სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

ირაკლი კობახიძე – განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს, სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ

განათლებული  საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ღირსეული მსახურება.

„მინდა, მოგილოცოთ მასწავლებლის ეროვნული დღე. სიმბოლურია, რომ ამ დღეს ჩვენი უდიდესი განმანათლებლის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. განათლებული  საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის. მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ყველაზე ღირსეული მსახურება. საზოგადოება თქვენ განდობთ  ყველაზე მთავარ საგანძურს ჩვენს მომავალ თაობას. თქვენ მათ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებთ, უმთავრეს ეროვნულ ღირებულებებს უნერგავთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქეებად ზრდით“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი

„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამავდროულად ვალდებულებაა, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენს მიერ ახლახან დაანონსებულ განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმასა და ამ მიმართულებით გადადგმულ კიდევ სხვა არაერთ ნაბიჯთან ერთად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემიაც, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თქვენი უდიდესი ამაგის მოკრძალებული აღიარებაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ წელს, სამინისტროს ინიციატივით, ეს აღიარება კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ეროვნული პრემიის ათი ლაურეატის გარდა, ჩვენ გამოვავლინეთ და ადგილზე დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი მასწავლებლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ გვსურს, რომ თითოეულმა პედაგოგმა, დედაქალაქში თუ რეგიონში, იგრძნოს სახელმწიფოს თანადგომა და  მხარდაჭერა. დღეს ეროვნული პრემიის ლაურეატებს ასევე გადაეცემათ სამკერდე ნიშანი, რომელზეც გელათის აკადემიის სიმბოლოა გამოსახული. ეს სიმბოლო ძალიან ზუსტად ასახავს თქვენს მისიას – თქვენ ხართ ჩვენი უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციების გამგრძელებლები და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი. კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას და ახალ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომაზე, რაც საპარლამენტო ბოიკოტს ეხება, პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების“ მოძალადე მანქანა ვერ შეაჩერა

ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულად გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, და, ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, შეცდომების აღიარების პრობლემა არასდროს გვქონია, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში დავუშვით, რაც, პირველ რიგში, ეხება საპარლამენტო ბოიკოტს, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების“ მოძალადე მანქანა ვერ შეაჩერა ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან და, არ მოახდინა არ დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა, ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება და, რაც მთავარია, „ოცნება“ ვერ შეაჩერა მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობისგან.„ბოიკოტისა და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის ტოტალური კამპანიის ფონზე, რაც განსაკუთრებული მონდომებით, პირველ რიგში, სახელისუფლებო მედია აშუქებდა და პროპაგანდას უწევდა, მოსახლეობის ნაწილმა დაიჯერა, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა შეიძლებოდა, გამხდარიყო ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების ინსტრუმენტი. „ოცნებას“ კი, მის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულისა და ძალადობის გამო, ჰქონდა ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი, საშუალება მიეცა, დრო მოეგო და ხალხი მშვიდობიანი დამხობის, როგორც არსებული მწვავე რეალობის კიდევ უფრო უარესი ალტერნატივით დაეშინებინა. ამ შიშის ფაქტორით მოახერხეთ ეტაპობრივად დაგებრუნებინათ დაკარგული ამომრჩეველი და, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბრის იმ უპასუხისმგებლო სპეცოპერაციის შემდეგ ერთგვარად გაგჩენოდათ დამატებითი საფუძველი, რომ დაგეძლიათ ლეგიტიმაციის კრიზისი. თუმცა, დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის ხელოვნურად წახალისების გარეშე, ამას ვერ შეძლებდით. ამიტომ, 4 ოქტომბრის პროვოკაციის მძიმე შედეგებზე, რამაც ქვეყანა დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიიყვანა, პასუხისმგებლობას ვერც თქვენ გაექცევით, რადგან, სულ მცირე, შეგეძლოთ და არ აღკვევთ ეს პროვოკაცია. ვერც ის უპასუხისმგებლო პროვოკატორები გაექცევიან, ვინც პირდაპირ, თუ ირიბად, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ორგანიზებაში ან მის წახალისებაში მონაწილეობდნენ, გნებავთ დამნაშავის და გნებავთ, სასარგებლო იდიოტის როლში, როდესაც 4 ოქტომბერს ხალხს არჩევნების ნაცვლად მშვიდობიანი დამხობის აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებდნენ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.მისი თქმით, ეს გვერდი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე შეცდომას შეცდომა არ დაერქმევა, დანაშაულს კი – დანაშაული.„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის მთავარი ღირებულება და საზრუნავია ქართველი ხალხია. ერთი მხრივ, „ოცნებისგან“ მოტყუებული და პროპაგანდის მსხვერპლი, მეორე მხრივ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობათა გამო იმედგაცრუებული ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემით, იმ რეალობის აღიარებით, რომ ჩვენ ვერ შევძელით მათთვის უკეთესი ალტერნატივის შეთავაზება, რადგან ერთი წლის მანძილზე ჩვენვე ვთქვით უარი ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატებზე და მარტო დაგტოვეთ ამ დარბაზში, მზად ვართ, მივიღოთ ეს გამოწვევა და ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ პარლამენტში, რომელიც არ გეკუთვნით არც თქვენ და არცერთ სხვა პარტიას, არამედ ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხს. ხალხს, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდისტული რეჟიმის პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა, იმ რეჟიმის პირისპირ, რომლის კანონებითაც, სამწუხაროდ, იმართება დღეს ქვეყანა და რის საფუძველზეც უამრავი ადამიანია დაჭერილი“, – განაცხადა გიორგი შარაძიემ.მისი თქმით, ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებაშია.„სიმართლე მწარეა და ამ სიმართლის მოსმენა მოგიწევთ ჩვენგან პარლამენტში, რომელიც, უნდა შეეგუოთ, რომ დღეიდან თქვენი პარტიული ოფისი აღარ იქნება და აქ ხალხის ხმას და განსხვავებულ აზრს ჩვენგან გაიგონებთ! ჩვენ გვჯერა, რომ ოცნების მოძალადე რეჟიმთან პრინციპული და შეურიგებელი ბრძოლით მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, სამართლიან წესრიგს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნებას“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გურამ მაჭარაშვილი – რადიკალური ოპოზიცია ხალხთან სალაპარაკოდ არ მიდის, მაქსიმუმ თავიანთ პატრონებთან ახალი დავალებების მისაღებად ჩადიან

რადიკალური ოპოზიცია ხალხთან სალაპარაკოდ არ მიდის, მაქსიმუმ თავიანთ პატრონებთან ახალი დავალებების მისაღებად ჩადიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, ამომრჩეველთან საუბარი რომ შეძლებოდათ, არჩევნებზე ასეთი შედეგები არ ექნებოდათ.„უკვე ბევრჯერ შეეშალათ და კიდევ ბევრჯერ შეეშლებათ, რადგან მთავარ ამოცანას არ ხსნიან – ქართული და სხვა სახელმწიფოს ინტერესი რა არის, ერთმანეთისგან ვერ არჩევენ და წინა ხაზზე ყოველთვის სხვა ქვეყანას აყენებენ. ქართულ საზოგადოებას სწორედ ეს არ მოსწონს და ამიტომ, კიდევ ცდა მოუწევთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა.„ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული. მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს  შეუძლიათ, გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ - ერთი წლის შემდეგ, როცა პარტიამ აღიარა დაშვებული შეცდომები, მათ შორის მანდატებზე უარის თქმაც.ამის მიუხედავად, ისინი კვლავ ცდილობენ ახსნა მოუძებნონ საკუთარ განცხადებებს, რომლებიც პარლამენტის არალეგიტიმურობას ეხებოდა.პარლამენტში შესვლამდე ერთი დღით ადრე, პარტია რუსუდან თევზაძემ დატოვა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარიას პარტიას არ ჰქონდა საფუძველი მსგავსი ბრალდებებისთვის.როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, პარლამენტში ყოფნით, გახარიას პარტიას ახლა მაინც შეეძლება საკუთარი მხარდამჭერების ხმა რეალურად გამოხატოს და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას.

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

ბოლო სიახლეები