ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო, არ დათმო ქვეყნის ინტერესები, დღევანდელი გადაწყვეტილებით არაფერი შეცვლილა

ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით რეალურად არაფერი შეცვლილა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დეფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, უბრალოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვეფხია კასრაძე მოსამართლეს – როგორ გგონიათ, ბრძოლაში 20-წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი ბავშვებთან? პირველად ვნახე ისინი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ღიმილის ბიჭები გვყავს – ამ...

„ჩვენ, დღეს, ძალიან საშინელი ფაქტის წინაშე ვდგავართ. ჩვენს ქმედებაში ვერანაირი ბრალეულობა ვერ დავინახე. ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, საერთოდ რა კავშირი მაქვს ამ ადამიანებთან, რა გავაფუჭე, გარდა იმ უკანონოდ მოპოვებული, შეთხზული ვიდეოჩანაწერისა. მიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩემზე და ყველა იმ ახალგაზრდაზე, რომელიც საქართველოს ეროვნული მომავლისთვის იბრძვის. დღევანდელ სასამართლოზე ყველანაირი რწმენა და შთაბეჭდილება დავკარგე.დღეს სასამართლო აბსოლუტურად, ყოველგვარ სამართალს მოკლებულია. ეს არის მიკერძოებული სასამართლო, რომელიც ასრულებს ერთი კაცის დავალებას. თუ მე სასჯელს მომისჯიან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლის 20 - წლიანი გამოცდილება აქვთ, როდესაც ასეთ ადამიანებს უკანონოდ ასამართლებთ, მითხარით, რომელიმე ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი თავისი სამშობლოსთვის იბრძოლოს? - არ მგონია. როდესაც სამარცხვინო შემწეობა აქვს ომის ვეტერანს, ამის შემდეგ სურვილი გაუჩნდება ვინმეს? მივიღეთ უკანონო სასამართლო, დამცირება ამ ყველა ვეტერანის მორალურად განადგურება.როგორ გგონიათ ბატონო მოსამართლე, ბრძოლაში 20 წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი 19 წლის ბავშვებთან? არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რამე კავშირი გვქონდა. როგორ უნდა დამემყარებინა ამ ადამიანებთან კონტაქტი? არ ვიცნობდი მათ, არ იყო სატელეფონო ზარი.. პირველად ვნახე ისინი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს.მე ამ უსამართლობას შევაკვდები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა მაწამონ, როგორც გინდათ, ისე მაწამონ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები. მე ისეთ თავგანწირვას და თავდადებას გაჩვენებთ, რომ ჯერ არავის უნახავს.ბატონო მოსამართლე, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში და ამ ყველაფერს სძლიეთ, რომ თქვენმა შვილებმა სირცხვილში არ იცხოვრონ - განაცხადა ვეფხია კასრაძემ.

„ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება. ეს მაშინ ხდება, როცა…“ – პატრიარქის საინტერესო ქადაგება

ავადმყოფობა და ფიზიკური დაუძლურება უფლის წყალობად ითვლება. ღმერთი ფიზიკურ უძლურებას სულის საწრთობად უვლენს ადამიანს. ამ დროს კაცი თავის შემოქმედს უახლოვდება და თუ მანამდე, სხვა საზრუნავებით იყო გართული და უფალი "დავიწყებული" ჰყავდა, ავადმყოფობისას მის ხსენებაშია და ლოცულობს, გულში მაინც.  საგულისხმოა ჩვენი პატრიარქის სიტყვები ავადმყოფობაზე.„ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობა ეგზავნება, უფალი სარეცელზე დააწვენს და ესაუბრება. ამ დროს ადამიანი, რომელიც მანამდე ყველაფრისათვის იცლიდა გარდა უფლისა, იქნებოდა ეს ოჯახი, სამსახური, დასვენება-გართობა, თუ სხვა, ღმერთსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს იწყებს. როცა ოჯახში ავადმყოფი გვყავს, რა თქმა უნდა, დახმარებისათვის ექიმსაც უნდა მივმართოთ, მაგრამ პირველ რიგში, შემწეობა ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ. ავადმყოფმა აუცილებლად აღსარება უნდა თქვას და წმინდა ზიარება მიიღოს, რომელიც საკურნებელია სულისა და ხორცისა. კარგი იქნება, თუ იგი კვირაში ერთხელ მაინც ეზიარება.უდიდესი ძალა აქვს აგრეთვე მისთვის ლოცვას, განსაკუთრებით დავითნის წაკითხვას. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ რადგან მოძღვარი შინ მიგყავთ, ამიტომ აუცილებლად რაღაც თანხა უნდა გაიღოთ. მე ვაძლევ ჩვენს მოძღვრებს ლოცვა-კურთხევას, რომელთაც თვითონაც კარგად იციან, რომ ავადმყოფის ოჯახს ისედაც ბევრი რამე უჭირს, გასამრჯელოს გარეშე წამოგყვნენ ავადმყოფებთან და აზიარონ ისინი.გარდა ამისა, დიდი ძალა აქვს სახლის კურთხევას, კურთხევისას სახლში ანგელოზი შემოდის და ოჯახის მფარველად რჩება. ამიტომ სახლი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა აკურთხებინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს ოჯახებში შემოსულ სტუმართაგან ზოგი კეთილი გულითა და ანგელოზით შემოდის, ზოგიც კიდევ ბოროტი სულითა და განზრახვით. სახლის კურთხევა სწორედ ამ ბოროტი სულის განდევნისათვისაა საჭირო. გასამრჯელოზე ნურც ამ დროს იფიქრებთ, ჩვენი მოძღვრები მის გარეშეც სიხარულით წამოგყვებიან და თქვენს ოჯახებს სიამოვნებით დალოცავენ,“- პატრიარქი ილია მეორე.

სტუ-ის კურსდამთავრებული – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სწავლის ადგილი – ის არის ცენტრი, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციებს

უნივერსიტეტის არჩევა არ არის მხოლოდ დაწესებულების შერჩევა. ეს უნდა იყოს გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ზრდას, სტუდენტს აღჭურავს წარმატებისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სწავლის ადგილი, ის არის ცენტრი, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციებს და სადაც სტუდენტები მზად არიან გახდნენ ლიდერები თავიანთ სფეროებში, - ამის შესახებ სტუ-ის ყოფილი სტუდენტი თამთა ბრეგვაძე აცხადებს.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თამთა ბრეგვაძემ უმაღლესი განათლების ორივე საფეხური - ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, სტუ-ში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიარა.სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებულ პროფესორ მამუკა გიორგაძის თქმით, უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს აძლევს საშუალებას, თავიანთი ცოდნა მომავალ იურისტებსა და დიპლომატებს გაუზიარონ.დეკანის განცხადებით, თამთა ბრეგვაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიური ფაკულტეტის თანამშრომელი გახდა.„თამთა ბრეგვაძე იმ წარმატებულ სტუდენტთაგანია, რომელმაც კარიერული განვითარება თავის ალმა-მატერს დაუკავშირა. დღეს ის უფროს სპეციალისტად მუშაობს და პარალელურად, მომავალ იურისტებს უზიარებს გამოცდილებას, უძღვება სემინარებს. სამართალმცოდნეობა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სფეროა, რომელიც არა მხოლოდ მცოდნე, არამედ ეთიკურ, ანალიტიკური აზროვნებისა და სამართლიანობისადმი თავდადებულ ინდივიდებს ითხოვს. თამთა სწორედ ასეთი კადრია, წარმატებებს ვუსურვებ მას“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე.თამთა ბრეგვაძის თქმით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან, ხოლო ფაკულტეტზე მოღვაწე მაღალკვალიფიციური პედაგოგები და მკვლევრები კი, სტუდენტებს კანონონშემოქმედად და კანონის სამართლიან აღმსრულებლად ჩამოყალიბებაში ეხმარებიან.„სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში მომეცა შესაძლებლობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში გაცვლითი პროგრამით წავსულიყავი იტალიაში, მილანის უნივერსიტეტში, რამაც გარდამტეხი მნიშვნელობა იქონია ჩემს კარიერულ თუ პიროვნულ განვითარებაზე.ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ამ ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის სტილი მთლიანად მორგებული და ორიენტირებულია ახალგაზრდების ინტერესებსა და საუკეთესო წლების - სტუდენტური ცხოვრების პროდუქტიულად, სასიამოვნოდ გატარებაზე. უნივერსიტეტი უამრავ შესაძლებლობას იძლევა პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებიდან თუ იმიტირებული სასამართლო პროცესებიდან დაწყებული, იურიდიულ ფირმებსა და საჯარო უწყებებში სტაჟირებებით დამთავრებული, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და პრაქტიკაში განავრცონ. ეს გამოცდილება ფასდაუდებელია იურისტის პროფესიისთვის, საჭირო ნდობისა და გამოცდილების გასავითარებლად“, - აცხადებს თამთა ბრეგვაძე.

როდის უნდა ველოდოთ ტემპერატურის კლებას საქართველოში

როგორი ამინდი იქნება საქართველოში თვის განმავლობაში, -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს."15 მარტის ჩათვლით, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში +26 გრადუსამდეც კი მოიმატებს ტემპერატურა.აღმოსავლეთ საქართველოში, 25 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მთიან რაიონებშიც მოიმატებს ტემპერატურა.მაღალმთიან რაიონები, ფიქსირდება ტემპერატურის მომატება 15, 16 გრადუსამდე. მაღალმთაში, ღამის ტემპერატურა, ისევ დაბალი რჩება, რაც ძალიან კარგია, რადგან თოვლის ინტენსიურ დნობას უკვეთ შეაჩერებს.ზოგადად, მარტის თვის მთლიანი პროგნოზი,  ნორმასთან შედარებით 2 გრადუსით მაღალია და ნალექები, ნორმაზე ნაკლებია. მარტი, ასეა თუ ისე მაინც ცვალებადია.17-18 მარტს, დასავლეთ საქართველოში, ველოდებით ნოტიო მასების შემოსვლას და ნალექიან ამინდს, შესაძლებელია იწვიმოს. მარტს როგორც ახასიათებს, ცვალებადი ამინდები იქნება რამდენიმე დღე.თვის ბოლოსკენ, ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს. დედაქალაქში, უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. მარტის ბოლოს გაზაფხული ძალაში შედის, ამიტომ თვის ბოლოსკენ, კიდევ უფრო საგრძნობი იქნება გაზაფხულის შემოსვლა",-ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, პროფესორ გიორგი ჭეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა საჯარო ლექცია - „საქართველო IV-VI საუკუნეებში, ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის“, გამართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნიივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.საჯარო ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მამუკა გიორგაძე, სტუდენტები და მოწვეული პირები. როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი - „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სასულიერო პირთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით. პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, შეახსენებს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომელთაც განსაზღვრეს ეროვნული ფასეულობები. პროფესორი გიორგი ჭეიშვილი აუდიტორიის წინაშე წარსდგა მნიშვნელოვანი საჯარო ლექციით, რომელმაც მსმენელების დიდი ინტერესი გამოიწვია. საუკუნეების წინ, ისევე როგორც დღეს, საქართველოს მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება და თანამედროვეობისთვის მისაღები ფორმების მიცემა სჭირდება - უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის მაგალითია. ძალიან გვახარებს ჩვენი ახალგაზრდობის ასეთი აქტიურობა და დაინტერესება“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ პირებს საქართველოში IV-VI საუკუნეებში განვითარებულ მოვლენებზე არაერთი დამატებითი ცნობა მიაწოდა.ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

ბოლო სიახლეები