შაბათი, სექტემბერი 5, 2026

ინტერვიუ ნინო თოდუასთან-მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად მიმდინარე CSDC-ის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა

ინტერვიუ ნინო თოდუასთან

2020 წლის აგვისტოში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა (CSDC) ,,ქალებისთვის გლობალური ფონდის’’ (Global Fund for women) მხარდაჭერით დაიწყო პროექტი მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად.

2021 წლის 28 იანვარს, ორგანიზაცია  დისტანციურ რეჟიმში გამართავს კვლევის პრეზენტაციას. ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები, მოხალისეები და ზოგადად, მიუსაფარ ქალთა პრობლემებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრება.

რა სახის კვლევა მოამზადა CSDC-იმ. თუ ვინ ჩაერთო პროექტში, ვისი დახმარება შეძლო ორგანიზაციამ, რა ღონისძიებები განხორციელდა პროექტის ფარგლებში და როგორია მათი სამომავლო გეგმები, ამ და სხვა საკითხებზე CSDC-ის  ხელმძღვანელთან, ნინო თოდუასთან, ინტერვიუს ფორმატში ვისაუბრეთ:

  • ნინო, გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ. რამდენი ხანია რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ფუნქციონირებს და რა მიზნებს ემსახურება ის?

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი ორგანიზაციის მისიაა მოწყვლადი ქალებისა და ბავშვების პრობლემების ადვოკატირება, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში სამოქალაქო უფლებების დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არაფორმალური საგანმანათლებო პროგრამების უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება.

  • გვიამბეთ პროექტის შესახებ, რომელიც ქალებისთვის გლობალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, რა იყო პროექტის მიზანი?

პროექტი  „COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა“ – 2020 წლის აგვისტოს თვეში დავიწყეთ და 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პროექტი თბილისის ფარგლებში განხორციელდა.

ამ პროექტის იდეა გაჩნდა პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე. ვირუსის გავრცელების შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ. მათ შორის იყვნენ და არიან მიუსაფარი ქალები და მათი ოჯახები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით ესაჭიროებოდათ და დღემდე ესაჭიროებათ დახმარება. ჩვენ ძალიან გვინდოდა ამ ქალების ერთ ნაწილს მაინც დავხმარებოდით. ,,გლობალურმა ფონდმა ქალებისთვის’’ პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო, რამაც ერთი მხრივ საშუალება მოგვცა, რომ პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეულ ქალებს დავხმარებოდით, ჩვენ მივდიოდით მათთან, მიგვქონდა საკვები პროდუქტები და პირველადი და აუცილებელი ჰიგიენის ნივთები. თუმცა, ამავდროულად, წამოვიწყოთ აქტიური ფანდრაიზინგის კამპანია სახელწოდებით: ,,ჩაერთე და ჩართე’’, რომელშიც მოქალაქეები და სხვადასხვა ორგანიზაცია ჩაერთო,  მათი დახმარებით მიღებული მატერიალური თუ არამატერიალური რესურსები სრულად გამოვიყენეთ მიუსაფარი ქალების სასარგებლოდ.

პროექტის საბოლოო მიზანი იყო ბენეფიციართა სოციალური ინკლუზია და მხარდაჭერა COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.  ვფიქრობ, ამ მიზნის განხორციელება, ჩვენი რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ნაწილობრივ მაინც შევძელით (პროექტში ჩართული 100-ზე მეტი ქალისა და მათ ოჯახებისთვის).

  • რა ღონისძიებები განახორციელეთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე?

პროექტი რამდენიმე პირობით ეტაპად შეგვიძლია დავყოთ: პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ ბენეფიციართა რეგისტრაცია, იმ ქალების მოძიება, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ და ჩვენი პროექტის მიზნობრივ ჯგუფში შედიოდნენ. მომზადდა მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, ბევრ ქალს თავად დავუკავშირდით და ჩვენვე დავეხმარეთ ფორმის შევსებაში. საბოლოოდ 100 ქალი შეირჩა, თუმცა რეგისტრაცია გაცილებით მეტმა გაიარა. ძალიან გვინდა, მომავალში ამ ქალების დასახმარებლად კიდევ დავგეგმოთ მსგავსი პროექტები. პროექტის მონაწილე ქალები სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე შევარჩიეთ მკვლევართა ჯგუფის მეშვეობით. ისინი იყვნენ ძირითადად სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარტოხელა ქალები, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ დახმარება.

