სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამა შალვა კეკელიას ძმის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„თბილისის (ვაკის) მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიას, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მიიღეთ ჩვენი სამძიმარი ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო; მადლობა ღმერთს, იგი წლების მანძილზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ეკლესიასთან და, როგორც ყველა აღნიშნავს, გამოირჩეოდა სიკეთით და მოყვასისადმი ერთგული მსახურებით.
მართალია, დიდია თქვენი გულისტკივილი, მაგრამ კარგად იცით ისიც, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ. ასე რომ, განშორება ახლობელთან დროებითია.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზურაბის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან მას სავანე მართალთა დაუმკვიდროს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია გავრცელებულ წერილში.