კვირა, ივლისი 6, 2025

ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარიამ ერთი თვის განმავლობაში მესამე მასტერკლასი ჩაატარა

პრემიერ-მინისტრმა ერთი თვის განმავლობაში მესამე მასტერკლასი ჩაატარა,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლა.

„რა შეეხება დღევანდელ გამოსვლას, ეს იყო ერთი თვის განმავლობაში მესამე მასტერკლასი. ეს არის ძალიან მოკლე შეფასება. როგორც მოგეხსენებათ, გარდა 8 მარტის შეთანხმებისა, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, სადაც საუბარია მარტივ რამეზე, ვციტირებ – „აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იყოს აცილებული“. ტექსტი არის ძალიან მკაფიო, ძალიან მარტივი და ამის ინტერპრეტაციაც ბუნებრივია ძალიან მარტივია. თუმცა, ერთობლივი განცხადების ხელმოწერისთანავე, ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფერს მოჰყვა სპეკულაციების მთელი კასკადი და საერთო ჯამში, ისევ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწიათ ნათელის მოფენა ამ თემაზე.

ჯერ კიდევ, შეგახსენებთ, პირველი მოსმენის წინ, 19 ივნისს, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ფასილიტატორმა ელჩებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ძალიან ნათლად მოუწოდეს ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. ეს მოხდა ზუსტად კენჭისყრის წინა დღეს და ვინ იყო ადრესატი, ეს არის ძალიან ნათელი. მაშინ დაიდგა კიდევ ერთი პოლიტიკური სპექტაკლი რადიკალური ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან. ისინი ისევ შეეცადნენ, რომ შეცდომაში შეეყვანათ ქართული საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამის შემდეგ, უკვე მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ბოიკოტის შემდეგ, 23 ივნისს, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ის იმედოვნებდა, რომ საბოლოო მოსმენისას კანონპროექტს მხარს 140 დეპუტატი დაუჭერდა. არითმეტიკა არის ძალიან მარტივი და ძალიან მარტივია იმის დადგენა, თუ ვის გულისხმობდა ამ შემთხვევაში კარლ ჰარცელი. რა თქმა უნდა, ეს იყო რადიკალური ოპოზიცია. კიდევ ერთი მოწოდება რადიკალური ოპოზიციის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, თუმცა თქვენ იცით, რომ მეორე მოსმენის დროს, რადიკალური ოპოზიციის ორივე წარმომადგენელმა პარტიამ, „ნაცმოძრაობის“ ორივე განშტოებამ უარი თქვა ელჩის ამ მოწოდების შესრულებაზე.

შემდეგ, კიდევ ერთი განცხადება ამერიკის ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან, რომელმაც ძალიან მკაფიოდ მოგიწოდათ თქვენ კიდევ ერთხელ, მხარი დაგეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, კერძოდ, კელი დეგნანმა ბრძანა – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის სრული მხარდაჭრით იყოს მიღებული. ეს განცხადება გაკეთდა მესამე მოსმენის წინ, მგონი აქაც ყველაფერი ძალიან ნათელია. მაგრამ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ელჩებმა თქვენგან ვერ მიიღეს ადეკვატური პასუხი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – ჩვენ ყოველთვის გვქონდა ძალიან კეთილგანწყობილი ურთიერთობები აშშ-თან, მაინც ვპოულობდით რაღაცას, რაც გვაერთიანებდა

