ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ 12 ათასი დოლარი ეღირება ბინა ამ ტერიტორიებზე – გონიოსა და კრწანისში, ერთსა და იმავეს ამბობენ „ლელო“, „ალტ ინფო“ და „ნაცმოძრაობა“, მათემატიკა არ არის ამ ადამიანების ძლიერი მხარე, არც ჰუმანიტარულ საგნებში არიან ძლიერები, თუმცა მათემატიკაში განსაკუთრებული სისუსტე აღენიშნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ ხელისუფლების ოპონენტებს კოორდინირებულია კამპანია აქვთ წარმოებული.
„როდესაც შენდება ბინები, დაახლოებით 80 პროცენტს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები და 20 პროცენტს უცხო ქვეყნების მოქალაქეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის მაჩვენებლებიც იქნება დაახლოებით იგივე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ზოგადი დასკვნა. აქაც ოპონენტები სპეკულირებენ, რომ ბინის ფასი იქნება ძალიან მაღალი და საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ამ პროექტში ბინების შეძენის შესაძლებლობა. ერთი და იგივე რიცხვებს ატრიალებენ, ჩანს, რომ კოორდინირებულია ეს კამპანია. ამბობენ, რომ 12 ათასი დოლარი ეღირება ბინა ამ ტერიტორიებზე – გონიოსა და კრწანისში, რაც არაფერს ეფუძნება. ერთი და იგივეს ამბობენ „ლელო“, „ალტ ინფო“ და „ნაცმოძრაობა“. მათემატიკა არ არის ამ ადამიანების ძლიერი მხარე, არც ჰუმანიტარულ საგნებში არიან ძლიერები, თუმცა მათემატიკაში განსაკუთრებული სისუსტე აღენიშნებათ. რომ დავთვალოთ, 16 ათასი ბინა საშუალოდ რომ ავიღოთ 100 კვადრატული მეტრი, გამოდის, მილიონ 600 ათასი კვადრატული მეტრი გასაყიდი ფართი, ეს ყველაფერი 12 ათას დოლარად რომ გაყიდოს კომპანიამ, გამოდის, რომ შემოსავალი მარტო ბინების ნაწილში უნდა იყოს 19,2 დოლარი. რამხელა მოგებაზე უნდა გავიდეს კომპანია, საუბარი, კოლოსალურ მოგებაზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მოგების სახით შემოუვა არა 2 მილიარდი ლარი, არამედ 4 მილიარდი დოლარი. რა მასშტაბით არიან აცდენილები ჩვენი ოპონენტები, შეგიძლიათ განსაჯოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

