სამშაბათი, მაისი 13, 2025

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.

„რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.

აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო:

– პირველ რიგში, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება (რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც აშშ-ს ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა „დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო; რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის განმავლობაში აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია;

– საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტებიც, რომელთა მიმართ თქვენს ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნდობა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს;

– რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს ხედვებს შორის. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე, ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით, არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა, ქართველი ხალხის და ჩვენდა გასაკვირვად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ.

მეტიც, კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი – ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი – მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა.

ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება.

შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.

როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის.
წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში!

ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებთ სიმტკიცეს და კეთილდღეობას!“ – აღნიშნულია ღია წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან

რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული დრონის დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.„ამჟამად ხარკოვში გრძელდება სამუშაოები რუსული დრონის დარტყმის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ეს იყო მორიგი რუსული დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტზე – სამოქალაქო ობიექტზე. რუსეთი ჩვეულებისამებრ იქცევა. როდესაც მათგან ყველა ელოდება პასუხს ცეცხლის შეწყვეტასა და პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ისინი ახალი დარტყმებითა და თავდასხმით პასუხობენ. ერთადერთი, ვინც ომს აჭიანურებს, ერთადერთი, ვის გამოც ომი დაიწყო, ვის გამოც ის გრძელდება, ეს სწორედ რუსეთია და მასზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა. რუსეთი ბევრს საუბრობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისინი იმალებიან. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ვისზეც ნამდვილად არის დამოკიდებული, რა მოხდება შემდგომ. ამჟამად ჩვენი გუნდი აქტიურად ამზადებს თურქეთში ვიზიტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება

რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში უკრაინულ მხარეს დაელოდება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.ჟურნალისტმა პესკოვს კითხვა დაუსვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების შესახებ, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილს გამოთქვა.„ჩვენ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ვაფასებთ, რომელმაც სტამბოლში ხუთშაბათს დელეგაციებს შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება“, – განაცხადა პესკოვმა.პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამჟღავნდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტისგან შესაბამისი მითითებები იქნება.

დონალდ ტრამპი – მსურს გარიგება ირანთან, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს მშვიდობიან წინადადებას, არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანთან ახალი შეთანხმების დასადებად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ლიდერები კურსს შეცვლიან.„მე მსურს, გარიგება დავდო ირანთან, შემიძლია ირანთან გარიგების დადება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენს რეგიონს და მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქცევთ, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს ამ მშვიდობიან წინადადებას, ჩვენ არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ“, – განაცხადა ტრამპმა.საუდის არაბეთის დედაქალაქში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“ და აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება სამუდამოდ არ იქნება ძალაში.„ეს არის შეთავაზება, რომელიც სამუდამოდ არ გაგრძელდება. ახლა არის დრო, რომ აირჩიონ – ახლავე“, – განაცხადა ტრამპმა.

GEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობები ცნობილია

16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ცნობილია გუნდების საბოლოო განაცხადები.GEO11-ის შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი ლომაია, როინ კვასხვაძე;მცველები: კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ნავალოვსკი;ნახევარმცველები: სანდრო კობახიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, გოგიტა გოგუა;თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.„ბარსელონას“ ლეგენდების შემადგენლობა:მეკარეები: ხესუს ანგოი, ხორდი მასიპი;მცველები: ოლეგერ პრესასი, სერხი ბარხუანი, ხუან პაბლო სორინი, კრისტანვალი, ფრედერიკ დეო, მაქსველი, ფერნანდო ნავარო;ნახევარმცველები: ფილიპ კოკუ, ჟერარ ლოპესი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონი, გაისკა მენდიეტა;თავდამსხმელბი: ლუდოვიკ ჟიული, ხავიერ სავიოლა, რონალდინიო.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ

ტროპარი, ხმა 4 ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად. ლოცვა ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა - უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღუთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ.

ბოლო სიახლეები