ექიმმა გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში როგორ გადავრჩი ჰომოცისტეინის მნიშვნელობასა და მის სიჭარბესთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, ჰიპერჰომოცისტინემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში ჰომოცისტეინის დონე მომატებულია. ჰომოცისტეინი აზიანებს სისხლძარღვებს, ხოლო დაზიანებული სისხლძარღვები თრომბოზისკენ მეტად არის მიდრეკილი.
თუ თრომბოზი გულის მკვებავ სისხლძარღვებში განვითარდება, შესაძლოა, გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ხოლო თავის ტვინის სისხლძარღვებში – ინსულტი. ექიმის თქმით, განსაკუთრებით ზიანდება გული და თავის ტვინი, თუმცა გართულებები სხვა ორგანოებშიც არის შესაძლებელი.
გარდა ამისა, ჰომოცისტეინის ჭარბი რაოდენობა ზრდის ძვლების მოტეხილობის რისკს და არღვევს ნეიროფსიქიატრიულ ბალანსს – შეიძლება განვითარდეს მეხსიერების გაუარესება და ვასკულური დემენცია.
რა იწვევს ჰომოცისტეინის მომატებას?
ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი B ჯგუფის ვიტამინების – B6-ის, B9-ის (ფოლიუმის მჟავა) და B12-ის – დეფიციტია. აღნიშნული ვიტამინებიდან თუნდაც ერთის ნაკლებობამ შეიძლება ჰომოცისტეინის მატება გამოიწვიოს და ადამიანი თრომბოზისკენ მეტად მიდრეკილი გახადოს.
ვიტამინების დეფიციტი საკმაოდ გავრცელებულია, რადგან ყოველდღიური კვება ხშირად ვერ უზრუნველყოფს მათ საკმარის რაოდენობას.
ასევე, გავლენას ახდენს ასაკი – პრობლემა შეიძლება როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში გამოვლინდეს.
მომატებულ ჰომოცისტეინს ხელს უწყობს ცხოვრების სტილიც: ალკოჰოლის მოხმარება ზრდის მის დონეს სისხლში, ხოლო მოწევა არა მხოლოდ მატებას, არამედ მისი ტოქსიკურობის გამძაფრებასაც იწვევს.
როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა?
პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს ჰომოცისტეინის მატების ზუსტი მიზეზი. როგორც ექიმი აღნიშნავს, ეს ყოველთვის მხოლოდ ვიტამინების დეფიციტით არ არის გამოწვეული – ზოგ შემთხვევაში მიზეზი გენეტიკურიც შეიძლება იყოს.
თუ დადასტურდება, რომ პრობლემა ვიტამინების ნაკლებობას უკავშირდება, საჭიროა მათი შევსება.
გიორგი ღოღობერიძის თქმით, ჰომოცისტეინის დონის შემცირება ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს, თუმცა ინსულტის რისკზე იგივე ეფექტი ბოლომდე დადასტურებული არ არის. ამის მიზეზზე სამედიცინო საზოგადოებაში სხვადასხვა თეორია არსებობს, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არ არსებობს.

