ორშაბათი, მარტი 16, 2026

ირაკლი კობახიძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსა და ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში იმყოფება, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მუსტაფა იაღის და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

როგორც „ტიფლის ნიუსის “ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებებით – მათ შორის, საპარლამენტო, ეკონომიკური, განათლების, ჯანდაცვისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, საქართველო ძალიან დაინტერესებულია სამედიცინო ტურიზმის გაფართოებაში, ასე რომ, ბევრი რამის გაზიარება შეიძლება იორდანიის გამოცდილებიდან.

„იორდანიაში საკმაოდ განვითარებულია სამედიცინო ტურიზმი, ასევე, ის მსოფლიოში მესამე ქვეყანაა მყარი ვალუტით. ეს ის მიმართულებებია, რომლებიც მსგავსია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ბუნებრივია, საქართველო ძალიან დაინტერესებულია სამედიცინო ტურიზმის გაფართოებაში, ასე რომ, ჩვენ შეიძლება, ბევრი რამ გავიზიაროთ იორდანიის გამოცდილებიდან. იორდანია მშვიდობისმყოფელი ქვეყანაა, რომელიც არ ომობს თავის მეზობლებთან, და ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება, მათ შორის, ეს გამოცდილებაც, იმიტომ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ეფუძნება პრაგმატიზმს და ეროვნულ ინტერესებს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოში მოიწვია.

„მათ აქვთ ჩვენი მსგავსი გამოწვევები და საუბრობენ პრიორიტეტებზე. როგორც აღმოჩნდა, ეს პრიორიტეტებია განათლების სფერო, ჯანდაცვის სფერო, აგრეთვე, ტურიზმი და ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლებელია გარკვეული გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ისინი მოვიწვიეთ საქართველოში და ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, დამატებით კონსულტაციები გაიმართოს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც დეპუტატები: ზაქარია ქუცნაშვილი, მამუკა მდინარაძე, შალვა კიკნაველიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტს 1 მარტს დაასრულებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბას არაღჩი – გავაგრძელებთ თავის დაცვას, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი არ მივა დასკვნამდე, რომ ეს არის უკანონო ომი გამარჯვების გარეშე

ჩვენ არასდროს გვითხოვია ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკებებიც კი არასდროს გვითხოვია. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა. მისი თქმით, ირანი მზად არის, საკუთარი თავი იქამდე დაიცვას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.„ეს არის ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით და გავაგრძელებთ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი არ მივა დასკვნამდე, რომ ეს არის უკანონო ომი გამარჯვების გარეშე. იცით, ადამიანები იღუპებიან მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტ ტრამპს გართობა სურს. ეს არის ის, რაც მან თქვა“, –  განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაცემა Face the Nation-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.აბას არაღჩის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ძირავს ხომალდებს და მიზანში იღებს სხვადასხვა ადგილს, რადგან მიაჩნია, რომ ეს სახალისოა.„მან თქვა, რომ ძირავენ ხომალდებს და თავს ესხმიან სხვადასხვა ადგილს, რადგან ეს სახალისოა. ომის მდივანმა კი განაცხადა, რომ არანაირი მოწყალება არ იქნება და სინამდვილეში, ეს ომის დანაშაულია. ამის თქმაც კი ომის დანაშაულია. ასე რომ, ეს არის პრეზიდენტ ტრამპის და შეერთებული შტატების მიერ არჩეული ომი და ჩვენ თავის დაცვას გავაგრძელებთ“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.მისივე განმარტებით, ეს არ არის ომი გადარჩენისთვის.„ჩვენ საკმარისად სტაბილური და ძლიერი ვართ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს ხალხს ვიცავთ ამ აგრესიის აქტისგან. ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა ვესაუბროთ ამერიკელებს, რადგან ჩვენ მათთან ვსაუბრობდით, როდესაც ჩვენზე თავდასხმა გადაწყვიტეს. და ეს მეორედ მოხდა“, – აღნიშნა არაღჩიმ.ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანა მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს თავს არ ესხმის. მისი განცხადებით, ირანის სამიზნეს წარმოადგენს მხოლოდ ამერიკული ობიექტები და ამერიკული სამხედრო ბაზები.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, „თქვენ „ზუმის“ მეშვეობით გვესაუბრებით, ირანელებს ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, თუმცა თქვენ გაქვთ, რატომ?“, – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „მე ირანელების ხმა ვარ და მათი უფლებები უნდა დავიცვა. სწორედ ამიტომ მაქვს ინტერნეტთან წვდომა, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ჩვენი ხმა გაიგოს. ინტერნეტზე წვდომა უსაფრთხოების მიზნით შეზღუდულია, რადგან ირანი თავდასხმისა და აგრესიის ქვეშ იმყოფება და ჩვენ საკუთარი ხალხის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.

გიორგი კოჩალიძე და თორნიკე მიქელაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ

სერბეთში დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორმა ქართველმა ფალავანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.გიორგი კოჩალიძე (60 კგ) ფინალში სომეხ სურენ აღაიანიანთან დამარცხდა, ხოლო თორნიკე მიქელაძე (82 კგ) – აზერბაიჯანელ ელმინ ალიევთან.ტურნირზე თემურ ორჯონიკიძე (77 კგ) და კობა ქარუმიძე (55 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

მიხეილ ყაველაშვილი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, პასუხს ვერ სცემდა, როცა ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ადამიანების უფლებებზე, ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული

მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მის პრეზიდენტს და დელეგაციას, საკმაოდ კონსტრუქციული, გულწრფელი, სამართლიანი საუბარი შედგა. მნიშვნელოვანია, აღვნიშნო, რომ საკმაოდ პოზიტიურად განვეწყვე, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და უბრალოდ პასუხს ვერ სცემდა, შეუძლებელი იყო ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, ადამიანების უფლებებზე და ა.შ., ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.როგორც მან აღნიშნა, ვერ შეიწყალებს იმ პირებს, რომელთა შეწყალების საკითხიც დააყენა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ვინაიდან არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს პირები კიდევ უფრო მეტად საშიშნი არ იქნებიან საზოგადოებისთვის.„მე დავუსვი მას კითხვები. შეწყალების თემაზე მას ჰქონდა, თხოვნას არ დავარქმევ, უბრალოდ ეს საკითხი დააყენა იმ ფონზე, რომ ასეთი დაძაბულობაა, იქნებ კონსტრუქციული დიალოგი შედგეს და ერთ-ერთი ნაწილი იყოს ეს შეწყალების აქტი. მე მას ვუპასუხე, რომ ერთ წელიწადში დაახლოებით ათასამდე ადამიანი შევიწყალე, შეწყალების აქტს ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამთ, ჰუმანური აქტია, ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ტოლერანტული იყო, ამ საკითხთან მიმართებით ჩვენ არანაირი კითხვის ნიშნები არ გვაქვს და ეს პროცესი გაგრძელდება. ის ადამიანები, ვისზეც თქვენ მიგვითითებთ, რომ შევიწყალო, ამ პროცესებში დაკავებულებზე იყო საუბარი, მაგრამ ჩემი პასუხიდან გამომდინარე პასუხი ვეღარ გამცა, იმიტომ, რომ შეწყალება ხდება ისეთი ადამიანის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი მხარდამჭერი გახდეს, რომ გამოვა, აუცილებელია, რომ ის უფრო მეტად საშიში არ იყოს საზოგადოებისთვის, რა აქტიც მან ჩაიდინა, ვიღაც რომ მთხოვს, გავითვალისწინო მე თუნდაც და კეთილი ნება გამოვიჩინო, რომ ეს ადამიანი ციხიდან გამოვიდეს, მერე მან უფრო დიდი უბედურება განახორციელოს, ამის გარანტიას ისინი ხომ ვერ გაძლევენ?! ვერც მოგცემენ ამის გარანტიას, იმიტომ, რომ არ არსებობს ამის გარანტია, ჩვენ ეს ფაქტებად გვაქვს წარმოდგენილი, იმ ადამიანების განცხადებები, ვინც თითქოს უნდათ, რომ ჩვენ შევიწყალოთ, როგორი გონორით არიან დღემდე. როგორ წარმოუდგენიათ, ჩვენ, დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო ვართ და ვის უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოვიდეს და კიდევ უფრო მეტი საშიშროება გააჩინოს ჩვენს საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ვერ დავუშვებთ, თორემ ყველაფრისთვის მზად ვართ, იმდენად მყარად ვართ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, 100 პროცენტით კი არა, 1000 პროცენტით მართლები ვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აშშ-ის პირველი ლედის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა, რომ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.„მესმის, რომ ნამდვილად არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება ასე სწრაფად, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და გაგებით შეიძლება, მოვეკიდოთ ამ პროცესს. თუმცა ის ნათქვამი, რომ ისინი ამზადებენ ამ პროცესებს, ესეც რეალობაში ძალიან კარგად არის გაგებული ჩვენი მხრიდან. ჩვენ არსად  გვეჩქარება. ჩვენ გააზრებული გვაქვს, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება არსებულ გამოწვევებში როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ ჭრილში არის განსახილველი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა, ჩვენ გულწრფელები ვართ და მზად ვართ ამ საკითხების განსახილველად. იქიდან კეთილი ნების კონტურები გამოკვეთილია ვიზიტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ახლა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალური სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია, ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით.

მიხეილ ყაველაშვილი – ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ჰქონდა გათვლილი, როგორ მოქცეულიყო, შეენარჩუნებინა მშვიდობა, განევითარებინა ქვეყანა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დროს გამოიკვეთა პროცესი, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ხორციელდებოდა ზეწოლა. რატომ? იმიტომ, რომ ამ პროცესში საქართველოს თავისი როლი უნდა ეთამაშა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.„გახსოვთ დეზინფორმაციის ნიაღვარი და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების რჩევები, გავისეირნოთ , ასევე მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებული თემები, გამოსვლა და პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანქციებთან შეერთებაზე. ერთი ძალა კურირებდა ამ ყველაფერს და ჩვენი მთავარი მოტივაცია იმ დღეებში იყო, რომ რაც შეიძლება, სწრაფად მოგვეხდინა ინფორმირება ჩვენი საზოგადოების – რა იყო სიმართლე, რა უნდა დაგვეცვა. სხვათა შორის, ჩვენს მომხრეებშიც იწვევდა გაუგებრობას, ისეთი დიდი ნიაღვარი იყო , თითქოს მტრის მხარეს დგებოდა ჩვენი ქვეყანა და ამას ყველამ ერთად გავუძელით, მთელმა სახელმწიფომ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.მისივე თქმით, ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი, როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა.„ის მთელი მოქმედებები, რომელიც ბრჭყალებში ვიტყვი, თითქოს ჩვენი კეთილის მსურველები, პარტნიორები, აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია და მთლიანად, უკვე აღარც არის დამალული, პირდაპირ შეგვიძლია, სხვას ვერაფერს დავარქმევ, იმ რადიკალური ფრთის მოქმედებას მაშინაც და დღესაც, ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დამოკიდებულია სწორედ ამ ძალებზე და მხოლოდ მათი დაკვეთით მოქმედებს. მათ არსებულ ტელევიზიებში პროპაგანდა მიდიოდა, რომ რუსეთი როგორი სუსტია, პატრიოტულ ნოტებზე გადაჰყავდათ და აგულიანებდნენ ახალგაზრდობას, საზოგადოებას, რომ როგორი შანსი გვაქვს ახლა, დავაბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და ეს უმოქმედო რუსი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. აი, ამ ზეწოლებს ჩვენ საკმაოდ მომზადებული შევხვდით, ეს ბრძოლის პროცესია და ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს ბრძოლა არ ჩერდება, ვაგრძელებთ ამ ბრძოლას.უკრაინის ომის შემდეგ, თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც ჯანსაღად აზროვნებს, პატრიოტია და იცავს ამ ქვეყნის ღირებულებას და ინტერესებს, შეიძინა გამოცდილება და მისთვის ნათელი გახდა, რასთან გვქონდა საქმე, მით უმეტეს ამ ფონზე, ამ ოთხი წლის შემდეგ, ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, ასეთ დროს საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი, როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა. ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ახორციელებს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები