პარასკევი, ნოემბერი 1, 2024

ირაკლი კობახიძე – გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა, ოპონენტების სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გუშინ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა.

„პირველ რიგში, მინდა, პარტიის სახელით მადლობა გადავუხადო თავისუფლების მოედანზე შეკრებილ 10 ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ჩვენს მხარდამჭერებს შეკრებისთვის და ძალიან ძლიერი მუხტისთვის, რომელმაც გუშინ თავისუფლების იდეის გარშემო გაგვაერთიანა. გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას. სწორედ ამ ღირებულებებმა გაგვაერთიანა ჩვენ 2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, როდესაც ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თავისი ძალა აჩვენა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს.

გუშინ თავისუფლების მოედანზე ამ ღირებულებებმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ხალხი, რომელმაც ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას. აქციაზე დასასწრებად უამრავმა ადამიანმა შორი გზა გამოიარა. მადლობა შეკრების თითოეულ მონაწილეს ამ ძალისხმევისთვის, რომელიც აუცილებლად ჩვენი საერთო გამარჯვებით, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებით დაგვირგვინდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განმარტებით, პოლიტიკური ოპონენტების სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს „ქართული ოცნების“ აქციის წარმატებას.

„აქვე, არ შეგვიძლია, ძალიან მოკლედ არ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური ოპონენტების სასოწარკვეთილ რიტორიკას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ეს სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 10 ათასობით ადამიანისთვის იმის წოდება, რისი გამეორებაც კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ნათლად ცხადყოფს ღირებულებით სხვაობას ჩვენსა და მათ შორის. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები ხალხზე ძალადობდნენ ფიზიკურად. ახლა კი, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ, ფიზიკური ძალადობა მათ სიტყვით ძალადობით ჩაანაცვლეს.

ნათელია, ამ ადამიანებს ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, სიტყვით ძალადობას ისინი კვლავ ფიზიკურ ძალადობად აქცევენ. სწორედ ეს არ დაუშვა ქართველმა ხალხმა 2 ოქტომბერს, როდესაც მკაცრი უარი უთხრა მოძალადეებს მათივე გამოცხადებულ ე.წ. რეფერენდუმზე. მოძალადეების გამარჯვება დაუშვებელია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რათა თუნდაც ერთ ქალაქსა თუ რაიონში ავანტურისტების დესტრუქციული ზრახვების გამო არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბრის გამარჯვებას 30 ოქტომბერს მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი მიზანია, არჩევნები მოვიგოთ ოცივე მუნიციპალიტეტში, რათა 30 ოქტომბრიდან ახალი ენერგიით განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს, ანგარიშში მოცემულია ზოგადი ფრაზებ

მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ანგარიშში არ არის მოცემული დადგენილი ფაქტები. „მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, საქმე ეხება მოსყიდვას, რესურსის გამოყენებას, დაშინებას და ა.შ. პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და ჩვენც ვკითხეთ შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელს, როცა საუბარია ბიულეტენების ჩაყრაზე, რამდენი შემთხვევა იყო, იყო ორი შემთხვევა, მეტი არ ყოფილა. ანუ 3 111 უბნიდან ასეთი შემთხვევა მხოლოდ ორი დაფიქსირდა. ერთი უკავშირდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მაშინვე აღიძრა საქმე, მაშინვე დაიხურა უბანი, მყისიერი იყო ზომები, რაც იქნა მიღებული, მეორე – „ლელოს“ ბიულეტენები ეჭირა ადამიანს და იქაც არ მიეცა მას ამის გაკეთების საშუალება. ანუ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, წერია ზოგადი ფრაზა, მრავალჯერადი ხმის მიცემა, ჩაყრა და ა.შ. იგივე მოსყიდვა – ათასი უბნიდან დაადგინეს ათი შემთხვევა, სადაც ვიღაცამ ვიღაცას ფული მისცა. მისცა თუ არა, ეგეც არ ვიცი, ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ, რომ ათასი ინტრიგანი იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში, მაგრამ დავუშვათ, მისცა, ანუ 10 შემთხვევა დაინახა სხვადასხვა დამკვირვებელმა, რომ ვიღაცა ვიღაცას აძლევდა ფულს. აქ დადგენილი კი არ აქვთ სადმე, რომ ვინმემ ვინმე მოისყიდა, რა მიზნით გადასცა თანხა. არაფერი არაა დადგენილი, მაგრამ მთავარი ხომ თვითონ ციფრებია. ათი სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა ათას უბანზე, სადაც მივიდა 700 000 ამომრჩეველი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არც სისტემური და არც არსებითი პრობლემა ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით არ არსებობდა. იგივე ეხება ყველაფერს, ხმის ფარულობასაც და ა.შ. თავისივე დასკვნით ISFED-ი ადასტურებს იმას, რომ არავითარი არათუ არსებითი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა არ ჰქონია ამ არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – არჩევნები ჩატარდა სუფთად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს

არჩევნები ჩატარდა სუფთად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სახელმწიფო და გამოძიებაზე, შემოწმებასა და გადამოწმებაზე ქვეყანაში პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი ინსტიტუტები. „ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია. ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უძღვებოდნენ შესაბამის პროცესებს. ეს არის სახელმწიფო, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სახელმწიფო, მას აქვს ოფიციალური ინსტიტუტები და მათ შორის, გამოძიებაზე, შემოწმებაზე, გადამოწმებაზე ამ ქვეყანაში არიან პასუხისმგებელნი შესაბამისი ინსტიტუტები. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ წინა პარლამენტში ჩვენ შევქმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მოვიწვიეთ ყველა პარტია, ყველა „ენჯეო“, ყველამ განაცხადა უარი მონაწილეობაზე. რატომ, იმიტომ რომ სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცოდა, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად და რა თქმა უნდა, ამის აღიარება უფრო მკაფიოდ მოუწევდათ საგამოძიებო კომისიაში ჩართულობის პირობებში, ამიტომ აარიდეს თავი. ახლა პირდაპირ აცხადებდა გვარამია, რომ ჩვენ არ უნდა შევყვეთ ამაში მმართველ პარტიას და ეს არის მათი ველიო, დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდა, ამ პროცედურებში არ უნდა შევიდეთო, ვინაიდან სინამდვილეში იციან, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად სუფთა. უფრო მეტიც, უბნები არ უნდა გავხსნათ, სიები არ უნდა გადავამოწმოთო, ამას ამბობდა პირდაპირ. თუ რამეს ეძებ იმ სიებსა და უბნებში, რატომ არ გინდა ამ ყველაფრის გახსნა?! იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცი, რაც დაგხვდება, დაგხვდება აბსოლუტურად სუფთა არჩევნები. ამიტომ ერიდებიან ასეთ რამეს, ტყუილში არ უნდათ საკუთარი თავის მხილება“,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს, ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი...

ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს და საბოლოო ჯამში ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ათასი სისულელე გაჟღერდა ამ დღეების განმავლობაში და ზოგიერთი საერთოდ კომიკური იყო. „საინტერესო რა არის, ეშმაკი, რომელიც იჯდა ხმის მიცემის აპარატში, მარტო ხმებს კი არ უმატებდა „ქართულ ოცნებას“, მიზანმიმართულად ხმებს აკლებდა მარტო „ნაცმოძრაობას” და „ახალს“, არ აკლებდა გახარიას და „ლელოს“ და ამათთვის მიზანმიმართულად გამოკლებული ხმები ჩიპში ჩაბუდებულ ეშმაკს გადაჰქონდა „ქართულ ოცნებაზე“. ასეთ სიგიჟეს ამტკიცებენ, საოცრებაა. ათასი სისულელე მოვისმინეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში. ზოგიერთი საერთოდ კომიკური იყო, ესეც კომიკურია. იყო ბეჭდების მბრძანებელი ქალბატონი, რომელიც ღიმილით შიშის ზარს სცემდა მისულ ამომრჩეველს. საოცრებაა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებ, 25 შემთხვევაა ფარულობის დარღვევის და თურმე ყველა უბანი უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვილი სანიოლი ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარადგინა

ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი – კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა. 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის წარდგენა შემთხვევითი არ არის – ვილი სანიოლმა წარმატებას მაიღწია ნაკრებში, რომელმაც ზაფხულში დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად ითამაშა. სანიოლის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის ჯგუფი მოიგეს, შემდეგ ევრო 2024-ის პლეი ოფში ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. გერმანიაში, ევრო 2024-ზე, აუტსაიდერად მიჩნეული საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

ირაკლი კობახიძე – არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი არის პოზიტიური

ეუთო/ოდირის ბოლოდროინდელი პრაქტიკა არის ასეთი, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნების ანგარიშები, „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ტერმინოლოგიას საერთოდ აღარ იყენებს, რადგან ხშირად ხდება ხოლმე ეს ტერმინოლოგია სპეკულაციის საგანი, ამიტომ ერიდება ეუთო/ოდირი ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ფრაზის გამოყენებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა პირიქით მოხდა და ამ ტერმინოლოგიის არგამოყენება გახდა სპეკულაციის საგანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი არის პოზიტიური და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარეს. „მთავარი არის საერთო შინაარსი ეუთო/ოდირის დასკვნის და საერთო შინაარსი არის პოზიტიური. როდესაც პრესკონფერენცია ჩატარდა არჩევნების ლეგიტიმურობაზე პირდაპირ საუბრობდნენ პრესკონფერენციის მონაწილეები, თან არა მარტო ეუთო/ოდირი. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ და არავის გაუპროტესტებია იმ პრესკონფერენციის დროს ეს განცხადებები. ანუ, იქ მოხდა რეალურად ყველა სადამკვირვებლო მისიის მიერ არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარება, რაც არ მოეწონათ. მე ვაკვირდებოდი სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან ამის გაშუქებას, ოპოზიციურმა არხებმა შუაში გაწყვიტეს ამ პრესკონფერენციის გაშუქება, იმიტომ რომ უკმაყოფილოები დარჩნენ იმ განცხადებებით, რაც გააკეთეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასევე, გახსოვთ ოპოზიციის წარმომადგენლების უხეში თავდასხმა, განსაკუთრებით, ეუთო/ოდირზე, ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას მათთვის არავითარი ფასი არ ჰქონდა. მანამდე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ რასაც ევროპიდან გავიგებდით, ყველაფერი უნდა მიგვეღო, როგორც ბიბლია. ახლა ისინი დაუპირისპირდნენ ეუთო/ოდირს, ეს არის ორმაგი სტანდარტი,“- განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები