კვირა, დეკემბერი 29, 2024

ირაკლი კობახიძე – ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი

ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში გარკვევით იყო საუბარი, რომ დღის წესრიგში არ დგება ერთადერთი საკითხი, მოლაპარაკებების გახსნა, რასაც შანტაჟის საფუძვლად იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ.

„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება 28 ნოემბერს, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ კონკრეტულად ერთადერთ საკითხს – ეს არის მოლაპარაკების გახსნა, რასაც ამდენი ხანია, იყენებენ შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ. ერთადერთი რამ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, კვარტალში ერთხელ რომ იკრიბება ევროპული საბჭო, კვარტალში ერთხელ შანტაჟისთვის არ დაიტოვონ ეს საკითხი და არ უთხრან ქართველ ხალხს, რომ არ გიხსნი მოლაპარაკებებს, ეს იყო ერთადერთი, რისი დაშვებაც ჩვენ არ გვინდოდა. დანარჩენი ყველაფრისთვის ვარ მზად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იგივე განცხადებაში, რაც გაკეთდა 28 ნოემბერს, პირველივე აბზაცში იყო ხაზგასმით ნათქვამი, რომ ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს უალტერნატივო არჩევანი, ევროპული ღირებულებები არის უალტერნატივო და ეს ყველაფერი ლაიტმოტივად გასდევდა მთელ წერილს.

„ადამიანს თუ გააზრება უნდოდა ამ ყველაფრის, ძალიან მარტივად იკითხებოდა, შავით თეთრზე ეწერა. შენ რომ ხარ ბიზნესმენი, შენ არ ხარ ნებისმიერი რიგითი მოქალაქე და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, რომ წერილს გაეცნო თავიდან ბოლომდე. პირველივე აბზაცში წერია, რომ არა თუ არ ვაჩერებთ ევროინტეგრაციას, არამედ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონკრეტულად 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 90 პროცენტზე მეტს შევასრულებ, როგორც ასოცირების, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების. ეს რომ გიდევს წინ და ამ ტყუილს იჯერებ, რომელიც მოიგონა ჯერ „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ და შემდეგ ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა, აქ კეთილსინდისიერების პრობლემას ვხედავ მე, ან არის გულგრილობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. შენ თუ გამოდიხარ მერე პოლიტიკური განცხადებით, რომ ხარ ბიზნესმენი ან ნებისმიერი სხვა, თუ შენ ამ პასუხისმგებლობას იღებ, რომ გამოხვიდე პოლიტიკური განცხადებით, კეთილი ხომ უნდა ინებო და ეს განცხადება ხომ უნდა წაიკითხო, რის საპასუხოდაც საუბრობ. იქ შავით თეთრზე ეწერა ყველაფერი, ისინი მაინც გამოდიან და იმეორებენ იმ ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ და რაც გაიმეორე ევროკავშირის ელჩმა. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ეს არის არაკეთილსინდისიერება. მათ იციან ყველაფერი, ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ არ შეგვიჩერებია, ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი, ერთადერთი რაც ითქვა ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ მოლაპარაკებები გახსნის საკითხს ჩვენი მხრიდან. მარტო ეს იყო ნათქვამი, ეს იციან ძალიან კარგად, მაგრამ იმეორებენ იგივე ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ თავის დროზე და რაც სამწუხაროდ, ცალკეულმა დიპლომატებმა ევროკავშირიდან გაიმეორეს. ეს არის ძალიან სამწუხარო, ამის მთავარი მიზეზი არის რა – ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიკერძოება, გადაყოლილი არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ვერ ელევიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბიზნესმენს როგორ შეიძლება, უნდოდეს „ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო მათი მთავარი ხელწერა.

„დღესაც რასაც აკეთებენ, ზეწოლა ბიზნესზე, ე.წ. ბულინგი, მცდელობა, რომ ჩაითრიონ პოლიტიკაში, ზუსტად იგივეა, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე, იგივე ფორმით ვეღარ აკეთებენ, ვეღარ ართმევენ ქონებას ადამიანებს, ვეღარ ართმევენ ფულს ადამიანებს, მაგრამ ამ ფორმით ცდილობენ ძალადობას ბიზნესზე. ბიზნესმენი რომ ხარ და დაბრუნება რომ გინდა იმ პოლიტიკური ძალების, ჩემთვის ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ისინი ელოდებიან პოლიტიკური ცვლილებებიდან გამორჩენას, სხვა ახსნა მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ასეც და ისეც, ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხვალ ისტორიული დღეა – შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისზე ვიდეოს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ვიდეორგოლს ავრცელებს. „ხვალ ისტორიული დღეა“, - წერს შალვა პაპუაშვილის ვიდეოს აღწერაში. ხვალ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. პარლამენტში სამზადისი მიმდინარეობს. ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში შედგება.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 15:44 საათზე, დმანისთან მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

დონალდ ტრამპი TikTok-ის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, გადაავადოს ქვეყნის მასშტაბით აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვა, ვიდრე ის "პოლიტიკურ გამოსავალზე" მუშაობს. როგორც BBC იტყობინება, ტრამპის ადვოკატმა შესაბამისი იურიდიული დოკუმენტით სასამართლოს უკვე მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ტრამპი წინააღმდეგია TikTok-ის აკრძალვის და ითხოვს შესაძლებლობას, კაბინეტში მოსვლის შემდეგ, თავად გადაჭრას არსებული პრობლემა პოლიტიკური გზით. საქმე ისაა, რომ 10 იანვარს უზენაეს სასამართლოში TikTok-ის საქმეს განიხილავენ. აშშ-ის კანონმდებლობა სოციალური ქსელის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს TikTok-ის ამერიკელ მფლობელზე გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაცია 19 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის მასშტაბით გაითიშება. მიმდინარე წლის აპრილში შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ და ოფიციალურმა პირებმა TikTok-ს ბრალი ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში დასდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბრალდებას უარყოფს, კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ჩინური კომპანიის შვილობილი TikTok-ი ამერიკაში უნდა აიკრძალოს. საკანონმდებლო ცვლილებას ხელი ჯო ბაიდენმა მოაწერა. უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს, შოუ ზი ჩუს გასულ კვირას შეხვდა. სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების ეს საქმე უპრეცედენტოა და ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ტრამპს მიაჩნია, რომ, რადგან 20 იანვრამდე მისი მანდატი არ მოქმედებს, TikTok-ის აკრძალვის საკითხი უნდა გადავადდეს, რათა ახალ პრეზიდენტს შანსი მიეცეს, საქმეს პოლიტიკური გადაწყვეტა მოუძებნოს. ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტობისას TikTok-ის აკრძალვას უჭერდა მხარს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, TikTok-ის მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 5 ნოემბრის არჩევნებში ახალგაზრდების ხმებიც მოიგო.

ქართველი ემიგრანტი, რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა, აეროპორტში გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტი, თამარ ტაბაშიძე რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა აეროპორტში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ავრცელებს. „აეროპორტში როგორი სიხარულით მიდიოდი, ბარის აეროპორტი იყო შენი ემიგრანტობის წლების დასასრული? როგორ გელოდებოდა შვილები, ესაა შენი პირობა? რომ ჩავალ ბესოს სასაფლაოზე უნდა ავიდეო? რამდენი კარგი მოგონებები რამდენი კარგი გეგმები გვქონდა. მშვიდობით მეგობარო. ვუთანაგრძნობ ოჯახს, საემიგრანტო სამეგობროს. გუშინ ბოლოჯერ ეზიარა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში“, - წერს ქართველი ემიგრანტი.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს: "ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ. ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება". ცნობისათვის:  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული. ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ბოლო სიახლეები