დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და, შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთო სურათი არსებითად იგივე დარჩება, რადგან ძირითადი ორგანოები, რომლებიც დღემდეც იყვნენ დაკავებული იმ საქმიანობით, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მთავრობა თავისი ადმინისტრაციით, თავისი კონკრეტული დეპარტამენტით, ეს არის სუს-ი ანტიკორუფციული სააგენტოთი, ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ეს არის საქართველოს პროკურატურა.
„კორუფციის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა როდესაც დავიწყეთ, თავი მოვუყარეთ სწორედ ამ ორგანოებს. ამ თემასთან დაკავშირებით როდესაც ვიკრიბებოდით ხოლმე, როცა საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას, იკრიბებოდა მთავრობის წარმომადგენლობა თავისი სამინისტროებით, პროკურატურა, სუს-ი და აუდიტის სამსახური. ამ კონსტიტუციური ორგანოების ხელშია, საბოლოო ჯამში, ის ფუნქცია, რასაც ჰქვია ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. შესაბამისად, არსებითად სისტემა რჩება იგივე, უბრალოდ ეს სისტემა აქაც შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციურ ჩარჩოსთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