შემდეგ ეტაპზე უკვე დავიწყეთ შერჩეულ ქალებთან ოჯახებში ვიზიტები, ცხადია, ყველანაირი რეკომენდაციის გათვალისწინებითა და ჰიგიენის ნორმების დაცვით. ვიზიტისას მიგვქონდა მათთვის პირველადი ჰიგიენური ნივთები და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები. ვეცნობოდით მათ საჭიროებებს, ვამზადებდით მცირე ფოტო თუ ვიდეო ისტორიებს მათ შესახებ, ცხადია, თითოეული მათგანის თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში.

პროექტის დარჩენილი დრო კი დავუთმეთ კვლევის განხორციელებას და აქტიური ფანდრაიზინგის კამპანიას, ორივე აქტივობის შედეგები ჩვენ დღევანდელ პრეზენტაციაზე შევაჯამეთ.

პროექტის განხორციელებაში CSDC-ის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად 20 მოხალისეც ჩაერთო, რომლებიც სპეციალურად გადამზადდნენ და მიიღეს შესაბამისი თეორიული ცოდნა ბენეფიციართა აღნიშნულ ჯგუფთან სამუშაოდ.

  • სანამ კვლევის შესახებ გკითხავთ, გვაინტერესებს, როგორ განხორციელდა ფანდრაიზინგის კამპანია და რა შედეგი მიიღეთ საბოლოოდ?

ჩვენს კამპანიაში  ჯამში 100-ზე მეტი ქალი და მათი ოჯახი ჩავრთეთ. ჩვენი პირველი ამოცანა საზოგადოების ინფორმაციული უზრუნველყოფა იყო. კამპანიის შესახებ მოვამზადეთ სოციალური ვიდეო რგოლი და გვიხარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, ეს მასალა მათივე ეთერში გადიოდა. გარდა ამისა,  ეტაპობრივად ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვა ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების, მათ შორის თქვენი სააგენტოს მეშვეობითაც, რისთვისაც მადლობას გიხდით. მეორე მხრივ, ჩვენი ორგანიზაციის სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა ფოტო და ვიდეო-ისტორიები ამ ქალებისა და მათი ოჯახების შესახებ. ამ ყველაფრის შედეგად, პროექტს 50-მდე მხარდამჭერი, ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია შემოუერთდა. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგალითისთვის გამოვყოფდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელთა მხარდაჭერით წინასაახალწლოდ 20 ქალსა და მათ ოჯახს ფულადი დახმარება გადაეცა. გვინდა თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადავუხადოთ, მათმა მატერიალურმა თუ არამატერიალურმა დახმარებამ განსაკუთრებით გაახარა ბენეფიციარი ქალები და მათი ოჯახები.

 

  • გვიამბეთ კვლევის შესახებ, რა სახის კვლევა განხორციელდა და როგორია კვლევის შედეგები/რეკომენდაციები?

კვლევის პრეზენტაცია ხვალ, 28 იანვარს შედგება. ონლაინ-შეხვედრაზე შედეგებსა და რეკომენდაციებს გავაცანობთ როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე ამ თემაზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. აღნიშნული კვლევა, ჩვენი პროექტის ფარგლებში და ჩვენს ბენეფიციართა ჯგუფში ჩაატარა ორგანიზაცია ,,WeResearch’’-მა. ჩატარდა როგორც ფოკუს-ჯგუფები, ასევე, პირისპირ ინტერვიუები, ჩვენ გამოვკვეთეთ და ვიკვლიეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა: COVID-19 პანდემიის გავლენა მიუსაფარ ქალთა ფინანსურ მდგომარეობასა და დასაქმებაზე, ოჯახის წევრთა შორის ურთიერთობებზე, საკვებ რაციონზე, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე, თავის მოვლის შესაძლებლობებზე, ასევე დისტანციურ სწავლებასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. კვლევის შედეგად კი შევიმუშავეთ ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც გაეგზავნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და ინსტიტუტს, ასევე, დეტალურად განვიხილეთ დღევანდელ პრეზენტაციაზე. კვლევა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე: www.csdc.ge

 

  • როგორია ორგანიზაციის სამომავლო გეგმები? თქვენ საუბრისას აღნიშნეთ, რომ პროექტით გათვალისწინებული 100 ქალის გარდა, კიდევ ბევრი დახმარების მსურველი ქალი დარეგისტრირდა პროექტში მონაწილეობის მისაღებად…

გეთანხმებით, ამ პროექტის რესურსით ყველა რეგისტრირებულ ქალს ვერ გავწვდებოდით. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ გარდა, ჩვენი ორგანიზაციის სოციალურ ქსელშიც ყოველდღიურად გვწერენ მიუსაფარი ქალები, არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ამ კუთხით ისევ გააგრძელებს მუშაობას, რადგან, ჩვენი მისიაა,   მოწყვლადი ქალებისა და   ბავშვების საჭიროებების ადვოკატირება,  მათი   ინტეგრირება   საზოგადოებაში   სამოქალაქო   უფლებების   დაცვის, ინოვაციური  ტექნოლოგიებისა  და  არაფორმალური  საგანმანათლებო  პროგრამების  უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება. იმედი გვაქვს, რომ პარტნიორების მხარდაჭერითა და საზოგადოების ჩართულობით, უფრო მეტი ქალისა და მათი ოჯახების დახმარებას შევძლებთ მომავალში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იმყოფება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc, ჩინეთი) პრეზიდენტს, აკადემიკოს ელჩინ ხალილოვს და იმავე აკადემიის აკადემიკოსს თამილა ხალილოვას შეხვდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას სტუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორები, ფაკულტეტების დეკანის მოადგილეები, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, სამეცნიერო და აკადემიური კავშირების გაფართოება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.შეხვედრის ფარგლებში პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალი, კვლევითი შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სამეცნიერო და აკადემიურ მიმართულებებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარების თვალსაზრისით პერსპექტიულია.სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პროფესორ თამარ ლომინაძის შეფასებით, საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს პარტნიორული ქსელი, ხელი შეუწყოს მკვლევართა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ ურთიერთობებს და შექმნას ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო კვლევითი ინიციატივებისთვის.მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და აზიის ქვეყნების აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის მკვლევართა კავშირების გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლოდ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.პროფესორ თამარ ლომინაძის შეფასებით, აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მხარეებისთვის, უკეთ გაეცნონ ერთმანეთის სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას, გამოკვეთონ საერთო ინტერესები და განსაზღვრონ თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო ისეთ სფეროებში, რომლებიც თანამედროვე ინჟინერიის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას განსაზღვრავს. აზიის მეცნიერებათა აკადემიასთან მჭიდრო ურთიერთობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, მკვლევართა პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა თანამშრომლობის იმ მიმართულებების გამოკვეთა, სადაც საინჟინრო მეცნიერებები და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთიანდება და ქმნის საფუძველს ახალი ცოდნის, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკული სამეცნიერო შედეგების მისაღებად.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პირველად ეწვია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და შესაძლებლობა მოგვცა, გამოგვეკვეთა ერთმანეთის სამეცნიერო და აკადემიურ პოტენციალი, კვლევით პრიორიტეტები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, გვემსჯელა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორობისთვის, რომელიც მომავალში აისახება კონკრეტულ ერთობლივ კვლევით პროექტებში, ტექნოლოგიურ ინიციატივებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებაში“, – განაცხადა პროფესორმა თამარ ლომინაძემ.აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ელჩინ ხალილოვმა დადებითად შეაფასა სტუ-ის ვიცე-რექტორთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება აკადემიისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტი და ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო სკოლაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, რომელსაც მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო ტრადიციები აქვს. უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს მისი აქტიური თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან როგორც ჩინეთში, ისე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას უკავშირდება. ვფიქრობ, აზიის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს და ერთობლივი კვლევითი პროექტები, აკადემიური გაცვლები და საერთაშორისო სამეცნიერო ინიციატივები ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ელჩინ ხალილოვმა.სტუ-ის ინფორმაციით, აზიის მეცნიერებათა აკადემია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სათავო ოფისი ჰონგ-კონგში, ჩინეთში მდებარეობს და რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.სტუ-ის ინფორმაციით, ელჩინ ხალილოვის სამუშაო ვიზიტი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული პროცესის ნაწილია. მხარეები სამომავლოდ განიხილავენ თანამშრომლობის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის სამეცნიერო კონტაქტებისა და მკვლევართა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის შესაძლებლობების შესწავლასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებში თანამშრომლობას.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.სარჯველაძის თქმით, „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით გაწეულ იქნა სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოები და ყველაფერი მზად არის, რათა მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება.„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია – „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.აქამდე ჩვენ მიერ „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით გაწეულ იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ, შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები, უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „იტალფარმაკოს“ თანამშრომლობისთვის.„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, მათ შორის მშობლების სახელით, კომპანია „იტალფარმაკოს“ მართლაც კარგი თანამშრომლბისთვის. ახლო მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიება გაიმართება მსოფლიო მასშტაბით, რომელიც იშვიათი დაავადებების მედიკამენტებს შეეხება და იქაც აუცილებლად ბევრს ვისაუბრებთ ამ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. ვისაუბრებთ კომპანიაზე, რომელიც სრული პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთო თანამშრომლობაში, აკეთებს ყველაფერს, რომ მედიკამენტი მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალური ეფექტით იყოს ხელმისაწვდომი ქართველი პაციენტებისთვის. ამრიგად, მოვუწოდებთ მშობლებს, რომლებსაც ბოლო ხანებში შეიძლება, არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებებისთვის, რომ მიმართონ სამინისტროს ნომერზე – 15 05 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე საჭიროებისამებრ“, – განაცხადა სარჯველაძემ.ცნობისთვის, იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ 31 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენაზე, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, საქართველო მსოფლიოში არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული მედიკამენტი შეიძინა და შეიტანა დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდება 14 წელი, ვალდებულია 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე. ვალდებულება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე.პირადობის ელექტრონული  მოწმობის მისაღებად  მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს,  იუსტიციის სახლს ან ისარგებლეთ დისტანციური მომსახურებით.იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება მისამართზე რეგისტრაცია, მიმართეთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის იმ ფილიალს,  რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი.პირადობის ელექტრონული მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით.პირადობის  მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს – სრულად,  აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;მეორე მსოფლიო ომის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში – 10 ლარით, განმეორებით – 10 % (6 ლარით), ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, დაწესებული მომსახურების საფასურისგან – 50%-ით;შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნები – 50%-ით.

ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

ნეპალში, მდინარე ტრიშულიზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული გვირაბიდან, წყალდიდობიდან 9 დღის შემდეგ, ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ენერგეტიკის მინისტრის, ბირაჯ ბჰაქტა შრეშთას, ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი მუშა - სანჯაი საჰი და კაბირ მაჰარჯანი - ამოიყვანეს.ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწემ Reuters-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი გადარჩენილი ხელებსა და ფეხებს ვერ ამოძრავებს, მეორეს კი კრიტიკული დაზიანებები არ აღენიშნება.მისი თქმით, ორივე მათგანი კატმანდუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.ოფიციალური პირები და მაშველები მიიჩნევენ, რომ 26 აგვისტოს მდინარე ტრიშულის ზემო დინებაში მყინვარის ჩამოშლის შედეგად, მდინარის გასწვრივ მდებარე ექვს ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებულ გვირაბებში, სულ მცირე, 900 ადამიანი აღმოჩნდა ჩარჩენილი.შეგახსენებთ, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად ნეპალში სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა და 4 200-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 21-ია, ხოლო 540-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მიხეილ სააკაშვილი – აფხაზეთის ტერიტორიაზე 45 ათასი ეთნიკურად აფხაზი შესახლებულია წართმეულ სახლებში, ჯერ ამ სახლებიდან არიან გასაყრელი და ქართულ სახელმწიფოს თუ აღიარებენ, პრობლემა არ...

აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა არის მაქსიმუმ 50 ათასი. 45 ათასი ეთნიკურად აფხაზი შესახლებულია ძირითადად წართმეულ სახლებში, ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან არიან გასაყრელი და თუ დაუბრუნდებიან თავის ძველ სახლებს, მაშინ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„დაურ ბუავა განსაკუთრებით კეთილშობილი აფხაზი ახალგაზრდა იყო და ასეთებს უნდა მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ და მისი სიკვდილი ტრაგედიაა. თუმცა, დაური პატარა უმცირესობას წარმოადგენს აფხაზთა შორის.აბა, თვითონ დაუფიქრდით ფაქტს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა არის მაქსიმუმ 50 ათასი. ამათგან 45 ათასი შესახლებულია ძირითადად ქართველებისგან და ასევე ბერძნებისგან, ესტონელებისგან, ებრაელებისგან წართმეულ სახლებში. ისინი არიან დანაშაულის მონაწილე და თქვენ მოელით, რომ ყაჩაღს, რომელმაც სახლი წაგვართვა, თქვენ უნდა უყვარდეთ?ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან გასაყრელია და თუ დაუბრუნდებიან თავის ძველ სახლებს, უმეტესად გუდაუთაში და აღიარებენ ქართულ სახელმწიფოს, მაშინ, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები