ხუთშაბათი, იანვარი 9, 2025

ილია მეორე – ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი, ღმერთზე მინდობა საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა

ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი, დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა, ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ბოროტი ძალისგან თავს მოხვეული ეს მანკიერება დღემდე მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

„ჩვენს პირველმშობლებს მთელი თავისი ნებელობა უფლისკენ ჰქონდათ მიმართული და სრულად ღვთისას იზრახავდნენ. ამასთან, მათი სული სულ უფრო მეტად განიმტკიცებდა საღვთო ბუნების თვისებებს – სათნოებებს და ხარობდა ამით. როგორც ცნობილია, შემდგომ ბოროტმა ძალამ მოატყუა ისინი, როცა უთხრა: შემოქმედი იმიტომ გიკრძალავთ ხე-ცნობადისას ნაყოფის ჭამას, რომ მისებრ ღმერთი არ გახდეთო. სინამდვილეში კი ჩვენი განღმრთობა სწორედ უფლის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ამისთვის ადამი და ევა თანდათან უნდა მომზადებულიყვნენ და უფლის მორჩილებით ასულიყვნენ სრულყოფის კიბეზე. ისინი კი, ჯერ კიდევ სულიერად მოუმწიფებელნი, შეეცადნენ, გატოლებოდნენ მას, ვინც დაჰბადა ისინი და ყველაფერი უშურველად მისცა; თანაც ამის მიღწევა მათ ღმერთისგან განდგომით მოინდომეს და მისი ნების წინააღმდეგ წავიდნენ. ვერ დააფასეს უფლისგან ბოძებული, თვით ანგელოზებზე აღმატებული პატივი, უხილავი ღმერთის თანაშემწეობაზე უარი თქვეს და მოინდომეს ღმერთად გახდომა. ცოდვამ აამღვრია და დაასნებოვნა ადამის და ევას შინაგანი სამყარო, რასაც თავისთავად მოჰყვა შესაბამისი შედეგი: სიცოცხლის ნაცვლად მიიღეს სიკვდილი; ნეტარების ნაცვლად – ტანჯვა და მწუხარება, ძლიერების ნაცვლად – უძლურება… და ერთბაშად დაკარგეს თვითმფლობელობაც და საღვთო ხელმწიფებაც; მათი მორჩილი სტიქიონებიც და ცოცხალი არსებებიც მტრად გაუხდნენ და მარტონი დარჩნენ გარემო სივრცის პირისპირ. ეს უმძიმესი ცვლილება კი მოხდა იმიტომ, რომ მათი გული ღმერთს განეშორა და შემოქმედის ადგილი ეგოისტურმა „მე“-მ დაიკავა.

ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა – ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა … საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა. ბოროტი ძალისგან თავს მოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა „მე“ განსაკუთრებულად დომინირებს. ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი.

ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა – „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“ და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისაგან ასეთი სახით მოგვეცა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ,  როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე, 13.34). მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას – გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეცის მოქალაქეობას. „მე ვარ კარი, ჩემს მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს” (იოანე, 10,9) – გვასწავლის იესო ქრისტე“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამწუხრებული ვართ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გისამძიმრებთ პირადად თქვენ, გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს“,- აღნიშნავს ილჰამ ალიევი.

„საკალანდოდ თუ ჩამოით ხო კაი, გევიხარებთ ბებრები, თუ ვერ მოახერხო, მამა, აგერ გიგზავნი ყოლფერს“ – წერილი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

ჟურნალისტი, “ლეიბორისტული" პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ. მასში ზედმიწევნითაა აღწერილი თბილისში მცხოვრები გურულებისთვის მშობლიური სახლიდან გაგზავნილი სითბო: „დეკემბრის ბოლოს, რკინიგზის სადგურზე, მამა გურიიდან წამოსულ მატარებლს უცდიდა, ხშირად მეც მივყავდი. ჩემი და-ძმა პატარები იყვნენ, მე კი უკვე დიდი ვიყავი და გურიიდან გამოგზავნილი საახალწლო ნობათით სავსე ჩანთის კიდეში ჩადებული წერილის მოძებნა და მერე წაკითხვა ჩემი მოვალეობა იყო. წერილებს ხმამაღლა ვკითხულობდი სულ, თან ყელში ბურთი მებჯინებოდა. საკალანდოდ გიგზავნით შვილო, ღორის ხორცია კაი გაყოლა, 5 წველა ყველი, ნადუღი, ხაჭაპურია კეცის, ჭადის ქფილი, ჯანჯუხე, ინდოური კია გოჭისხელა, დედალი, კვატიე, ხურმა, ხაპი, თხილიც კია პაწე. ადესაა მაქანე კიდო და ოტკაც ჩავდე. საკალანდოდ თუ ჩამოით ხო კაი, გევიხარებთ ბებრები, თუ ვერ მოახერხო, მამა, აგერ გიგზავნი ყოლფერს. ჩვენ კი ვართ ბებრები ბაღნების მოლოდინში მაინც, ერიგზობა გაციება კი მივილიეთ, ჯერ მე ვიყაი გლახათ, მერე აი დედაბერი შეიქნა მისახედი, მარა ახლა კარგად ვართ. ჩვენი ჯავრი არ გექნეთ. უთენია, თბილისი-მახარაძის მატარებელი რომ ჩამოდგება, კი ვჩივით სულ ბაღნები იქნება მეიყვანა მატარებელმაო, მარა არ იქნა და არ. კია, სიცივი და გლახა ამინდები, მარა აი ბაღნები ბუხართან იქნებოდნენ თბილში, აფერს მიაკლებდა ბებიამისი. საქმე არ შობა თვარა, ვიცი შვილო ჩამეიყვანდი ოჯახს. ჩვენ მაინც ვუცდით მახარაძის მატარებელს ყოველდღე. თუ ჩამოი, მამა, იცი შენ რაცხა მინდა. ჟურნალ-გაზეთები მაქოური, აი სოფლის ცხოვრება კი მოაქ ფოსტალიონს. მარა აფერი წერია შით. ფილტრიანი სიგარეტი და ერთი კაი წიგნი წამეიმღვარიე, აფერი მაქვს საკითხავი ამ ზამთარს. სა მცალია წიგნიზა, მარა გლახა ამინდი როცხაა, კი მიხარია, მაშვინ თუ წევიკითხავ რაცხას. დედაშენი აგერ ჯდანა ჯორკოზე ბუხართან, არ მაჩვენებს თვარა თვალები კურცხალით აქვს სავსე, არ ჩივა აფერს, ენატრებით სულ. მე, აღარ მელაპარაკება, მამაზეციერი შეაწუხა ამდენი თხოვნით და ლოცვით“. ბაბუასგან საკალანდოდ მიღებული წერილი ასეთი იყო სულ. არ მახსოვს არც ბავშვობაში, არც მერე დიდობაში კალანდა გურიაში. არც ნაძვისხე მინახავს ჩვენს ოდაში. არც ჟრიამული. არც ჩვენს ოდაში შემოსული კალანდა. დღემდე, მეფიქრება და მედარდება მათი უსაშველო მოლოდინი. დღემდე მეტკიება ჩვენს ოდაში უბაღნებოდ გათენებული, ბუხრის თავზე შემოდებული ერთი პატარა ჩიჩილაკით შემოსული კალანდა. ბედნიერი კალანდა მინდა გათენდეს საქართველოსთვის! ყველა ბავშვისთვის! ჩვენი ოჯახებისთვის!“ _ წერს ქეთი დოლიძე და დასძენს, რომ წელს მაინც სურდა გურიაში ჩამოსვლა, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ვერ შეძლო: „ამ ახალწელს მინდოდა ჩემი ბიჭები წამეყვანა გურიაში, შობას, კალანდას ჩვენი ოდა გაგვეთბო. დამეცხო გურული ღვეზელები, მოგვერთო ჩიჩილაკი. თვეების წინ, ნაძვისხეც კი ჩავიტანე, სააკალანდოდ გურიაში დაბრუნებას ვგეგმავდი. ახლა აღარაა ამის დრო. ახლა საქართველოს გამარჯვების დროა! მერე ქრისტეშობაც სხვანაირი იქნება და კალანდაც!“

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოებრივი მაუწყებელი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, სხვადასხვა მხარის მიერ, პირველი არხის მიმართ სისტემატური ხასიათის თავდასხმების, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობის გამო. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის საქმიანობას ახორციელებს კანონით დადგენილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესაბამისად და ემსახურება მთელ საზოგადოებას, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების სრული დაცვით, ობიექტურად, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების გათვალისწინებით, რაც დაადასტურა ეუთო/ოდირის დასკვნამაც. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას ავლენს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არხის დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან სივრცეში, როგორიც მაგალითად, ევროპარლამენტია. აღარაფერს ვამბობთ მისი მხრიდან არხის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე და მოწოდებაზე არხის დასჯის შესახებ, რაც მედიასთან ურთიერთობის ყოველგვარ სტანდარტს მიღმა დგას. პოლიტიკოსებისგან მსგავსი ტიპის თავდასხმები ახალისებს და აქეზებს გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფებს და კერძო პირებს, ლეგიტიმურად მიიჩნიონ მედიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისა და თანამშრომლების შეურაცხყოფა, ბულინგი და მათი მისამართით სიძულვილის ენის გამოყენება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს, ამ რთულ დროს შეინარჩუნონ პროფესიონალიზმი და პროფესიული სტანდარტი. შემაშფოთებელია დამოუკიდებელ მედიაზე დეზინფორმაციის საშუალებით წნეხის განხორციელებისა და ჟურნალისტების დაშინების მცდელობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის მთელ საზოგადოებას, არც ერთ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ჯგუფს არა აქვს მისი მონოპოლიზებისა და სხვებისთვის ჩაკეტვის უფლება. აქ ჟღერდება სხვადასხვა იდეა და მოსაზრება, მათ შორის ისეთი, რომელიც, ცხადია, ყველასთვის მისაღები და მოსაწონი ვერ იქნება, რასაც გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა, ვინაიდან სწორედ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება და ამის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ბულინგი დაუშვებელია და ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. განსხვავებულ აზრსა და იდეას აზრითა და იდეით უნდა დაუპირისპირდნენ და არა ჟურნალისტების ღირსების შელახვით. აქვე გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 13 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი განაახლებს პრაიმტაიმის ეთერს და იგი, როგორც ყოველთვის, დაეთმობა ყველა, მათ შორის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ მხარეებს აზრის გამოთქმისა და დისკუსიისთვის. შეძლებისდაგვარად ვეცდებით, დრო დავუთმოთ ყველა მნიშვნელოვან თემას პოზიციების დაახლოებისთვის და არა რადიკალიზაციის გასაღრმავებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ, გიორგი მამარდაშვილის ახალი ოჯახური კადრები

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში თბილ კადრს გვიზიარებს. „ოჯახი“, – წერს ელენე.

მიხეილ სააკაშვილი: ახალი არჩევნებიც ჩატარდება, ესენიც ჩამოიშლებიან, მაგრამ ეს არ მოხდება შეგონებებით, არამედ გაათმაგებული ძლიერი შეტევით და იძულებით

ახალი არჩევნებიც ჩატარდება, ესენიც ჩამოიშლებიან, მაგრამ ეს არ მოხდება შეგონებებით, არამედ შეტევით და იძულებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რასაკვირველია, ახალი არჩევნებიც ჩატარდება, ესენიც ჩამოიშლებიან, მაგრამ ეს არ მოხდება შეგონებებით, არამედ გაათმაგებული ძლიერი შეტევით და იძულებით!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები