2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება.
“ბოლო წლებში მთელი გულით მინდოდა პატრიარქთან შეხვედრა, მისი აზრი სულ მაინტერესებდა და და ვფიქრობდი, ჩემს რამდენიმე კითხვაზე მხოლოდ მას შეეძლო ამომწურავი პასუხი გაეცა. სამწუხაროდ, ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში.
მისი ქადაგებიდან რამდენიმე ფრაზას ჩავეჭიდე და სულ ვიხსენებდი, უსაშველო ტკივილისას…
ურთულეს პერიოდში, არაერთი სისტემის ცვლილებისას მოუწია ცხოვრება პატრიარქს, მაგრამ მან თავისი სიბრძნით, ღვთის მადლით შეძლო ბევრი რამ.
მას მერე, რაც ამ ქვეყანას მოევლინება ადამიანი, მის ცხოვრებაში რჩება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, თარიღი ამ ქვეყნიდან გამგზავრებისა-გარდაცვალება, როდესაც საგზლად ამდენი ადამიანის ცრემლი, გულის ტკივილი მიგყვება – ესაა უმთავრესი.
“ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას! ეს ჯვარი ასე გამოისახება – სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხონებს” – ასე გვასწავლე. მადლობა, პატრიარქო. მართალთა თანა განისვენოს სულმან თქვენმან. ჩვენი ოჯახი ჩვენს წილ ცრემლს გატანს!
ეს სტატუსი ქადაგებიდან საგულდაგულოდ მქონდა შენახული! 2021 წლის 17 ოქტომბერი! ჩემი ნიკო ერთი თვის შეერთებული იყო ზეციურ საქართველოს!ფასდაუდებელი ფორმულაა”, – წერს იზა ომაძე და პატრიარქის შემდეგ სიტყვებს აქვეყნებს – “თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი”.