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს აშშ-თან მთელი ისტორიის განმავლობაში ჰქონდა კეთილგანწყობილი ურთიერთობები, ორი ქვეყანა პოულობდა იმას, რაც მათ აერთიანებდა.ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენ ხომ ყოველთვის, ძალიან დიდი დროის განმავლობაში გვქონდა ძალიან კეთილგანწყობილი და თავისებური ურთიერთობები აშშ-თან. ჩვენ ხომ მხარს ვუჭერდით მათ მისწრაფებას დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისკენ. ჩვენ რეალურად ვაწვდიდით იარაღს, ფულით ვეხმარებოდით. შემდეგ, სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთს ვუჭერდით მხარს. და, ამ თვალსაზრისით, ჩვენ მაინც ვპოულობდით რაღაცას, რაც გვაერთიანებდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის 21 ბავშვია.კერის ოლქის შერიფის ინფორმაციით, მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილი ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკიდან 11 მოზარდი და ბანაკის ხელმძღვანელი კვლავ დაკარგულად ითვლებიან.შერიფმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 18 ზრდასრულისა და ოთხი ბავშვის ცხედარს, იდენტიფიცირების მიზნით, ექსპერტიზა უტარდება.„ჩვენ ახლა ყველაფერზე ვმუშაობთ. ამჟამად ჩვენი ყველაზე დიდი ფოკუსი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ოჯახები მათთვის ძვირფას ადამიანებს შევახვედროთ. ამიტომ ჩვენ არ შევჩერდებით იქამდე, ვიდრე ამას არ ვიზამთ“, – განაცხადა შერიფმა.შეგახსენებთ, ტეხასში ძლიერი წყალდიდობა პარასკევს მოხდა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა კერის ოლქი.

თიკა ფაცაცია 20-წლიანი პაუზის შემდეგ ახალ სიმღერას გვთავაზობს

 ქართველი მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ახალი სიმღერის პრემიერა 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლშია“ დაგეგმილი.სიმღერის სახელწოდებაა „ბედნიერების მჯერა“.„ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი და ასეც დაერქვა სიმღერას“, – თიკა ფაცაცია.პროექტზე მომღერალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნის. არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავეს.  

ბადრი ჯაფარიძე – სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით

აბსოლუტურად სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.ამასთან, როგორც ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობა.„პოლიტიკური პატიმრების სიმრავლე და, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის საპყრობილეში გამომწყვდევა ემსახურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელი ჩაიქნიონ, დაკარგონ დადებითი ცვლილებების იმედი და შეწყვიტონ წინააღმდეგობა, რის შედეგადაც „ქართული ოცნება“ დაუბრკოლებლად მოიპოვებს სრულ ერთპარტიულ კონტროლს ყველა ინსტიტუციაზე, მმართველობით ორგანოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზეც კი.ამიტომ აბსოლუტურად სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად.„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობა, დაპირისპირების პროვოცირება და სწორედ ამ მზაკვრულ მიზანს ემსახურება ის ბოლო განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს მიხეილ ყაველაშვილის სახელით.ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ამგვარ მცდელობას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალისხმევის გაერთიანებით და ერთობით და იქ, სადაც ამას ვერ ვაღწევთ, ერთმანეთის პოზიციების პატივისცემით.თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს“, – წერს ბადრი ჯაფარიძე.

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაზე

„ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე, რწმენით ვიღებდეთ... ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ასეთი რწმენა, ასეთი სიმდაბლე, ასეთი მოკრძალება, რაც გადაგვარჩენს, ფერს უცვლის ჩვენს ცხოვრებას და შეგვიყვანს ღვთის სასუფეველში...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას. დღეს წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი, რომელიც გვასწავლის, როგორი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს იმისთვის, რომ ღვთისთვის მოსაწონი იყოს მისი ლოცვა, რათა ღმერთმა შეისმინოს ადამიანის ლოცვა და თხოვნა შეუსრულოს. მოგეხსენებათ, იმჟამად მთელი პალესტინა დაპყრობილი იყო რომაელების მიერ და ყველა ქალაქში იდგა მათი საჯარისო დანაყოფი. და აი, კაპერნაუმში, რადგან პატარა ქალაქი იყო, მხოლოდ ასეული იდგა. პალესტინაში უკვე ცნობილი იყო იესო ქრისტეს სასწაულთმოქმედი ძალის შესახებ, რომლითაც იგი მრავალ ადამიანს ეხმარებოდა, სიკეთეს უკეთებდა. ამიტომ ასისთავი მიდის მასთან და სთხოვს თავისი მსახურის განკურნებას.უფალმა უპასუხა: „მე მოვალ შენთან და მას განვკურნავ“ (მთ. 8, 7). ნახეთ, რა საოცარი ადამიანი აღმოჩნდა ეს ასისთავი, რამაც განაპირობა მაცხოვრის ასეთი პასუხი და ის, რაც შემდგომ აღასრულა. ასისთავი გააოცა მაცხოვრის სიტყვებმა და უთხრა: „უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემთან სახლში მოხვიდე, შენ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვი და ჩემი მსახური განიკურნება“ (მთ. 8, 8 ). უფალი ასეც მოიქცა და ეს მსახური მაშინვე განიკურნა. შემდეგ მან უთხრა იმათ, ვინც მიჰყვებოდა, ვინც მას ახლდა: „ისრაელშიც კი ვერ ვნახე ასეთი რწმენა" (მთ. 8, 10), როგორიც აქვს ამ წარმართს და უცხოტომელს“. ეს იყო რწმენა, სავსე სიმდაბლით, დიდი მოკრძალებით, რამაც თვით უფალი იესო ქრისტეც გააკვირვა. რა გაკვეთილი გამოგვაქვს ჩვენ? რას ვსწავლობთ ამ ეპიზოდიდან? რა თვისებები გამოავლინა ამ ასისთავმა, რომ ასეთი დიდი მადლი მიიღო და ასეთი სასწაული აღუსრულა უფალმა? - ეს იყო მტკიცე რწმენა, დიდი სიმდაბლე, ღვთის წინაშე საკუთარი უღირსების შეგრძნება და სიყვარული, რომელიც მან გამოავლინა თავისი მსახურისადმი. ეს სწორედ ის თვისებებია, რაც საწინდარია იმისი, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები, მოგვცეს მადლი და თხოვნა შეგვისრულოს. ერთხელ უფალ იესო ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან გამოცდილი მეთევზეები იყვნენ, მთელი ღამე თევზაობდნენ გენესარეთის ტბაში, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. მაშინ მაცხოვარმა უთხრა პეტრეს, სიმონს, უფრო სწორად, შემდგომ პეტრედ წოდებულს:„შეცურდი უფრო ღრმად და მოისროლე ბადე“ (ლკ. 5, 4), პეტრემ მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვით მოვისვრი ბადეს“ (ლკ. 5, 5). მართლაც, მოშორდა ნაპირს ნავით, მოისროლეს ბადე მან და სხვებმა და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეხეოდათ და ორი ნავი გაავსეს. მაშინ პეტრე მივიდა უფალთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რამეთუ მე კაცი ცოდვილი ვარ“ (ლკ. 5, 8 ). როგორ ჰგავს პეტრეს ეს სიტყვები იმას, რაც თქვა ასისთავმა. ორივემ ეს სიტყვები წარმოთქვა დიდი სიმდაბლით, დიდი რწმენით, მოკრძალებით. ეს ის თვისებებია, რომლებიც წარმოშობენ ამ განსაკუთრებულ რწმენას. დავფიქრდეთ, ძმებო და დებო, გვაქვს ჩვენ ასეთი რწმენა, როგორც ჰქონდათ ასისთავს და პეტრე მოციქულს, რომელიც მომდინარეობს ასეთი სიმდაბლიდან და მოწიწებიდან?თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება. მინდა, დღეს შეგახსენოთ საოცარი რწმენის კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც გვაძლევს ბიბლია, ძველი აღთქმა, კერძოდ, მრავალვნებული იობის წიგნი, რომელიც გვასწავლის, რომ ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე რწმენით ვიღებდეთ. როდესაც გვწამს, რომ ყველა განსაცდელს თუ მწუხარებას, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ხვდება, აქვს თავისი დაფარულ აზრი და მნიშვნელობა. ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომმოგვცეს ასეთი რწმენა, ასეთი სიმდაბლე, ასეთი მოკრძალება, რაც გადაგვარჩენს, ფერს უცვლის ჩვენს ცხოვრებას და შეგვიყვანს ღვთის სასუფეველში, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ბოლო სიახლეები