დღეს, როცა ასეთი მღელვარებაა, ასეთი გაურკვეველი მდგომარეობაა ოჯახებში, მშობლებსა და შვილებს, და-ძმათა შორის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გავაძლიეროთ ჩვენი ბრძოლა უპირველეს ყოვლისა ჩვენს თავთან, ჩვენ თავს თუ დავძლევთ ყველაფერს დავძლევთ და ყველაფერში გამარჯვებული ვიქნებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც ილია მეორე აღნიშნა, თუ სიმშვიდეს არ მიაღწია ადამიანმა ლოცვა ვერ მიდის უფალთან.
„ღვთის მადლით და წყალობით განვლო მარხვის ორმა კვირამ, ჩვენ ვემზადებით ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის. თქვენ ხედავთ რამდენად რთულია ადამიანის ცხოვრება, განსაკუთრებით ეს სულიერი ბრძოლა ძლიერდება მარხვის დროს, როცა ადამიანი მოღვაწეობს სულიერად. დღეს არის წმინდა გრიგოლ პალამა კვირიაკეს მოხსენიების დღე. დიდი მომავალი უნდა ჰქონოდა მას. ბიზანტიის იმპერატორი მზად იყო სამხედრო სასწავლებელში მიეცა ეს ყმაწვილი, მაგრამ 20 წლისამ გადაწყვიტა გრიგოლ პალამამ აღკვეცილიყო ბერად. მან სასწაულები ქმნა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იყო. მართლაც თუ სიმშვიდეს არ მიაღწია ადამიანმა ლოცვა ვერ მიდის უფალთან. სიმშვიდე ეს ყველაფერია, სიმშვიდე გულისა, სიმშვიდე ტვინის და გონებისა, სიმშვიდე ოჯახში, სიმშვიდე სამსახურში. როგორ მიაღწიოს ადამიანმა სიმშვიდეს, როცა ჩვენს გარშემო ასეთი მღელვარებაა, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, შენდობა მივცეთ ერთმანეთს. თუ ადამიანი აპატიებს მოყვასსა თვისა, სიმშვიდე თავისთავად დაისადგურებს მასში. დღევანდელ დღეს როცა ასეთი მღელვარებაა, ასეთი გაურკვეველი მდგომარეობაა ოჯახებში მშობლებსა და შვილებს შორის, და-ძმათა შორის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გავაძლიეროთ ჩვენი ბრძოლა უპირველეს ყოვლისა ჩვენს თავთან, ჩვენ თავს თუ დავძლევთ ყველაფერს დავძლევთ და ყველაფერში გამარჯვებული ვიქნებით”, – აღნიშნა პატრიარქმა.