ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს, ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა

ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს – ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატიის და ბრიტანეთის ხელისუფლების ასეთი უხეში გადაცდომები ეხმარება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია.

„ჩემთვის უკვე დამდგარი შედეგია მთავარი და დამდგარი შედეგი არის ის, რომ ბოლომდე ფარდა აეხადა ყველაფერს. თუ აქამდე ფორმალურად მაინც გვესაუბრებოდნენ მაღალ მატერიებზე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ევროპელი პოლიტიკოსები, იგივე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, დღეს პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს. ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა. ეს აბსოლუტურად ფუჭად გასროლილი ტყვია იყო, მაგრამ მიზანი ჰქონდათ, რომ ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში უნდა დაეხურა ორი წამყვანი ტელევიზია, ახლა ევროპარლამენტიდან საუბარია კიდევ იმავე მცდელობაზე. ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენთვის არის შედეგის მომტანი იმ კუთხით, რომ ბოლომდე ვხედავთ ლუსტრაციას, რა მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს – აბსურდული განცხადებები, აბსურდული ჩანაწერები და აბსურდული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი. არანაირი კონსტიტუციური სტანდარტი აქ არ მოქმედებს, ადამიანის ძირითადი უფლებების არანაირი საერთაშორისო სტანდარტები, საერთოდ ყველაფერი გადახაზულია. ადრე ფორმალურად თუ მაინც აცხადებდნენ, რომ ისინი პატივს სცემდნენ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, მედიის თავისუფლებას, მედიაპლურალიზმს, ახლა პირდაპირ, უხეშად დაუპირისპირდნენ ამ ყველაფერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის.

ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გვიწევდა რაღაცების მტკიცება. ასეთი უხეში გადაცდომები, რასაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან, გვეხმარება ჩვენი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია და ევროპული პოლიტიკა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. არავითარი იურიდიული სტანდარტით არათუ გამართლებაზეა საუბარი, ვერც კი აიხსნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბრიტანულმა ხელისუფლებამ და რომლის შესახებ საუბრობს ახლა ევროპარლამენტი. მაგრამ ეს ძალიან კარგია ლუსტრაციისთვის, ამას ხედავს ქართული საზოგადოება.

ბრიტანული სანქციის შემთხვევაში დავინახეთ, რომ ამას ჰქონდა ხუთდღიანი ეფექტი. როცა დაინახეს, რომ არავითარი პრაქტიკული შედეგი არ ჰქონდა ამ სანქციებს, ეს მუხტიც ჩაქრა. შეიძლება მცირე მუხტი ასწიეს 3-4 დღით, მაგრამ მეხუთე დღეს ხომ ეს მუხტი ჩაქრა. ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო.ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„„ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა“ (გამოცხ. 14:13). ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის უფლისმიერ მიძინების შესახებ.ჩვენს გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიის საყვარელ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და მრევლს, რომლებიც გლოვობთ ამ საყვარელი მწყემსის დაკარგვას. მხურვალე ვედრებას აღვავლენთ მისი სულის განსასვენებლად, რათა მან ჰპოვოს „ერთგული და გონიერი განმგებლის“ (ლუკა 12:42) კუთვნილი ჯილდო.იყოს ხსენება მისი საუკუნო. ლოცვითა და აღდგომილი უფლისმიერი სიყვარულით“, – ნათქვამია 19 მარტით დათარიღებულ სამძიმარში.

კახა კალაძე – შეტევები, მუქარები გრძელდება, უნდათ, რომ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სამი პოლონელი დეპუტატის მოთხოვნას, საქართველოში სამი ტელეკომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით.მისივე განმარტებით, ისევე, როგორც ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, აღნიშნული დეპუტატების მოთხოვნაც არგუმენტებს მოკლებულია და მათ პოლიტიკურ განწყობებს ასახავს.„შეტევები, მუქარები გრძელდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მათ არ სიამოვნებთ სიმართლე. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ შანტაჟს. მაგალითად, ბრიტანეთმა გამოსცა დასანქცირების ბრძანება კონკრეტულ ტელევიზიებთან მიმართებით, მაგრამ არანაირი არგუმენტები არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე, აქ უკვე ორმაგი სტანდარტი შემოდის. მათ უნდათ, არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს. ეს დემოკრატიისგან შორსაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს ინფორმაციას.როგორც ცნობილია, ტანკერზე იერიში განხორციელდა უპილოტო ნავით. ინფორმაციას ადასტურებს თურქეთის სატრანსპორტო მინისტრი ურალოღლუ.თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ტანკერი, თუმცა ბორტზე მყოფი 27 მეზღვაური არ დაშავებულა.უკრაინის დაზვერვის ცნობით, ALTURA თურქული კომპანიის, Pergamon Shipping-ის გემია და სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გადასაზიდად გამოყენებულ რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ მიეკუთვნება.

თამარ ბაგრატიონი – დასრულდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან...

დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.როგორც თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით სამიტი იყო მასშტაბური, ხოლო თემა – გლობალურად მნიშვნელოვანი.„45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში თავიანთ ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები. დავრწმუნდი, რომ პირადი ურთიერთობები, რომლებიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა, ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, მისივე ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზდრობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

რობერტ ჰაბეკი – ტრამპმა იმავე მიზეზებით მიიტანა ირანზე იერიში, რა მიზეზებითაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე

დონალდ ტრამპმა იმავე მიზეზებით მიიტანა ირანზე იერიში, რა მიზეზებითაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.ბრიტანულ გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში ჰაბეკმა დაწერა, რომ პუტინმაც და ტრამპმაც ომები დაიწყეს „განდიდების მანიით“ და „საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფით“.ამასთან, გერმანელი პოლიტიკოსის მოსაზრებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ვერ შეაფასეს „ამ ქვეყნების მზადყოფნა, წავიდნენ მსხვერპლზე“ და ასევე ვერ გაითვალისწინეს უკრაინისა და ირანის პოტენციური მოკავშირეების ინტერესები.„როგორც ევროპა (და იმ დროს აშშ, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში) არ აპირებდა, უბრალოდ დაეცადა, რომ პუტინს საკუთარი სურვილისამებრ ემოქმედა უკრაინაში, ახლა რუსეთი და ჩინეთი დაინტერესებული არიან, რომ აშშ დიდხანს დარჩეს ირანზე ორიენტირებული, ხარჯავდეს საბრძოლო რესურსებს და ინარჩუნებდეს სამხედრო ხომალდებს რეგიონში“, – მიიჩნევს ჰაბეკი.ჰაბეკმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე ომმა ენერგორესურსებზე ფასების ზრდა გამოიწვია და მათი მიწოდება კვლავ გამოიყენება „ევროპის მოწყვლადობის დემონსტრირებისთვის“.ჰაბეკი იყო გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი 2021–2025 წლებში და მონაწილეობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში. ახლა იგი მოუწოდებს ევროპას, მოემზადოს ხანგრძლივი ომის სცენარისთვის და გააძლიეროს თავდაცვა, მათ შორის დააგროვოს დრონების გამანეიტრალებლები და შექმნას ახალი თავდაცვითი საწარმოები.მისი აზრით, აუცილებელია, სასწრაფოდ განხორციელდეს ევროპული ენერგეტიკული სტრატეგია, მათ შორის ენერგიის წყაროების განვითარება.„ვინც ამბობს, რომ ეს ძალიან ძვირია, შევახსენებ: ევროკავშირი წელიწადში დაახლოებით 450 მილიარდ დოლარს ხარჯავს წიაღისეულ საწვავზე. ხშირად, ეს საწვავი იმ ქვეყნებიდანააა, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას განსაკუთრებით არ ემხრობიან. უკეთესი იქნება, ეს თანხები შიდა ენერგიის წარმოებასა და ჩვენი ინფრასტრუქტურის დაცვაში დაიხარჯოს“, – წერს ჰაბეკი.

ბოლო სიახლეები