგომარეობა, გამოწვევები, რომელთაც ისინი ყოველდღიურად უმკლავდებიან, სტატისტიკა, რომელიც წელსაც ისეთივე არასახარბიელოა, როგორც შარშან და შარშანწინ. ვგულისხმობ წელს 50-ზე მეტ დაკავებულ ადამიანს, რომლებიც წაიყვანეს და მოათავსეს ციხეებში. ამ ადამიანების ნაწილი დღესაც რჩება სხვადასხვა იზოლატორში, როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართულებით. ეს ის საკითხია, რომელთან გამკლავებაც უწევთ იქ მცხოვრებ ადამიანებს.რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ერთბაშად მოგვარება მარტივი არ არის, თუმცა, როცა ვსაუბრობთ მთავარ პრობლემაზე, მნიშვნელოვანია, დავიწყოთ საუბარი იმ პრობლემით, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის საკითხი, რომელიც ნომერ პირველი პრობლემა უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის, არის კიდეც და სწორედ ამ პრობლემით იხსნება ჩემი ანგარიში“, – განაცხადა იოსელიანმა.

ბოლო სიახლეები