საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2017 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
დღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიღწევებისა და შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
140 მილიონი ამერიკული დოლარის მეორე კომპაქტს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან ახორციელებს. კომპაქტი საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებაა, რომელიც აშშ-ის მთავრობას, წარმოდგენილი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, და საქართველოს მთავრობას შორის 2013 წლის 26 ივლისს გაფორმდა და 2014 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში.
ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული უმსხვილესი გრანტია. იგი ითვალისწინებს 2019 წლის ჩათვლით პროექტების განხორციელებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში.
კომპაქტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებში, როგორებიცაა საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებები (STEM), სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.