ორშაბათი, ნოემბერი 9, 2026

ირაკლი კობახიძე – მინდა, კიდევ ერთხელ შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პროტესტის განცდა, შევხვდე ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსია

ჩავარდა „ნაცმაიდანი“ და ამ ფონზე მინდა, კიდევ ერთხელ შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პროტესტის განცდა, შევხვდეთ ნებისმიერ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მზად არის ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან.

„პირადად მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს შევხვდე ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს საჯარო დისკუსია, თუ არასაჯარო დისკუსია, ვთავაზობ ყველას ასეთი დისკუსიის გამართვას ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის იმ თემაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ ამ წინადადებას საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო ბანკის მიერ არსებული და დაგეგმილი ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარე ანალიტიკურ სამუშაოს და მასთან დაკავშირებულ კვლევებს ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდის, შრომის ბაზრის განვითარების, სიღარიბის შემცირებისა და თანაბარი განვითარების მიმართულებით.„განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე ტენდენციები და განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგები ეკონომიკის მდგრადობაზე.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო მიქელაძე“, – აღნოშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩინეთში შეხვედრებს გამართავს

ძალიან მნიშვნელოვანია პეკინში ჩვენი ვიზიტი. გვექნება საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ჩინეთში განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს სურს ჩინეთთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება.„ზაფხულში საქართველოში ჩინელი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. ძალიან საინტერესო იყო მათთან შეხვედრა, ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ძალიან კარგად კითხულობენ ჩვენს ლექსებს და ეს შეხვედრები სწორედ ამის გაგრძელებაა. ჩინელმა ახალგაზრდებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ჩვენც გვინდა, უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. საკმაოდ კარგად ჩაიარა შეხვედრებმა. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით და საქართველოს აქვს პოტენციალი, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, რაც სამომავლოდ ჩვენს ქვეყენას მხოლოდ წაადგება. მოხდება გამოცდილების გაზიარებაც, გვექნება სამომავლო ხედვები, გეგმები, თუ როგორ შეიძლება, გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. ძალიან ბევრი ისეთი რამ არის, რაც ჩვენთვის გამოსადეგი იქნება, ასევე გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ვფიქრობ, შეხვედრები ნაყოფიერად და კარგად ჩაივლის“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს.ღარიბაშვილი მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესების სრულად დახურვას „ჩრდილოვან მართლმსაჯულებასა“ და პოლიტიკურ დევნას უწოდებს. ექსპრემიერის განცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნასა და მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა თუ შანტაჟის ფაქტების დამალვას ემსახურება.ღარიბაშვილის თქმით, „ეს არის "კენგურუს სასამართლოს" კლასიკური ნიმუში“. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პროცესით პროკურატურა მის წინააღმდეგ განხორციელებული შანტაჟისა და ფსიქოლოგიური წამების მტკიცებულებების დამალვას ცდილობს.ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ მის შემთხვევაში საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლის "ჩვეულებრივ დანაშაულთან", არამედ "პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან".„2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი საქმის არსებითი განხილვა, სადაც მსურდა, საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და ჩემი სასამართლო სხდომები სრულად დახურა.სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში განიხილებოდა, წარმოადგენს დისკრიმინაციას, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასა და მართლმსაჯულების საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპის უხეშ დარღვევას. ხელისუფლების მოტივი სასაცილო და უსაფუძვლოა. ეს არის ორმაგი სტანდარტის მკაფიო დასტური: ერთსა და იმავე კონტექსტთან ან მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებული სხვა პირების საქმეები, ჩვეულებრივ, ღია რეჟიმში განიხილებოდა, ხოლო ჩემი პროცესი დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურა გამოიყენება არა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, არამედ შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტად. ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა. სასამართლო პროცესის დახურვა მიზნად ისახავს იმის დამალვას, თუ როგორ იკვეთება ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესები, ზეწოლის მექანიზმები და ფაბრიკაციები. როდესაც პროცესი იხურება, იხსნება საზოგადოებრივი და მედიაკონტროლი, რაც საშუალებას იძლევა, დაიმალოს სისტემური მანკიერებები და ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის ნათელი მაგალითი, რომლის მიზანია პოლიტიკური ფიგურის სრული იზოლაცია, მისი ხმის ჩახშობა და პროცესის ისეთ ფორმატში გადაყვანა, სადაც სიმართლე საჯარო სივრცეში ვერ გამჟღავნდება.ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს. მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი. შესაბამისად, ვითხოვდი პროცესის გახსნას და „სინათლეს“.საერთაშორისო სამართლებრივი და ევროპული სტანდარტების მიხედვით, როდესაც სასამართლო სხდომების დახურვა ემსახურება არა ობიექტურ აუცილებლობას, არამედ პოლიტიკური პროცესების დამალვას, ეს კონვენციის ფუნდამენტური დარღვევაა. ამასთან, დახურული, არასაჯარო და შერჩევითი სასამართლო პროცესები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს იმისა, რომ საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლის ჩვეულებრივ დანაშაულთან, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან.დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას. მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს.ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და უმძიმესი დანაშაულის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთე, როდესაც გამოვაქვეყნე ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი წერილი. მას შემდეგ ველოდებოდი ხელისუფლების რეაგირებას - გამოძიების დაწყებას, რაც დღემდე არ მომხდარა. აქვე შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება.როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ იცოდნენ შანტაჟისა და წერილის შესახებ, მაგრამ ეს გარემოებები არათუ გამოიძიეს, არამედ, პირიქით, წერილში მითითებული ულტიმატუმის მიხედვით წამიყენეს ახალი, აბსურდული ბრალი, ხოლო შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის მხარეს სასამართლოში არ მიეცა უფლება, წარედგინა საკვანძო მტკიცებულება - შანტაჟის წერილი. ამასთან, დაცვის მხარეს ეზღუდება გარკვეულ საქმის მასალებზე წვდომა, რითაც უხეშად ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია - ის „კენგურუს სასამართლოს“ (ფიქტიური მართლმსაჯულების) კლასიკური ნიმუშია.შეჯამების სახით მსურს განვაცხადო, რომ სასამართლო პროცესის დახურვა პირდაპირ თავსდება იმავე სქემაში, რომლის შესახებაც აქამდე ვაცნობე საზოგადოებას: ციხეში ზეწოლა და შანტაჟი, მტკიცებულების (წერილის) იგნორირება, საქმის მასალების გადმოცემაზე უარის თქმა და, ბოლოს, პროცესის საზოგადოებისგან დამალვა - მისი დახურვა - ეს ყველაფერი ერთიანი, მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს”, - წერს ღარიბაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია Erasmus+ პროექტ LISS24-ის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა დელეგაცია ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Universitat Politècnica de València - UPV), ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის საგრანტო პროექტის - LISS24 (Learn - Innovate - Sell - Succeed) ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ კონფერენციასა და საერთაშორისო კონსორციუმის დასკვნით შეხვედრას დაესწრო.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვსი ქვეყნის ათი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეჯამება, პარტნიორ უნივერსიტეტებში დანერგილი ინიციატივების მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განხილვა და სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროექტის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი ინსტიტუცია და საქართველოში მისი ეროვნული კოორდინატორია. უნივერსიტეტის მონაწილეობა საერთაშორისო კონსორციუმის დასკვნით ღონისძიებაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ჩართულობას ევროპული საგანმანათლებლო სივრცის განვითარების, საინჟინრო განათლების მოდერნიზებისა და უნივერსიტეტებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, Erasmus+ LISS24 პროექტი 2023 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება. იგი ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების (Capacity Building in Higher Education - CBHE) მიმართულების ფარგლებში ფინანსდება. პროექტის კოორდინატორია ფინეთის ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Turku University of Applied Sciences).„პროექტის ძირითადი მიზანია სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებში ინოვაციური შესაძლებლობებისა და ბიზნესთან ურთიერთობისთვის აუცილებელი კომპეტენციების გაძლიერება, განსაკუთრებით საინჟინრო განათლების მიმართულებით. ინიციატივა ორიენტირებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, სტუდენტების სამეწარმეო აზროვნების ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო ბიზნესგარემოში მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. LISS24 განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიზნესიდან ბიზნესზე (B2B) გაყიდვების თანამედროვე მეთოდების, ინოვაციების მართვისა და ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომერციული საქმიანობის სასწავლო პროცესში ინტეგრირებას. პროექტის ფარგლებში შემუშავებული საგანმანათლებლო მიდგომები აერთიანებს თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სტუდენტურ შეჯიბრებებსა და ბიზნესთან თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში LISS24 პროექტის ფარგლებში გაიხსნა ქვეყნის მასშტაბით პირველი „გაყიდვების ლაბორატორია“ (Sales Lab). იგი დაფუძნდა როგორც სამეცნიერო-კვლევითი ერთეული და წარმოადგენს მულტიფუნქციურ სასწავლო-პრაქტიკულ სივრცეს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას B2B და B2C გაყიდვების მიმართულებით, აგრეთვე ბიზნესსექტორთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში ჩართულია ათი უნივერსიტეტი ფინეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან,სომხეთიდან და საქართველოდან. საერთაშორისო კონსორციუმში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობენ ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ვიენერ ნოიშტადტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა B2B გაყიდვებისა და ინოვაციების მიმართულებით ახალი სასწავლო კურსების შემუშავება და არსებული სასწავლო პროგრამების განახლება, აკადემიური პერსონალის პროფესიული გადამზადება, სტუდენტური კონკურსების ორგანიზება, გაყიდვების ლაბორატორიების შექმნა და უნივერსიტეტებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.პროექტის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ინფორმაციის თანახმად, LISS24-ის ფარგლებში შემუშავდა 11 ახალი და განახლდა 2 სასწავლო კურსი B2B გაყიდვებისა და ინოვაციების მიმართულებით. ასევე, სომხეთისა და საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებში შეიქმნა ექვსი გაყიდვების ლაბორატორია (Sales Labs), რომლებიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულ გარემოში შეისწავლონ მომხმარებელთან ურთიერთობის, მოლაპარაკებების, გაყიდვების სტრატეგიებისა და ბიზნესპროცესების მართვის თანამედროვე მეთოდები.პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სტუდენტურ კონკურსებს, რომლის მიზანია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, პროფესიული უნარების შეფასება და ინოვაციური იდეების რეალურ ბიზნესშესაძლებლობებად გარდაქმნის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025 წლის ივნისში, პირველად საქართველოში, Erasmus+ LISS24 პროექტის ფარგლებში სტუდენტთა B2B გაყიდვების შეჯიბრება ჩატარდა.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს. პროექტის შედეგების დანერგვასა და მდგრად განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობას. ამასთანავე, LISS24-ის კონსორციუმმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უმაღლესი განათლების ექსპერტის სტატუსით მიიწვია, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობისა და პროექტის შედეგების ინსტიტუციონალიზაციის პროცესში მის როლს კიდევ უფრო აძლიერებს.სტუ-ის ინფორმაციით, ვალენსიაში გამართული შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პროექტის შედეგების გრძელვადიანი გამოყენების საკითხებს. განხილული იყო გაყიდვების ლაბორატორიების შემდგომი ფუნქციონირება, შემუშავებული სასწავლო კურსების საუნივერსიტეტო პროგრამებში ინტეგრირება, ბიზნესთან თანამშრომლობის გაგრძელება, ერთობლივი კვლევების განხორციელება და ახალი საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივების შემუშავება. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს მიღებული გამოცდილების სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში გავრცელებისა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ჩამოყალიბებული პროფესიული ქსელის განვითარების შესაძლებლობებზე.LISS24-ის განხორციელებამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინა თანამშრომლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, გაეზიარებინა საერთაშორისო გამოცდილება, დაენერგა სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები და გაეძლიერებინა კავშირი უმაღლეს განათლებასა და ბიზნესსექტორს შორის. პროექტის დასკვნითი ეტაპი არ წარმოადგენს პარტნიორობის დასრულებას. პირიქით, ვალენსიაში მიღწეული შეთანხმებები და ჩამოყალიბებული თანამშრომლობითი კავშირები საფუძველს ქმნის ახალი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ინიციატივებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და ინოვაციურ სივრცეში.

აბას არაღჩი აშშ-ს – დაასრულეთ ომი ყველა ფრონტზე, ან აირჩიეთ ომი და ნახავთ, როგორ დაგატეხენ თავს ჯოჯოხეთს ჩვენი მეომრები

ამერიკელმა ამომრჩევლებმა არჩევანი გააკეთეს. ახლა თეთრი სახლის ჯერია, საკუთარი არჩევანი გააკეთოს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.ის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოქმედებები ყველა ფრონტზე შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრი ზომებით ემუქრება.“ჩვენი ორდღიანი წინადადება ძალაში რჩება: შეასრულეთ მოთხოვნები, მათ შორის, დაასრულეთ ომი ყველა ფრონტზე, და შედეგსაც იხილავთ. ან აირჩიეთ ომი და ნახავთ, როგორ დაგატეხენ თავს ჯოჯოხეთს ჩვენი მზადყოფნაში მყოფი, ბრძოლებში გამოწრთობილი მეომრები”, - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ბოლო სიახლეები