ხუთშაბათი, ივნისი 4, 2026

ინდონეზიაში 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის დედაქალაქში, ჯაკარტაში , მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები 10-20 წამის განმავლობაში გაგრძელდა. მიუხედავად ბიძგების ხანგრძლივობისა, მიწისძვრის სიმძლავრე დამანგრეველი არ აღმოჩენილა.

როგორც ცნობილია, 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა ზღვის დონიდან 43 კილომეტრის სიღრმეზე არსებული ფილების გადაადგილებამ გამოიწვია. ეპიცენტრი კი, ჯაკარტიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 153 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
ინდონეზიის მეტეოროლოგიის სამსახურის განმარტებით, მიწისძვრას, სიმძლავრიდან გამომდინარე,  ცუნამის გამწვევა არ შეეძლო, – შესაბამისად, მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება არ გაუციათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ღვაწლმოსილი მეცნიერები სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამეცნიერო მიღწევებისა და მომავალი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღზრდა-დახელოვნების მხრივ გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის გამორჩეულ მეცნიერებსა და პედაგოგებს საპატიო ჯილდოები გადასცა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრები, პროფესორები - მერაბ ძნელაძე და ვაჟა სადრაძე, რომელთა წვლილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე კვლევებისა და ფაკულტეტზე ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელების განვითარებაში.რექტორმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატება სწორედ იმ ადამიანების თავდაუზოგავ შრომას ეფუძნება, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიან მაღალი ხარისხის აკადემიურ გარემოს, ავითარებენ კვლევით საქმიანობას და ახალგაზრდა თაობას ცოდნისა და პროფესიული ზრდის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობენ. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, პროფესორების - მერაბ ძნელაძისა და ვაჟა სადრაძის დაჯილდოება მათი ღვაწლის აღიარებაა და ამავდროულად, სტიმული საუნივერსიტეტო საზოგადოების სხვა წევრებისთვის. მისივე თქმით, ცნობილმა არქეოლოგებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გაძლიერებაში, თანამედროვე სასწავლო პროგრამების დანერგვასა და საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გაფართოებაში.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების ღვაწლის დაფასებას, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან განათლებისა და მეცნიერების განვითარებას. ცნობილ არქეოლოგებს - პროფესორებს მერაბ ძნელაძესა და ვაჟა სადრაძეს თავიანთი პროფესიონალიზმით, აკადემიური კეთილსინდისიერებითა და სამეცნიერო საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც მეცნიერების განვითარებაში, ისე უნივერსიტეტის აკადემიური გარემოს გაძლიერებაში.მათ არაერთი თაობის სტუდენტის პროფესიულ და პიროვნულ ჩამოყალიბებაში შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი, აქტიურად მონაწილეობდნენ თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერებაში. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან უნივერსიტეტის ძლიერ ტრადიციებს და განსაზღვრავენ მის მომავალს.გულითადად ვულოცავ მათ ამ საპატიო ჯილდოს და მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის, სტუდენტებისა და ქართული მეცნიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის. დარწმუნებული ვარ, მათი გამოცდილება, ცოდნა და შემართება მომავალშიც მნიშვნელოვანი ძალა იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის აკადემიური და სამეცნიერო განვითარებისთვის“, – განაცხადა რექტორმა.სტუ-ის ინფორმაციით, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - სტუ-ის „ოქროს მედალი“ გაიცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის - რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 70-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორი მთავარ მიზანს ემსახურება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას

თანამედროვე მსოფლიო საჭიროებს უფრო მეტ დიალოგს, მეტ ურთიერთპატივისცემას და ნაკლებ იდეოლოგიურ დაპირისპირებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს არა მზა იდეოლოგიურ პასუხებს, არამედ განსხვავებული გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცვლას, რაც მისი თქმით საბოლოოდ უკეთეს გადაწყვეტილებებამდე მიყვანას უზრუნველყოფს.„საერთაშორისო პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, თავს იმკვიდრებს კოლექტიური აზროვნება, კრიტიკული აზრის უგულებელყოფა, იდეური მარწუხების თავსმოხვევა, და პლურალიზმის მიუღებლობა. ჩვენ გვახსოვს, როგორ მუშაობდა კომუნისტური პარტიის გენერალური ხაზი, როგორ ისჯებოდა განსხვავებული აზრი და რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს მსგავს ფენომენს საერთაშორისო მასშტაბით ვხედავთ და ვაცნობიერებთ. თვალში საცემია, რომ არგუმენტების სიმწირის დროს, თავშესაფრად, მორალური პიედესტალიდან საუბარი იქცა. პათეტიკით გაჯერებული მორალისტობა დღეს ლამის საერთაშორისი პოლიტიკური რიტორიკის ნორმად დამკვიდრდეს და ამას საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ შეფასებაშიც ვხედავთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურება – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ამიტომ, თუკი საგარეო პოლიტიკის საზომი მორალია, საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს, ქვეყნის ომსა და ქაოსში გადაჩეხვის გარეშე.ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, რეალისტური და რაციონალური პოლიტიკის შუალედურ შედეგებს კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოების გონიერი ნაწილი, რომელსაც ესმის საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპები. და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკის შედეგებს კარგად ხედავს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და აუცილებლად მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველ შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ფორუმიც ხელს შეუწყობს სწორედ ასეთ – ღია, პატივისცემაზე დაფუძნებულ და შინაარსიან დიალოგს. მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს არა მზა იდეოლოგიურ პასუხებს, არამედ განსხვავებული გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცვლას, რაც საბოლოოდ უკეთეს გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, ხარისხიანი განათლება

ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.„მოხარული ვარ, რომ თბილისი განაგრძობს მრავალწლიან ტრადიციას და უკვე მეთექვსმეტედ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომელმაც მასშტაბური გლობალური პლატფორმის სტატუსი შეიძინა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი დედაქალაქი კვლავ რჩება რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად. ბოლო წლებში ჩვენ არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და ამ ფონზე, წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი – „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, – კიდევ უფრო აქტუალურია. მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როდესაც ზესახელმწიფოები მცირე ქვეყნებს მხარის არჩევისკენ მოუწოდებენ, ჩვენთვის გადამწყვეტი ხდება დიპლომატიის სრულფასოვანი გამოყენება. ლოგიკური და კანონზომიერია, რომ ფორუმის დღის წესრიგი ყველაზე რთულ და აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს. მსგავსი თემების განხილვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის გზების საძიებლად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფორუმის თემატური პანელებიც, რომლებიც სუვერენიტეტის განმტკიცებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობაში დიდი ჰესების როლს, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და მდგრად ურბანულ რეფორმებს ეთმობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი კვლავ უკავია მშვიდობის პლატფორმას. გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე, პროგრესსა თუ კეთილდღეობაზე საუბარი შეუძლებელია. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში. მადლობას გიხდით ფორუმის ორგანიზატორებს, პარტნიორებსა და მონაწილეებს და ყველას ნაყოფიერ დისკუსიებს გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი – გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს ხელისუფლებაა, ესაა მშვიდობა, სტაბილურობა

მოხარული ვარ, რომ თბილისის მერია კვლავ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომლის სახელწოდებაც „ამიერკავკასიის დაკავშირება მდგრადი მომავლისთვის“ ზუსტად უპასუხებს იმ გეოპოლიტიკურ და ეგზისტენციალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი რეგიონი და სრულიად მსოფლიო დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა.„დღეს ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, როგორ იწერება კაცობრიობის ისტორიის სრულიად ახალი ფურცელი. საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება. სამყარო ერთპოლუსიანი სისტემიდან მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე გადადის, მომავალი კი სულ უფრო გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი ხდება. კონფლიქტების მდგრადი და სამართლიანი გადაჭრა კიდევ უფრო გართულდა, ხოლო გლობალური მშვიდობა დღეს უფრო მყიფეა, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ურთიერთობებში წინა პლანზე გადმოდის ძალის ფაქტორი, მკაცრი რეალიზმი და პრაგმატიზმი. გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა: ესაა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესების დაცვა და სიმართლის სადარაჯოზე დგომა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები