ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

ილია მეორე – დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დიდმარხვის დაწყების წინ გავრცელებულ მიმართვაში.

პატრიარქი განცხადებაში აღნიშნავს, რომ “ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს”, ყველასთვის მარხვის დაცვა აუცილებელია.

„დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა…

ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, – გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნების შვიდეულიც ემატება.

ამ მარხვის დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს (არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ), რათა, ძალისამებრ ჩვენისა, ღირსეულად შევხვდეთ მაცხოვრის აღდგომის დიდებულ დღეს.

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, მუდმივად თქვით იესოს და ღვთისმშობლის ლოცვა („მოწყალებისა კარი განგვიღე“) ასევე 50-ე ფსალმუნი; ყოველკვირეულად აღსარებითა და ზიარებით განმტკიცდით და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით შეიმოსეთ.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი და მოგცეთ ძალა, ღვთის ერთგულ ძეებად და ასულებად იწოდებოდეთ.

ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება.

მუდამ თქვენთვის მლოცველი ილია II“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ლაშხი – ვაშინგტონში სამიტის მთავარი თემა იქნება, როგორ უნდა მოვახერხოთ ქვეყნის ინტერესების დაცვა, საქართველო გაახმოვანებს, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტს ქართველი ხალხი

საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში იმ სამიტზე მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი გზავნილია – სუვერენული ქვეყნები თავად წყვეტენ საკუთარ ბედს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა განაცხადა.ლაშხის თქმით, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას მოწვევა ძალიან მნიშვნელოვანია.„ქვეყნებს შორის როცა თანამშრომლობასა და დიალოგზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა გაითავისონ და გაიაზრონ, რომ საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტის ხარჯზე არ უნდა მოხდეს მათი იდეოლოგიის თავსმოხვევა. დისკუსიის მთავარი თემა იქნება, გლობალიზაციის პირობებში, ზეწოლების მიუხედავად, როგორ უნდა მოვახერხოთ ქვეყნის ინტერესების დაცვა. საქართველო ზუსტად ამ გზავნილით ვაშინგტონში წარდგება და გაახმოვანებს, რომ საქართველოს მომავალს წყვეტს ქართველი ხალხი. ასევე ეს ვიზიტი გამოყენებული იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვის და საპარლამენტო თანამშრომლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, რესპუბლიკელ კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტს დაესწრება.

ანტონიუ გუტერეში – ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მასობრივი ტანჯვა გამართლებულია, სადაც ადამიანებს იყენებენ სავაჭრო ბარათებად, საერთაშორისო სამართალს ეპყრობიან, როგორც წინაღობას

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მასობრივი ტანჯვა გამართლებულია, სადაც ადამიანებს იყენებენ სავაჭრო ბარათებად, სადაც საერთაშორისო სამართალს ეპყრობიან როგორც წინაღობას, კონფლიქტები მრავლდება და დაუსჯელობა გახდა ნორმა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.გუტერეშის თქმით, ეს ყველაფერი არ ხდება ცოდნის, თუ ინსტიტუტების ნაკლებობის გამო, არამედ ეს არის პოლიტიკური არჩევანის შედეგი.„ადამიანის უფლებების კრიზისი ასახავს და აძლიერებს ყველა სხვა გლობალურ ბზარს. ჰუმანიტარული საჭიროებები ფეთქებადი სისწრაფით იზრდება, ხოლო დაფინანსება იშლება, უთანასწორობა კი, თვალისმომჭრელი სიჩქარით ფართოვდება. ქვეყნები ვალებში და სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილი. ტექნოლოგია, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტი, სულ უფრო მეტად გამოიყენება ისე, რომ ახშობს უფლებებს, აღრმავებს უთანასწორობას. ონლაინ სივრცეები მოწამლულია დეზინფორმაციითა და სიძულვილით. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საერთო საფუძვლები კომპრომისების გარეშე. გაერო-ს წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და საერთაშორისო სამართლის ნორმები ადამიანის უფლებების სფეროში არ არის სახელმძღვანელო, საიდანაც შეიძლება, მოსაწონი ნაწილები ამოარჩიო და დანარჩენი უგულებელყო. მეორე, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საკუთარი ინსტიტუტები. არ შეიძლება, ვიქცეოდეთ ისე, თითქოს დღევანდელი გლობალური მმართველობის სისტემის დისფუნქცია რაღაცნაირად განცალკევებულია გლობალურად ადამიანის უფლებების გაუარესებისგან. უსაფრთხოების საბჭო როცა ბლოკირებულია, როდესაც ვეტო პოლიტიკური ფარის ფუნქციას ასრულებს, როდესაც გეოპოლიტიკური მეტოქეობა მოსახლეობის დაცვას გადაწონის, ყოველთვის ერთი და იგივე იქნება შედეგი: დაუსჯელობა გაიზრდება და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გაითელება. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების საბჭო, რომელიც დღევანდელ სამყაროს ასახავს და არა 1945 წლის სამყაროს. იგივე ითქმის საერთაშორისო ფინანსურ არქიტექტურაზე: განვითარებადი ქვეყნები უნდა სარგებლობდნენ რეალური მონაწილეობითა და სრულფასოვანი ხმის უფლებით. მცირე და მოწყვლადი სახელმწიფოები სესხების ხაფანგში როცა იმყოფებიან და ადეკვატურ ინვესტიციებს არიან მოკლებული, მათი მოქალაქეები მოკლებული არიან ადამიანის უფლებებს, განათლებას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას და ღირსებას“, – აღნიშნა ანტონიუ გუტერეშმა.

ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი, გიო ხუციშვილი დღეს 64 წლის გახდებოდა

ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი, გიო ხუციშვილი დღეს 64 წლის გახდებოდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მომღერალი დავით გომართელი სოციალურ ქსელში გიოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს  გვიზიარებს.

შალვა პაპუაშვილი: ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს, ან ქალბატონ კალასს რაიმე აქვს შეცვლილი თავის წარმოდგენებში, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი ქვეყნის...

უცხოური ჩარევა გამოწვევაა და დღევანდელ სამყაროში სწორედ ჩარევა, მეხუთე კოლონების შექმნა სხვა ქვეყნებში არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც იყენებენ გავლენების გასატარებლად. ამას აღიარებს ყველა. ერთადერთი, ვინც ამას არ აღიარებს, არიან ისინი, ვინც საქართველოში თავად არიან მეხუთე კოლონა და თავად არიან შექმნილი და დაფინანსებული, რათა საკუთარ ქვეყანას უმტრონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და საქართველოს ხელისუფლებაც საქართველოს ინტერესზე ზრუნავს.„ოთხი წელი გადის უკრაინაში ომის დაწყებიდან და ოთხი წლის წინ, აქედან რამდენიმე მეტრში, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და პარტიები – მეხუთე კოლონა, ზუსტად ამ სქემით იდგა პარლამენტის წინ, ითხოვდა, ჩავრთულიყავით ომში, გაგვეგზავნა მებრძოლები უკრაინაში, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, შევსულიყავით ესკალაციაში, რომლის ბოლოც აუცილებლად იქნებოდა ომი. ამას აკეთებდა უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონა. საკუთარ ქვეყნებში ამას ებრძვიან, პრევენციას ახდენენ და აქ აფინანსებენ მეხუთე კოლონას, რათა კრიტიკულ მომენტებში ზურგში ლახვარი ჩასცხონ საკუთარ ქვეყანას, შეიყვანონ ომში, გამოუთხარონ ძირი დემოკრატიას, არჩევნების და დემოკრატიის არაღიარების გზაზე იდგნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა თავის ინტერესებს უყურებს. თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს, ქალბატონ კალასს, რომელიც ესტონეთში პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველოს მიმართ მტრულ პოლიტიკას ატარებდა, რაიმე აქვს შეცვლილი თავის წარმოდგენებში. ყველამ საკუთარ ინტერესზე უნდა იზრუნოს, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ინტერესზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტმა პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და  პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

ბოლო სიახლეები