სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. ის რომ დღეს თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ჯარი დგას, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„როგორ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, – ეს სააკაშვილმა გააკეთა. მათ დაარქვეს კოდორს ხეობას ზემო აფხაზეთი. სააკაშვილმა ჩაატარა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში, მუდმივი საუბარი მილიტარიზაციაზე, ესეც სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვილი იმ წლის დასაწყისში ამომრჩეველს ჰპირდებოდა რომ 1 წელიწადში ისინი შეხვდებოდნენ საკუთარ სახლებში. ეს ავანტიურისტული ქმედებები მიზნად ისახავდა იმ შედეგის დადგომას, რომელიც დადგა. ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და თავად სააკაშვილს აქვს ნათქვამი, რომ მან დაიწყო ომი. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, ასევე თქვა, რომ მძინარე ცხინვალს დაესხა თავს ქართული ჯარიო. წადით და კითხეთ სალომე ზურაბიშვილს, რას ფიქრობს დღეს, ჰკითხეთ ნაცმოძრაობას, ეთანხმებიან თუ არა იმ ჩანაწერს, რაც არის მოცემული ევროსაბჭოს რეზოლუციაში. ვადასტურებ იმას, რაც თქვა პრემიერმა, რომ ეს შედეგი რაც დადგა, იყო სააკაშვილის პოლიტიკის შედეგი. ჩვენ რომ დაგვეშვა შეცდომები ამ გასული 2-3 წლის განმავლობაში, შედეგი სხვა იქნებოდა, იქნებოდა არა მშვიდობა, არამედ ის რაც ნაცმოძრაობას უნდოდა – რაც 2008 წელს მოგვიტანეს – 500 დაღუპული და 30 000 დევნილი. ამაზე უარი შედეგი უნდოდა ნაცმოძრაობას ახლა ჩვენი ქვეყნისთვის. ნაციონალობა გონების დაბინდვას ნიშნავს. რუსეთს შეიძლება ნებისმიერ მომენტში უნდოდეს ომი, მაგრამ, შენ როცა ხელისუფლება ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს აირიდო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.