პარასკევი, მაისი 1, 2026

ილია მეორე – ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ყოველკვირეული ლოცვა აღავლინა.

მსახურების დასრულების შემდეგ ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები შეახსენა, რომელიც ქრისტიანებს სიყვარულით და რწმენით ცხოვრებისაკენ მოუწოდებს.

„წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ღმერთი არის სიყვარული და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით მოგვეცეს სიყვარული და ღვთის მფარველობა, ღვთის მადლი და ძალა, ყველამ ერთად ვთქვათ – ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით ლორთქიფანიძე – დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი

საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების, ეს არის შტამპი იმისა, რომ 8 000 წლის წინ საქართველოში უკვე იყო რბილი ხორბალი, რაც აღიარებულია სამეცნიერო საზოგადოების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველო  ინოვაციური მიწათმოქმედების ერთ-ერთი უძველესი ცენტრია.„დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ იმ კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის ეროვნული აკადემიის მოამბეში. ეს გახლავთ კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ საქართველოში აღმოჩენილია რბილი ხორბლის კვალი. იმ ხორბლის, რომლისგანაც დღეს პური მზადდება. ეს თარიღდება 8 000 წლით, ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და უკვე მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი. ეს არის ძალიან დიდი მეცნიერული აღმოჩენა, საქართველო კიდევ ერთხელ ხვდება მეცნიერულ რუკაზე, სადაც ხდება ინოვაციები სწორედ მიწათმოქმედებაში. ასე რომ, საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების. ეს გახლავთ, მე ვიტყოდი, უკვე შტამპი იმისა, რომ 8 000 წლის წინ საქართველოში უკვე იყო რბილი ხორბალი, რომელიც არის მოშინაურებული და ეს არის სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებული.ამერიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი გახლავთ ძალიან მაღალი რეიტინგის და ასევე მას აქვს ძალიან დიდი რეპუტაცია. უკვე არის მაღალი რანგის ექსპერტების გამოხმაურებები. ეს აჩვენებს, რომ საქართველოში მეცნიერული კვლევები მიმდინარეობს და ამ კვლევების საფუძველი თავის დროზე სწორედ ქართველმა მეცნიერმა, ქალბატონმა ნანა რუსიშვილმა ჩაუყარა, ძალიან ცნობილმა პალეობოტანიკოსმა, რომელიც გახლავთ ამ სტატიის ერთ-ერთი მთავარი ავტორი“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.ცნობისთვის, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი“. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი – დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, ამაში საერთაშორისო მასშტაბია ჩართული

დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა. ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, მათი კლასტერის მხრიდან ყველა პროცესი დაზიანდეს. აუცილებელი მოცემულობაა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, სენსიტიურია, სათუთია, ყველგან მუდმივი თავდასხმა და შეტევა უნდა იყოს. დიდი ხანია, მათი თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა. ბუნებრივია, როცა ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი მიმდინარეობს ისინი თავის მცდელობას გააქტიურებენ. რა თქმა უნდა, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება. ამაში საერთაშორისო მასშტაბია ჩართული. პოლონეთის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში სიუჟეტი დაიწყეს იმით, რომ რეალური კანდიდატის არჩევანი რუსული ინტერესებია. ისინი ამ მოჯადოებულ წრეს თავს არასოდეს დაანებებენ. სააკაშვილი პატრიარქის ეკლესიის ხან ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ხან კრიტიკოსი და მლანძღავი. მისი გამონათქვამები აღარ გვიკვირს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის პერსპექტივა ისეთია, რომ ჩამოიშალოს ეკონომიკა, რამენაირად პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს და ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევაზე საკითხები სკანდალურად წარმართონ

ოპოზიციის პერსპექტივა ასეთია – ამ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალოს, რამენაირად მოსახლეობაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს და ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევასთან დაკავშირებული საკითხები სკანდალურად წარმართონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, საზოგადოებას შეიძლება, რაღაც უკეთესი უნდოდეს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ კლასტერში ის ხვალინდელ უკეთესობას ნამდვილად ვეღარ ხედავს.„აქედან გამომდინარე, ნეგატივი, რომელიც მათ უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსთვის, საბოლოო ჯამში, უბრუნდებათ და უტრიალდებათ უკან. მათ ურთიერთობაში ეს ყველაზე კარგად აისახება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი შარაშიძე – მიხეილ სააკაშვილს ქართულ ეკლესიაზე გული თუ მართლა შესტკივა, სჯობს, ხმა საერთოდ არ ამოიღოს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებასაც რომ ამბობდეს, ხალხი მისგან ამას არ...

მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივი და საქმის გაფუჭების ინტერესი ამოძრავებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.დეპუტატს კითხვა დაუსვეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.როგორც შარაშიძემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ეკლესიაზე საუბრისგან თავი უნდა შეიკავოს.„ქართული სიბრძნეა, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო. მიხეილ სააკაშვილს ქართულ ეკლესიაზე გული თუ მართლა შესტკივა, სჯობს, ხმა საერთოდ არ ამოიღოს. მან კარგად იცის, სულ რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება იყოს, ხალხი ამას მისგან არ მიიღებს. მას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივი და საქმის გაფუჭების ინტერესი ამოძრავებს. მისი არცერთი განცხადება არ მახსენდება, რომელიც რეალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება. შეიძლება, გარკვეულ შემთხვევაში სიმართლესაც წერდეს, მაგრამ მის მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულება როგორიც არის, ის საქმეს აფუჭებს. როცა საქმე ეკლესიას ეხება, მას მოვუწოდებ, ახსოვდეს, ეს დიდი ქართული სიბრძნე“, – განაცხადა შარაშიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. ამავე ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის სახლმა თანამშრომლობის მემორანდუმები 16 უნივერსიტეტთან გააფორმა.დოკუმენტი ითვალისწინებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის სტაჟირების შესაძლებლობების შექმნას, რაც მათ პროფესიული უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება. ასევე, წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ექნებათ დასაქმების პერსპექტივაც.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის კავშირის გაძლიერების მიმართულებით. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მსგავსი ინიციატივები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოსცადონ, რაც მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოსთან დააახლოებს. იუსტიციის სახლთან თანამშრომლობა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკაში გამოცადონ საკუთარი უნარები, გაეცნონ საჯარო სერვისების თანამედროვე სტანდარტებს, ჩამოიყალიბონ პროფესიული ხედვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას და მომავალში დასაქმების შესაძლებლობებს გააფართოებს”, - აცხადებს თამარ წერეთელი.

ბოლო სიახლეები