პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ციხიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გამოუშვეს.
„გვარამია გამოუშვეს პოლარიზაციისთვის. რეალურად, ვინც უკარნახა სალომე ზურაბიშვილს, რომ უნდა შეეწყალებინა გვარამია, მას ამოძრავებდა ერთადერთი მიზანი – ეს იყო პოლარიზაცია. ვიცით, რომ გვარამია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში იყო ერთ-ერთი პოლარიზატორი, ვინც აღვივებდა პოლარიზაციას მთელი ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გვარამიას შეწყალების უკან ერთადერთი მიზანი იყო, პოლარიზაციის გაღვივება და ეს დაადასტურა გვარამიამ თავისი გუშინდელი ინტერვიუთი. ის აგრძელებს პოლარიზაციის გაღვივებას, რაც ბუნებრივია, მისი გათავისუფლების მიზანი იყო, თუმცა რაიმე დიდი რესურსი არც გვარამიას აქვს. ის არის მორიგი პრიგოჟინისტი. მისი რესურსი პოლიტიკაში არის ნულოვანი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.